ავსტრიის სამთო-მოთხილამურეთა ნაკრებს იმედი ჰქონდა, რომ გემრიელ ლუკმას ბოლოს იგემებდა.
24 საათი 01.03.10

ავსტრიის სამთო-მოთხილამურეთა ნაკრებს იმედი ჰქონდა, რომ გემრიელ ლუკმას ბოლოს იგემებდა.
ამბობდა კიდეც ავსტრიელი ბენი რაიხი, ყველაფერი გემრიელი ბოლოს არისო და ამაში ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების დასკვნით ასპარეზობას - ვაჟთა სლალომს გულისხმობდა. სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში ავსტრიელები ერთადერთხელ დარჩნენ ოლიმპიური მედლის გარეშე. ეს 1936 წლის გარმიშ პარტენკირხენის ოლიმპიურ თამაშებზე მოხდა. ავსტრიელთა კიდევ ერთი წარუმატებლობა უკავშირდება 1984 წელს - სარაევოს თამაშებს. მაშინ სწრაფდაშვებაში ბრინჯაოს მედლით ავსტრია სრული კრახისგან იხსნა ანტონ შტაინერმა. ისტორია გამეორდა - ავსტრიის უძლიერესი ნაკრები ბენჟამინ რაიხის, მანფრედ პრანგელის, რაინფრიდ ჰერბსტისა და მარსელ ჰირშერის შემადგენლობით კვარცხლბეკს მიღმა დარჩა. ტრასის მიღმა აღმოჩნდნენ ქართველები ჯაბა გელაშვილი და იასონ აბრამიშილიც. პირველმა ორივე ცდა გააფუჭა და 102 მონაწილეს შორის 87-ე ადგილი დაიკავა, მეორეს ორივე ცდაზე დისკვალიფიკაცია მისცეს და ბოლო ადგილი დაიკავა.
სამთო-მოთხილამურეთა მეორე და დასკვნითი შეჯიბრება ავსტრიის ნაკრებისთვის კრახით დასრულდა. წარუმატებლობასთან ახლოს იყვნენ იტალიელებიც. მართალია, ავსტრიის ნაკრებს ვერ შეედრებიან, მაგრამ უმედლოდ დარჩენა იტალიური სათხილამურო სკოლისთვისაც დიდი სირცხვილი იქნებოდა, რომ არა ჯულიანო რაცოლი, რომელმაც მას ჩემპიონობა მოუტანა.
იტალიელმა წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა პირველ ცდაზე, როცა უახლოეს მდევრებთან მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.
ოქროს მედლის გარეშე დარჩენით არანაკლებ გაწბილებულია ხორვატი ივიცა კოსტელიჩი. მსოფლიო ჩემპიონმა, კომბინაციაში ტურინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ვანკუვერის თამაშების ვერცხლის მედალოსანმა მისთვის საფირმო დისციპლინაშიც მეორე ადგილი დაიკავა. ხორვატს ერთი ნაბიჯით ჩამორჩა შვედი ანდრე მირერი.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ინტრიგა არ გამოვიდა. ავსტრიელმა ვაჟებმა სლალომისტთა ტრასა თავლაფდასხმულებმა დატოვეს. არადა, ხსენებული ოთხეულიდან ორმა (რაიხმა და ჰირშერმა) მეოთხე-მეხუთე ადგილები დაიკავა. სამგზის მსოფლიო ჩემპიონს, ტურინის თამაშების ორგზის ჩემპიონსა და სოლტ ლეიკ სიტის თამაშების ორი ბრინჯაოს მფლობელს ბენი რაიხს მესამე ადგილამდე ხუთი მეასედი წამი დააკლდა.
სამთო-მოთხილამურეთა სამყაროს ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა ტურინის თამაშებზე 14 მედალი დაისაკუთრა. ახლა კი შინ ოთხი ვანკუვერული მედლით (ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო) ბრუნდება, რომლებიც ავსტრიას ქალებმა მოუტანეს.