ვიდრე ვაჟები წერტილს დაუსვავდნენ სამთოსათხილამურო სამყაროში ოლიმპიური მედლების გთამაშებას, იქამდე ერთი დღით ადრე, სტარტზე ქალები გავიდნენ.
24 საათი 01.03.10

ვიდრე ვაჟები წერტილს დაუსვავდნენ სამთოსათხილამურო სამყაროში ოლიმპიური მედლების გთამაშებას, იქამდე ერთი დღით ადრე, სტარტზე ქალები გავიდნენ.
მათ შორის იყო ქართველი ნინო წიკლაურიც, რომელმაც იქამდე საკუთარი ოლიმპიური დებიუტი გიგანტურ სლალომში დააჭაშნიკა. მართალია, პროლოგში ხელშესახებს ვერაფერს მიაღწია და 75-ე შედეგი აღმოაჩნდა, მაგრამ გაცილებით უკეთ იასპარეზა სლალომში, სადაც 50-ე იყო. მთავარი კი ისაა, რომ გამოცდილება მიიღო, რომელიც მთელი ცხოვრება გაყვება და სამერმისო შეჯიბრებებისთვის მნიშვნელოვანი დოზით კომპლექსს მოუხსნის. იქამდე კი ქალთა დასკვნითი ოლიმპიური ასპარეზობა დაძაბულად წარიმართა.
პირველი ცდის დარად მოთხილამურეებს ხელს უშლიდა თოვლი და ნისლი, რამაც მედლების შემდგომ გადანაწილებაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო სლალომისტმა ფრანგმა სანდრინ ობერმა (პირველ ცდაზე მეშიდე იყო) ერთი ხანობა ლიდერობაც იგდო და კვარცხლბეკებს დაჩვეულ ავსტრიელ ელიზაბეტ გიორგლს ფრთებიც შეუკვეცა, მაგრამ ფრანგის მოწინავე ზეობა დროებით აღმოჩნდა. ამასთან ობერის შემდეგ სტარტზე გასულმა ფინელმა ტანია პოუტიაინენმაც ვერ შეძლო მისთვის უპირატესობის ჩამორთმევა. ობერეის არ იყოს
დამაჯერებლად ჩაისრიალა ტრასა შვედმა მარია პიეტილა-ჰოლმნერმა და მედლის დასაკუთრების შანსიც გაუჩნდა, მაგრამ როგორც კი უისტლერის ტრასას ეკვეთა რიშების უმცროსი და სუზანა აშკარა გახდა, რომ ფრანგის პირველობას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. ახალგაზრდა გერმანელმა (პირველ ცდაზე მეოთხე იყო) კარგადაც დაიწყო დისტანციის გავლა, მაგრამ ფინიშის და მედლის სიახლოვეს მყოფმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და წაიქცა. მართალია, უმცროსი დისგან ერთგვარი ესტაფეტა უფროსმა მარია რიშმა ჩაიბარა, მაგრამ სუზანასთვის ეს ნუგეშად ვერ გამოდგებოდა - ფაქტობრივად დასაკუთრებული მედალი ფინიშის სწორზე გაანიავა.
ამასობაში ტრასაზე ავსტრიელი ლეგენდა მარლის შილდსმაც შეაბიჯა. შეაბიჯა კიდევ რბილი ნათქვამია. მის გამოჩენაზე ავსტრიელებს სული შეეკვრათ. ბენებრივიცაა, მისგან ყველა ოქროს ელოდა. შილდსმაც ის გააკეთა რისი გაკეთებაც შეეძლო - მეტად ტექნიკურად და სუფთად გაიარა და პიეტილაე-ჰოლმნერს 0.90 წამითაც გაასწრო, მაგრამ გამარჯვებულის კვარცხლბეკამდე ასასვლელად არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. ამ შემთხვევაში ბევრი რამ იმაზე იყო დამოკიდებული თუ როგორ იასპარეზებდა ჩეხი სარკა ზახრობსკა. ჩეხი მოთხილამურე პირველი ცდის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, მაგრამ შილდსთან არცთუ დიდი უპირატესობით - 15 მეასედი წამი. ასე რომ, ჩეხს ისღა დარჩენოდა მთელი არსენალი აემუშავებინა, რისკზე წასულიყო, ზღვარზე ეასპარეზა და საწადელისთვის მიეღწია. თავგამოდება კი ბრინჯაოს მედლით დაუფასდა, რომელიც ჩეხეთისთვის პირველი ვანკუვერული მედალიც აღმოჩნდა სპორტის ამ სახეობაში. ბრინჯაოსან შილდს 0,58 წამით ჩამორჩა.
და აი, შეჯიბრების კვანძის გახსნის დროც დადგა. გერმანელ მარია შილდს ვანკუვერში უკვე მოგებული ჰქონდა ოლიმპიური ოქრო (კომბინაციაში) და მეტად თავდაჯერებულადაც გამოიყურებოდა. ამასთან პირველი ცდა მსუყე უპირატესობითაც მოიგო. ასე რომ, ჩემპიონობასთან ახლოს მყოფმა მეორე ცდაც სრულიად გამოიყენა, მარია შილდს 0,43 წამით აჯობა და მერე ოქროს მედალიც დაისაკუთრა. ამგვარი მაჩვენებლით უფოსმა რიშმა საკუთარ მეგობარსა და მეტოქეს ამერიკელ ლინდსი ვონსაც აჯობა, რომელმაც თავის მხრივ იქამდე სწრაფდაშვებაში იზეიმა ჩემპიონობა და სუპერგინაგტში ბრინჯაო დაისაკუთრა.