ბიორგენი, ოლე და ოვი
შეიძლება ოდნავ დაგვაგვიანდა ვანკუვერის ყველაზე კარგი და ცუდი ტიპების ამორჩევა-დასახელება, მაგრამ მაინც ვცდი…
24 საათი 06.03.10
მარიტ ბიორგენი 5 მედლით ტანკზე გადაჯდა
შეიძლება ოდნავ დაგვაგვიანდა ვანკუვერის ყველაზე კარგი და ცუდი ტიპების ამორჩევა-დასახელება, მაგრამ მაინც ვცდი…
მთლიანობაში ოლიმპიადა ზამთრის წინა ფორუმზე უარესი იყო ბევრ ნიუანსში - უშუალოდ სპორტული არენებით დაწყებული, მონაწილეთა საერთო დონით დამთავრებული. მოკლედ, ვერ იყო ვანკუვერი ტურინივით გამართული და ეს ფაქტია. გმირები? იტალიაში არანორმალური შედეგი აჩვენა გერმანელმა ბიატლონისტმა მიკი გრაისმა, შვედი ჰოკეისტების ტრიუმფიც ალალი და კარგი სანახავი იყო, სხვები კი მათ უკან მისდევდნენ. …ვანკუვერში იყო ქალბატონი, რომელმაც, ყველგან, სადაც კი გამოჩნდა, სულ მცირე, ბრინჯაო აიღო და სამი ოქროც მოიპოვა. ეს იყო (და არის) ნორვეგიელი მოთხილამურე…
მაგრები
1. მარიტ ბიორგენი (ნორვეგია, ბარის თხილამურობა)
30 კილომეტრზე, მას-სტარტში ბიორგენი უფრო შემდეგი რბოლისთვის განწყობის, ფორმის შენარჩუნებისთვის გავიდა, მაგრამ ბოლოს ამოქაჩა ჩამორჩენა, გაასწრო ჯერ ერთ შვედს, მერე მეორეს, იტალიური ბრიგადაც ჩამოიტოვა და მეორე, მისთვის კი პირველ ადგილზე გავიდა. ამას ბიორგენმა "საშუალედო" მედალი დაარქვა და პრესკონფერენციაზე წაიცელქა - ეს ვერცხლი ჩემპიონის მედალზე ძვირფასიაო.
ვერ მოიგო მარიტმა თავისუფალი სტილით 10-კილომეტრიანი რბოლა, დანარჩენ დისტანციებზე კი მართლაც არარეალური იყო მისი დროის გაუმჯობესება.
15 კილომეტრი გამოდევნებით, სადაც ნახევარი დისტანცია კლასიკურით, მეორე ნაწილი კი თავისუფალი სტილით იყო გასავლელი, ბიორგენმა ფენომენალურად გაიარა. იგივე გამეორდა ესტაფეტასა და ინდვიდუალურ სპრინტშიც. გოგონამ, რომელიც ტურინშიც უნდა გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი და რომელმაც იტალიური თოვლ-სუსხიდან ერთადერთი ვერცხლი წამოიღო, კანადაში სრული რეაბილიტაცია მოახდინა და, როგორც ხუთი წლის წინ, ალბათ, წელს მეორედ უნდა გახდეს თავის ქვეყანაში წლის საუკეთესო სპორტსმენი.
2. მაიკ ბებკოკი (კანადა, ჰოკეის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
კანადის ჰოკეისტთა ნაკრებში ბევრი ქარიზმატული ფიგურა, უამრავი ლიდერი და, თავის გუნდში რომ კაპიტნობს, ისეთი ხალხი იყო. ძნელი იყო ამ ვარსკვლავების ერთ გუნდად შეკვრა, რაც იდეალურად გააკეთა მაიკ ბებკოკმა. ძდეტროიტში" ანუ ბებკოკის პერმანენტულ სამუშაოზე მაიკი პირველ რიგში ფსიქოლოგია და უკვე მერე - სქემების, მონახაზების შემქმნელ-ამხსნელი.
კანადამ მძიმედ დაიწყო ტურნირი, რომელიც, რომ არ მოეგო, მართლა ვერ გაიგებდნენ, რატომ და რის გამო… კანადას, რომელმაც ორი წლის წინ კანადაშივე წააგო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ახლა წაგების უფლება არ ჰქონდა. თუ თავის საუკეთესო თამაშს ითამაშებდა, ეს რუსეთთან უნდა გაეკეთებინა. იმ რუსეთთან, რომელმაც ორი წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოუგო და მერე შარშანაც ფინალში აჯობა.
რუსეთთან კროსბიმ, ჰიტლიმ, პერიმ და გეცლაფმა კი არა, ბებკოკმა იფრინა. და მერე, როდესაც ყველაფერი მორჩა, სამწვრთნელო სკამში ჩამჯდარი არიელი სიგარას აბოლებდა. ერთი იტალიელი მწვრთნელისა არ იყოს, ნაღდად დაიმსახურა.
