ვანკუვერმა ესტაფეტა სოჭს გადაულოცა
ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ისტორიის ნაწილი გახდა.
24 საათი 02.03.10
BC Place Stadium-ზე ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა
ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ისტორიის ნაწილი გახდა.
კანადელებმა BC Place Stadium-ზე თავშეყრილ ათიათასობით სტუმარს Live-ში შესთავაზეს ვანკუვერთან გამოსამშვიდობებელი საღამო. მათ შორის იყო ტელეეკრანებს მიჯაჭვული მილიონობით ადამიანი. როგორც კანადელები ამბობენ, თეთრ ოლიმპიადას ყოველდღიურად 3,5-მილიარდიანი აუდიტორია ადევნებდა თვალყურს.
კანადელებმა თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონია საკუთარი თავის დაცინვით დაიწყეს. სამუშაო კოსტიუმში გამოწყობილმა მასხარამ რის ვაი-ვაგლახით წამომართა ოლიმპიური ცეცხლის მეოთხე კოლონა, რომელიც გახსნის ცერემონიისას ტექნიკური გაუმართაობის გამო გაიჭედა.
მოქმედება მიმდინარეობდა 60 600 მაყურებლის თვალწინ, საგანგებოდ მოწყობილ სამ სცენაზე. დახურვის საზეიმო ცერემონიის მთავარი მომენტი, რა თქმა უნდა, იყო კანადის, საბერძნეთის (ოლიმპიური თამაშების სამშობლო) ჰიმნების შესრულება და დროშის დაშვება.
არცთუ ისე პოპულარული ჯგუფის - "ინუარდ აის" მუსიკის თანხლებით 1100 ახალგაზრდა სნოუბორდებით გავიდა სარბიელზე და სცენაზე ხუთი ოლიმპიური რგოლი, კანადის სიმბოლო - ნეკერჩხლის ფოთოლი და ციფრები - 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 გამოსახა. მერე თამაშების გასაცილებლად უკუღმა ათვლა დაიწყეს. ლოჟაში საკუთარი ადგილები დაიკავეს ოლიმპიადის მასპინძელი ინდიელთა ტომების ოთხმა ბელადმა - სკემიშმა, მასკიმმა, ლილუატმა და ცვეილ-ვაუტუსმა. მათ მიჰყვნენ კანადის პრემიერ-მინისტრი სტივენ ჰარპერი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგი.
ფიგურულ სრიალში ბრინჯაოს პრიზიორმა ჟოან როშემ სტადიონზე კანადის დროშა გამოიტანა. აჟღერდა ეროვნული ჰიმნი, რომელიც 14-ჯერ გაისმა თამაშების მსვლელობისას. მასპინძლებმა, გარდა იმისა, რომ ყველაზე მეტი - 14 ოქროს მედალი მოიპოვეს, ამ მაჩვენებლით ზამთრის ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენები გახდნენ. ესეც თქვენი კანადური სტუმარმასპინძლობა - მთელი მსოფლიოდან დაპატიჟეს სტუმრები და ტორტის ყველაზე დიდი ნაჭერი თავად დააგემოვნეს. ეს ისე, ხუმრობით.
ჰიმნის დასრულების შემდეგ გაიმართა სპორტსმენთა ტრადიციული აღლუმი. ამ მსვლელობას ორ სახეობაში - 50 კილომეტრზე სათხილამურო მარათონსა და ჰოკეიში გამარჯვებულთა დაჯილდოება მოჰყვა. ოქროს მედლების გადაცემა განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა კანადელებისთვის. მათმა ჰოკეისტებმა აშშ-ის ნაკრებს ჩემპიონობა არ დაანებეს და ისტორიის განმავლობაში მერვედ დაეუფლნენ ოქროს მედალს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
ბოლოს ოლიმპიური დროშის გადაცემის ცერემონიაც შედგა. ვანკუვერმა ესტაფეტა სოჭს გადაულოცა. ჯერ გაურკვეველია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საქართველო 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ჯერჯერობით ამის სურვილი არ არსებობს. თუ რუსეთი აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, საეჭვოა, ქართველმა ოლიმპიელებმა სოჭში იასაპარეზონ.
…ვანკუვერის XXI ზამთრის ოლიმპიური თამაშებში იასპარეზა 82 ქვეყნის 2,629 სპორტსმენმა. მედლები 26 ქვეყნის წარმომადგენლებმა გაინაწილეს. სპორტის შვიდი სახეობის 15 დისციპლინაში გათამაშდა მედლების 86 კომპლექტი. სპორტული ბატალიების გაშუქებით დაახლოებით 10 ათასი ჟურნალისტი იყო დაკავებული.
რამდენად იდეალურიც არ უნდა ყოფილიყო (რაც სიმართლეს არ შეეფერება) ვანკუვერის თამაშები, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში შავ ლაქად დარჩება 12 თებერვალი - დღე, როდესაც უისტლერის ტრასაზე ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.