უცხოეთის სპორტი 2011
დასასრულს მიუახლოვდა 2011 წელი ამ წელს არც ოლიმპიური თამაშები ყოფილა და არც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი.
24 საათი 31.12.11
დასასრულს მიუახლოვდა 2011 წელი ამ წელს არც ოლიმპიური თამაშები ყოფილა და არც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი.
ეს ორი სპორტული ღონისძიება კი ევროპელთათვის ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. 2011 წელი ერთი ჩვეულებრივი წელი გამოდგა, რომელსაც თავისი გმირებიც ჰყავდა და ანტიგმირებიც. წლის ბოლოს, ჩვეულებისამებრ, შედეგებს აჯამებენ. ჩვენც სწორედ ამას შევეცდებით.
ფეხბურთი
2011 წელს ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო ტურნირად, წესით, "კოპა ამერიკა" უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ სამხრეთ ამერიკის პირველობას არგენტინელები და ბრაზილიელები არ აღიქვამენ სერიოზულად. ამიტომ ტურნირის მიმართ ინტერესი კლებულობს. აშკარაა, რომ ევროპაში მოთამაშე სამხრეთამერიკელი ვარსკვლავებისთვის საკლუბო ინტერესები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ნაკრების რიგებში კოპა ამერიკაზე თამაში, რაც წლევანდელმა ტურნირმაც დაადასტურა. ბრაზილიამ და არგენტინამ კოპა პირწმინდად ჩააგდეს, რითაც ურუგვაის ნაკრებმა ისარგებლა და კონტინენტის ჩემპონის ტიტული მოიგო. ევროპაში კი კვლავ "ბარსელონას" ზეობის პერიოდი დგას. კატალონიურმა გრანდმა ამჯერადაც ყველაფერი მოიგო (ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი). გამონაკლისი მხოლოდ ესპანეთის სამეფო თასი იყო. 2011 წელი იმითაც შევა ისტორიაში, რომ რეკორდული შვიდი კლასიკო ვიხილეთ. კატალონიურმა გრანდმა კიდევ ერთხელ უჩვენა მსოფლიოს, თუ როგორ უნდა თამაშობდნენ ფეხბურთს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ასეთ ფეხბურთს, "ბარსას" გარდა, ვერავინ თამაშობს. მესიმ წლევანდელი სეზონიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მართალია, კატალონიური გუნდის არგენტინელმა ლიდერმა კოპა ამერიკა ჩააგდო, მაგრამ "ბარსას" შემადგენლობაში იმდენად შთამბეჭდავად ითამაშა, რომ, წესით, "ოქროს ბურთი" ზედიზედ მესამედ უნდა მოიგოს, რითაც მიშელ პლატინის რეკორდს გაიმეორებს. 2011 წელს ევრო 2012-ის ყველა მონაწილეც გაირკვა. შესარჩევმა ციკლმა განსაკუთრებული სენსაციების გარეშე ჩაიარა. მნიშვნელოვანი სატრანსფერო მოვლენებიდან სესკ ფაბრეგასის "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა აღინიშნოს. მსოფლიო საფეხბურთო ბაზარზე გამოჩნდა კიდევ ერთი მილიარდერი მოთამაშე, რომელიც ფულის ხარჯვას არ ერიდება. თუ აქამდე ამ მხრივ "ჩელსი" და "სიტი" იყვნენ მოდის ფუძემდებლები, ახლა ორ ინგლისურ კლუბს კონკურენციას უწევს რუსული "ანჟი", რომლის მფლობელს, სულეიმან კერიმოვს ბევრი ფული აქვს და ვარსკვლავების ყიდვა აკვიატებულ იდეად ექცა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენა იყო ფიფას პრეზიდენტის არჩევნები. მართალია, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევას სკანდალური ელფერი დაჰკრავდა, მაგრამ ბოლო დროს ბლატერი და სკანდალები ერთმანეთისგან განუყოფელია. ბლატერმა თანამდებობა შეინარჩუნა და 2015 წლამდე უხელმძღვანელებს ფეხბურთს.