3. ოლე-აინარ ბიორნდალენი (ნორვეგია, ბიატლონი)
ამ კაცზე ბევრი დავწერეთ, კიდევ ბევრს დავწერთ და ბევრს გვეწყინა, რომ ბიორნდალენმა ესტაფეტის დაწყებამდე თქვა, ეს ჩემი ბოლო ოლიმპიადააო. შეიძლება მოგწონდეს ან, პირიქით, გაღიზიანებდეს ეს მაღალი ვიკინგი, მაგრამ თუ სპორტის ამ სახეობაში ასე თუ ისე ერკვევი და იცი, რომ ოლეს მერე ყველაზე მაგარი ნორვეგიელი ემილ ჰეგლე სვენდსენი იქნება, მაშინ…
მაშინ ეს კაციც იცით და ისიც მშვენივრად გემახსოვრებათ, რომ ბიატლონი, რომელიც ზამთრის სახეობებში თითქმის ყოველთვის უკანა პლანზე იყო, საინტერესოდ და შედარებით პოპულარულად ოლე-აინარ ბიორნდალენმა აქცია.
ერთადერთი ოქროთი მან უფრო მეტი მოიგო, უფრო მეტი გააკეთა ქვეყნისთვის, საკუთარი თავისთვის, ვიდრე ვანკუვერის სხვა, მედლებით მასზე დამძიმებულმა ჩემპიონებმა.
არამაგრები
1. რუსეთის ოლიმპიური ნაკრები, რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრები, ალექს ოვეჩკინი
ყველა დროის ანტირეკორდი ჯამური და უმაღლესი ხარისხის მედლებში, პირველი შემთხვევა ძალიან დიდი ხნის მერე, როდესაც ამ ნაკრებმა ფიგურულ სრიალში ოქრო ვერ წამოიღო და ყველაზე დიდი დარტყმა იქ, სადაც მთელი რუსეთი მარტო ოქროს კი არა, დომინაციას და ფეერიულ თამაშს ელოდა.
პლიუშენკომ ოთხმაგი კასკადი გააკეთა. იმას, ვინც ჟენიას გაასწრო, მარტო სამმაგი ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში პლიუშენკოზე სოლიდურად, უშეცდომოდ ისრიალ-იხტუნავა და ოქრო დამსახურებულად აიღო.
მერე წამოვიდა რუსული დეგრადირებული კრიტიკა, ჟენია "დაწვეს", ძგადაბუგეს", "მიაჩმორეს" და, მოკლედ, რა აღარ უქნესო…
ბიატლონში რუსებმა ორი ოქრო აიღეს და ესეც მილიარდერი პროხოროვის დამსახურებაა. ამ კაცმა სამოთხეში აცხოვრა, მოამზადა უსტიუგოვ-შიპულინები და შედეგიც მარტო აქ ჰქონდათ მედვედევ-პუტინის "ტავარიშჩებს".
ჰოკეიში კი…
მეც მეგონა, რომ ნაკრები, რომელიც რუსებმა ვანკუვერში ჩაიყვანეს, მხოლოდ კანადასთან თუ წააგებდა და ისიც არა უკანასკნელად მსაჯების ფაქტორის გამო.
რუსებს კანადამაც მოუგო და მანამდე სლოვაკეთმაც, მაგრამ თუ პირველი წაგება ოვეჩკინის და დანარჩენი ვარსკვლავების "მოდუნებით" აიხსნა, კანადასთან რუსეთი გდრ-ის დროის იაფფასიანი პორნოფილმების პერსონაჟი იყო, ოპონენტი კი - სპილბერგის… თუნდაც, ინდიანა ჯონსი.
ოვეჩკინი მაგარი ბიჭია, მალკინი "პიტსბურგში" მოსაგებს სიდ კროსბიზე ხშირად და ლამაზად იგებს, მაგრამ რუსებს არ ჰყოლიათ გუნდი, ორმა-სამმა ინდივიდუალისტმა კი ბევრი ვერაფერი მოახერხა.
და ვინ იყო საუკეთესო ამ ნაკრებში? 40 წელს გადაცილებული სერგეი ფიოდორვი, რომელიც, ამერიკაში რომ საუკეთესო ხდებოდა, ოვეჩკინი იმ დროს მანეჟში რეზინის სპილოთი თამაშობდა...
ოლიმპიურ სოფელში რომ მივიდნენ, ალექსს რუსი ჟურნალისტი მიუახლოვდა, ორი სიტყვა გვითხარიო. როგორც ნაღდმა პროფესიონალმა, ოვიმ ჯერ ორი სიტყვა "პაშლი ვი" უთხრა, მერე ოპერატორს კამერა მიულეწა და ეგრე დასრულდა "კეპიტალზის", მსოფლიოს საუკეთესო ჰოკეისტისთვის ვანკუვერის ოლიმპიური თამაშები.
ოლიმპიადის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ, როცა ჰოკეისტების ფიასკო მოხდა, მოსკოვში დაიწყეს კოშმარის გამოძიება. ბევრი ითქვა, უფრო მეტი დაიწერა. ყველაზე ლაკონიურად კი მომხდარი პუტინმა შეაფასა: "ბუდემ რაზბირატსა".