თითქმის ორი წელია, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური მატჩიც არ მოუგია.
24 საათი 02.03.10

თითქმის ორი წელია, რაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური მატჩიც არ მოუგია.
თემურ ქეცბიას, რომელმაც ქვეყნის მთავარი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში გუშინ პირველი წინასამატჩო პრესკონფერენცია ჩაატარა, მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ნაკრები, რომელსაც დამარცხებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდა, მოშლილი სათამაშო დისციპლინა, ბრძოლისუნარიანობის დაბალი მაჩვენებელი, ფეხბურთელების დაბალი სპორტული დონე. ასეთ ვითარებაში მაღალი მიზნების დასახვა სასაცილოა. ნაკრები, რომელიც არა მხოლოდ თავის შესარჩევ ჯგუფში, არამედ ევროპის და დანარჩენი კონტინენტების საკვალიფიკაციო ციკლში ერთ-ერთი უსუსტესი იყო და ათ თამაშში მხოლოდ სამი ქულა დააგროვა, მომდევნო ციკლში მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს.
ჩვენი მოთხოვნები როგორც ქეცბაიას, ისე გუნდის მიმართ რეალობის შესაბამისი უნდა იყოს. მთავარ მწვრთნელს, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში ორ ფეხბურთელთან - გურამ კაშიასთან და მალხაზ ასათიანთან ერთად მოვიდა, არ დაუმალავს, რომ მისი მთავარი ამოცანა გუნდში დამარცხებულის ფსიქოლოგიის დანგრევა და მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბებაა.
"რთული ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი. პირველ რიგში, აუცილებელია იმ უარყოფითი ფონის შეცვლა, რომელიც ეროვნულ გუნდშია შექმნილი. ვგულისხმობ დამარცხებულის ფსიქოლოგიას, რომელიც გუნდში სუფევს. ამას თავისი მიზეზები აქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაკრებს ერთი თამაშიც არ მოუგია, რაც, ცხადია, გავლენას მოახდენდა ფეხბურთელების განწყობაზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებმა გაიმარჯვოს და საკუთარი ძალების რწმენა დაიბრუნოს", - მიაჩნია თემურ ქეცბაიას.
მისი წინამორბედი ექტორ რაულ კუპერი შემადგენლობასთან დაკავშირებით ექსპერიმენტებს არ ერიდებოდა და ამის გამო მაღალი კლასის არაერთ ფეხბურთელს დაუკეტა ნაკრების კარი. მალხაზ ასათიანი, რომელიც ნაკრებს გუშინ შეუერთდა, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელია.
"მიხარია, რომ თემურ ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში გამომიძახა. ნაკრებში თამაში ყველასთვის უდიდესი პატივია. ამ საკითხებზე თემურ ქეცბაიას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ თურქეთში ვესაუბრე. მაშინ ითქვა, რომ ეროვნულის კარი ყველასთვის ღია იქნებოდა, მაგრამ გამოძახებას მიიღებდა ის ფეხბურთელი, რომელიც იმ კონკრეტული მატჩისთვის უკეთეს ფორმაში იქნებოდა. ეს სამართლიანი მიდგომაა. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ იქნება ნაკრების მთავარი მწვრთნელი - კუპერი თუ ქეცბაია. თუ გამომიძახებენ, ჩამოვალ და შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ", - განაცხადა მალხაზ ასათიანმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლოს 2008 წლის 6 სექტემბერს, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ შესარჩევ მატჩში ითამაშა.
საქართველოს ნაკრებს რამდენიმე დებიუტანტი ჰყავს, თუმცა, ეს უფრო ტრავმებით და გაუთვალისწინებელი გარემოებებით არის განპირობებული, ვიდრე მწვრთნელების დაგეგმილი გადაწყვეტილებით. დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა, რომელიც ბოლო ორი წელია ტრავმებმა გააწამა, ახლაც ფეხის ტრავმის გამო სამკურნალოდ ბელგიაში მიემგზავრება. გუნდს ვერ დაეხმარებიან მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი და მეკარე ნუკრი რევიშვილი. მათ ნაცვლად ნაკრებში დინამოელებს - ნახევარმცველ ალექსანდრე კოშკაძეს, ფორვარდ მათე ვაწაძეს და ლოკომოტიველ მეკარე მაქსიმე ქვილითაიას უხმო. მათ გარდა, ეროვნულ გუნდში კიდევ ორი ისეთი ფეხბურთელია (ლორია, კაშია), რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის კლუბებში ასპარეზობენ. კუპერი სწორედ ადგილობრივ ფეხბურთელებზე აკეთებდა აქცენტს.
"სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ვერ არის საჭირო დონეზე. მასში მონაწილე ფეხბურთელების სპორტული ოსტატობაც ხშირად ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც საერთაშორისო სტანდარტები ჰქვია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვინმესთვის ნაკრების კარი დახურულია ან ეროვნულ გუნდში მხოლოდ ლეგიონერებს მოვიწვევთ. ყველა, ვინც თამაშით დაიმსახურებს, აუცილებლად მოხვდება რჩეულთა შორის. დღეს კი არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ისეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები, როგორიც კალაძე და ასათიანი არიან, ნაკრებში არ გამოვიძახოთ და პერსპექტივაზე გათვლით გაცილებით გამოუცდელი ფეხბურთელი მივიწვიოთ", - მიაჩნია ქეცბაიას.
ხვალინდელ თამაშს საკვალიფიკაციო ტურნირში ჩვენი მეტოქე გუნდების წარმომადგენლებიც დაზვერავენ, თუმცა, ამ თვალსაზრისით, ინფორმაციულ ვაკუუმში არც ჩვენ ვიქნებით.
"ვიცი, რომ მეტოქეები ემისრებს გზავნიან ჩვენი თამაშის შესასწავლად, რაც ჩვეულებრივი აბავია. ამ, მხრივ, არც ჩვენ გვექნება პრობლემა. საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენს მოწინააღმდეგეებს პირადად მე კარგად ვიცნობ. მათი ყველა ბოლო თამაშის ვიდეოჩანაწერი გვექნება და სრულ წარმოდგენას შევიქმნით როგორც ფეხბურთელების იდივიდუალურ შესაძლებლობებზე, ისე გუნდურ მოქმედებებზე. ასე რომ, ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად მომზადებული ვიქნებით", - განაცხადა მწვრთნელმა.
იმის გამო, რომ ეროვნული ნაკრები გუნდების ტექნიკური ცენტრი "ბასა" სრულ მზადყოფნაში არ არის, ნაკრები "თბილისი მარიოტშია" დაბინავებული და საწვრთნელ პროცესს დიღომში, "დინამოს" ბაზაზე ატარებს.
"გასაგებია, რომ ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ორ-სამ თვეში ვერ გააკეთებდა იმას, რაც 20 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს წინა ხელმძღვანელებმა. სწორედ ამიტომ ბაზირებული ვართ სასტუმროში, სავარჯიშოდ კი დიღომში, "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე ავტობუსით გვიწევს სიარული. ეს დამატებით სირთულეებს გვიქმნის. დიდ მადლობას ვუხდი "დინამოს" ხელმძღვანელობას, რომელმაც დაგვითმო მოედნები. თუმცა, შესარჩევი ტურნირის მატჩების წინ ეროვნული გუნდი უფრო მშვიდ ვითარებაში უნდა ემზადებოდეს. შემოდგომამდე დიდი დროა და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ფეხბრუთის ფედერაცია ამ დროისთვის "ბასას" ტექნიკურ ცენტრს უმაღლეს დონეზე მომზადებულს დაგვახვედრებს", - აღნიშნა ქეცბაიამ.
ეროვნულმა გუნდმა გუშინ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჟურნალისტებისთვის დახურული ვარჯიში ჩაატარა, დღეს კი ეროვნულ არენაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.
3 მარტს გველის კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ასევე თბილისში გაიმართება. 15 საათზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში ესტონელ თანატოლებს გაეჯიბრება და შემოდგომაზე განცდილი მარცხის (0:2) გამო რევანშის აღებას შეეცდება. ამავე გუნდების ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 19 საათზე ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.