კალათბურთი
2011 წელი კალათბურთის ისტორიაში დირკ ნოვიცკის წლად შევა. გერმანელმა სუპერვარსკვლავმა, როგორც იქნა, აასრულა მარკ კიუბანის ოცნება და "დალასს" ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. მართალია, ამის შემდეგ ნოვიცკი ევროპის პირველობაზე არ ბრწყინავდა, მაგრამ კარიერის მთავარი გამარჯვება მან მოიპოვა და ესეც საკმარისია. "დალასს" ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად არავინ თვლიდა, მაგრამ ნოვიცკიმ და კომპანიამ ფლეი-ოფში საოცარი თამაში აჩვენეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ნოვიცკის ღვაწლი გერმანიაში დაფასდა. სამშობლოში დირკი წლის სპორტსმენად აღიარეს. ეს მაშინ, როდესაც ფორმულა 1-ის ჩემპიონატი გერმანელმა სებასტიან ფეტელმა მოიგო და ყველა შესაძლო რეკორდი დაამყარა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, პირველად ამ ტურნირის არსებობის მანძილზე, კონტინენტის პირველობაზე 16-ის ნაცვლად 24 გუნდი ვიხილეთ. ექსპერიმენტმა გაამართლა, ტურნირზე იოლი მატჩები არავის ჰქონია. ესპანეთმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ, სულ მცირე, ევროპაში საუკეთესოა.
რა თქმა უნდა, კალათბურთზე საუბრისას არ შეიძელბა არ შევეხოთ ყბადაღებულ ლოკაუტს. ამის გამო NBA-ს სეზონი თითქმის განახევრდა. ლიგის ხელმძღვანელები და მოთამაშეები ახალ კოლექტიურ შეთანხმებაზე კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ ხელის მოწერას. NBA-ს ზოგიერთმა ვარსკვლავმა გარკვეული დრო ევროპაშიც კი გაატარა, თუმცა, წლის ბოლოს შეთანხმება მაინც მოხერხდა. სულ მალე NBA-ს რეგულარული სეზონი აიღებს სტარტს.
ჩოგბურთი
2011 ნოვაკ ჯოკოვიჩისა და პეტრა კვიტოვას წლად იქცა. სერბმა ჩოგბურთელმა მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მოიგო სამი მეიჯორი და, "როლან გაროზე", ნახევარფინალში, როჯერ ფედერერთან წაგებული თამაში რომ არა, იქნებ დიდი სლემისთვისაც გამოეკრა ხელი. რაფაელ ნადალს ნოვაკი ამ წელს არაერთ ფინალში დაუპირისპირდა და ყველა მატჩში მიწასთან გაასწორა. ჯოკოვიჩმა ფანტასტიკური სეზონი გამართა და წელიც პირველ ჩოგნად დაასრულა. არანაკლებ შთამბეჭდავი გამოდგა წელი ჩეხი პეტრა კვიტოვასთვის. უიმბლდონის ტურნირის მოგებით მან საჩოგბურთო ელიტაში შეაბიჯა და, როგორც ჩანს, კარგა ხანს აპირებს იქ დარჩენას. პეტრამ, უიმბლდონთან ერთად, წლის შემაჯამებელი ტურნირიც მოიგო. კიდევ ერთი ტიტული, რომელიც ჩეხმა წლეულს დაისაკუთრა, ფედერაციის თასია. მოკლედ, საჩოგბურთო სამყაროში 2011 წელს კვიტოვა და ჯოკოვიჩი დომინირებდნენ, თუმცა აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს უბერებელი როჯერ ფედერერი, რომელმაც წლის ბოლო უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ზედიზედ სამი ტურნირი მოიგო, მათ შორის, სეზონის შემაჯამებელიც.
ფორმულა 1
"რედ ბული" და სებასტიან ფეტელი. 2011 წელს მათ ბადალი არ ჰყავდათ. ფეტელმა ფორმულა 1-ის ჩემპიონატი 392 ქულით დაასრულა, მისმა უახლოესმა მდევარმა ჯეისონ ბატონმა კი მხოლოდ 270 დააგროვა. ასეთი დიდი უპირატესობით კარგა ხანია არავის მოუგია. არანაკლებ შთამბეჭდავია "რედ ბულის" უპირატესობა დანარჩენ გუნდებზე. კონსტრუქტორთა დავაში ამ საჯინიბომ 650 ქულა აიღო, მეორე ადგილზე გასულმა "მაკლარენმა" კი - მხოლოდ 497. მოკლედ, მიმდინარე წელს ფორმულა 1-ის ტრასებზე სებასტიან ფეტელის "რედ ბულის" ბოლიდს კონკურენტი არ ჰყოლია.
რაგბი
რაღა თქმა უნდა, 2011 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი ახალ ზელანდიაში გამართული რაგბის მსოფლიო თასი იყო. მართალია, პოპულარობით რაგბის მსოფლიო თასი ვერც საფეხბურთო მუნდიალს შეედრება და ვერც ოლიმპიურ თამაშებს, მაგრამ სპორტის ეს სახეობა თანდათან იხვეჭს პოპულარობას და სარაგბო მსოფლიო თასის მაყურებელთა რიცხვიც წლიდან წლამდე იზრდება.
ახალ ზელანდიაში გამართული ტურნირი საინტერესო გამოდგა. 24-წლიანი პაუზის შემდეგ "ოლ ბლექსმა" მსოფლიოს უძლერესი გუნდის ტიტული მოიპოვა. თუმცა, წლევანდელ მსოფლიო თასზე არანაკლებ წარმატებას მიაღწია საფრანგეთის ნაკრებმა. "ლეს ბლუსს" ფინალში არავინ ელოდა. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ტონგასთან დამარცხდა, მაგრამ ფრანგებმა შეუძლებელი შეძლეს და ფინალში გავიდნენ. იქ კი "ოლ ბლექსს" მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ახალმა ზელანდიამ გადამწყვეტი მატჩი ერთი ქულით მოიგო. არადა, მანამდე ყველა შეხვედრაში სრულ უპირატესობას ფლობდა.
სხვადასხვა
სხვა მოვლენებდან, ცხადია, არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ველოსპორტი. 2011 წელს ესპანელი ალბერტო კონტადორი შეუძლებელის გაკეთებას გეგმავდა. მას სურდა ჯიროს, ტურისა და ვუელტას მოგება. ჯირო დ’იტალიაზე კონტადორმა გაიმარჯვა, მაგრამ ტური ჩააგდო, მერე კი ვუელტაზეც ჩაიქნია ხელი. ტური, როგორც იქნა, მოიგო ვეტერანმა ავსტრალიელმა კეიდელ ევანსმა.
2011 ოლიმპიური თამაშების წინა წელი იყო. სპორტსმენები მთელი დატვირთვით ემზადებიან ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის. დიდ სპორტს დაუბრუნდა ცურვის ცოცხალი ლეგენდა, ავსტრალიელი იან ტორპი, რომელიც ლონდონის ოლიმპიური თამაშების მოგებას გეგმავს. იგივე მიზანი აქვს მაიკლ ფელპსსაც, რომელმაც წლეულს რამდენჯერმე შეგვახსენა თავი, თუმცა რაიმე განსაკუთრებული შედეგები არ უჩვენებია. ლონდონის ოლიმპიური თამაშების კიდევ ერთი სავარაუდო ფავორიტი უსეინ ბოლტი წლეულს ასევე არ ბრწყინავდა. იამაიკელმა მედიასთან ურთიერთობაში უფრო იაქტიურა, ვიდრე სარბენ ბილიკებზე. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ოლიმპიური თამაშებისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
ასეთი იყო 2011 წელი. ჩვენ კი წინ გველის სპორტული თვალსაზრისით დატვირთული 2012 წელი, რომლის ორი მთავარი მოვლენა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი და ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იქნება.