“პუმების” აღიარება
არგენტინის მორაგბეთა ნაკრები დაიჩაგრა - “პუმები” ერთი მსოფლიო თასიდან მეორემდე მხოლოდ ტესტმატჩებს თუ მართავენ, მნიშვნელოვან ტურნირში თამაშის საშუალება კი არა აქვთ.
24 საათი 31.03.10
არგენტინის ნაკრები სამ ერზე ითამაშებს
არგენტინის მორაგბეთა ნაკრები დაიჩაგრა - “პუმები” ერთი მსოფლიო თასიდან მეორემდე მხოლოდ ტესტმატჩებს თუ მართავენ, მნიშვნელოვან ტურნირში თამაშის საშუალება კი არა აქვთ.
ევროპული რაგბის ბობოლები ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილეობენ, სამხრეთ ნახევარსფეროს კი სამი ერის გათამაშება აქვს (ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა). ასე რომ, ყველა საუკეთესო გუნდი თამაშობს, არგენტინელები კი იჩაგრებიან. შექმნილი ვითარების გამოსწორება დიდი ხანია იგეგმება, თუმცა, მეტისმეტად კონსერვატორული IRB მაინც ერიდებოდა სამი ერის გათამაშებაში “პუმების” დამატებას. მაგრამ ყინული დაიძრა - სულ მალე არგენტინა სამხრეთ ნახევარსფეროს უმნიშვნელოვანეს ტურნირში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მსოფლიო თასზე არგენტინის ნაკრები ჩვენი მეტოქეა.
გუშინ რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტი, რომელიც არგენტინის სამ ერში გაწევრიანებას ითვალისწინებს, 10 მილიონი დოლარით დაფინანსდება.
“დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. არგენტინის ნაკრების პროგრესზე საუბარი, ვფიქრობ, ზედმეტია. ამ გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიძლიერე. არგენტინაში რაგბი უაღრესად პოპულარულია და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა სამი ერის გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა. თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია. სულ მალე “პუმებს” სამ ერზე ვიხილავთ”, - აცხადებს IRB-ს ხელმძღვანელი ბერნარდ ლაპასეტი.
2007 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში არგენტინის ნაკრებმა ფანტასტიკური თამაში აჩვენა - ნახევარფინალში გავიდა და მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავა.