ფრანც ბეკენბაუერი: "რიბერის აგენტებს ფულის გაკეთება სურთ"
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ ფრანკ რიბერის მომავალი სულ მალე გაირკვევა.
24 საათი 11.03.10
კაიზერ ფრანცის ფავორიტები - ესპანეთი და ბრაზილია
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ ფრანკ რიბერის მომავალი სულ მალე გაირკვევა.
გამოცემა SPORT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კაიზერ ფრანცი ამ და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს.
- ლიო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია?
- ამას წინათ ფიფამ ის საუკეთესოდ დაასახელა. მე ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის აზრს ვიზიარებ. დიახ, ლიონელ მესი საუკეთესოა და ტიტული სამართლიანად მოიგო.
- არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც მას კონკურენციას გაუწევდნენ?
- ვფიქრობ, არიან ფეხბურთელები, რომლებიც მესის დონეზე თამაშობენ, თუმცა, გავიმეორებ: დღეს მესი საუკეთესოა და მისი ბადალი არავინაა. კრიშტიანუ რონალდუ, კაკა და თუნდაც რიბერი მასთან ახლოს არიან.
- რიბერი ახსენეთ და არ შეიძლება არ გკითხოთ. ამბობენ, მომავალ სეზონში ის "ბაიერნში" აღარ ითამაშებს…
- ჯერჯერობით რიბერის "ბაიერნთან" კონტრაქტი აკავშირებს, რომლის ვადა 2011 წლის 30 ივნისს იწურება.
- ეს ხომ არაფერს ნიშნავს.
- რა თქმა უნდა. მისი აგენტები ყველაფერს აკეთებენ, რათა რიბერი გაყიდონ. მათ მხოლოდ ფინანსური მოგება ამოძრავებთ, უნდათ, რაც შეიძლება, მეტი ფული იშოვონ რიბერის გაყიდვით.
- როგორ ფიქრობთ, რა მოხდება მომავალში - დატოვებს რიბერი "ბაიერნს? დარჩება კლუბში, თუ ეს საკითხი კიდევ დიდხანს დარჩება ღიად?
- ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუმცა, დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს. ყველაფერი უახლოეს ორ კვირაში უნდა გაირკვეს.
- "ბაიერნს" თუ სურს რიბერის შენარჩუნება?
- რა თქმა უნდა, თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი კლუბზე როდია დამოკიდებული. დარჩება თუ არა რიბერი კლუბში, ეს თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია. ერთი რამ ფაქტია: ამჟამად "ბაიერნი" აშკარად პროგრესირებს და, წესით, ფრანკმა ეს უნდა გაითვალისწინოს.
- შეძლებს თუ არა "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მოგებას?
- ვნახოთ, შეუძლებელი არაფერია. ფინალზე საუბარი ჯერ ადრეა. "ბაიერნი" უკვე მეოთხედფინალშია. ახლა გავიგებთ, შეძლებენ თუ არა იგივეს გაკეთებას სხვა გრანდები. "ჩელსის" მილანში წაგებული თამაშის შემდეგ, განმეორებით მატჩში, ძალიან გაუჭირდება. შესაშური ვითარება არც მადრიდის "რეალს" აქვს (ინტერვიუ "რეალი"-"ლიონის" თამაშამდეა აღებული).
- "ბარსელონა" თუ შეძლებს ზედიზედ მეორე ტიტულის მოგებას?
- ამ გუნდს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. ვფიქრობ, შეძლებს.
- ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე გვითხარით ორიოდე სიტყვა.
- ესპანეთი ევროპის ჩემპიონია და ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მომავალი მუნდიალის მთავარ ფავორიტად მიმაჩნია. ამ ორი გუნდის შემდეგ მოდიან გერმანია, ინგლისი და არგენტინა. თუმცა, პირველ რიგში მაინც ესპანეთი და ბრაზილია.