ოლიმპიზმმა რჩეულები ოფიციალურად გაახმოვანა
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც საკუთარი რჩეულები გამოავლინა.
24 საათი 02.02.12
გია ნაცვლიშვილმა საუკეთესოები დააჯილდოვა
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც საკუთარი რჩეულები გამოავლინა.
2011 წლის საუკეთესო სპორტსმენთა, გუნდთა თუ მწვრთნელთა ნუსხა მანამდეც გაახმოვანა, მაგრამ გარკვეული გრაფიკის გამო, რჩეულთა დაჯილდოვება აქამდე არ მოხერხდა, გუშინ კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ოლიმპიზმის მამათა რჩეულები ოფიციალურად გახმოვანდნენ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აქცენტი, რა თქმა უნდა, ოლიმპიურ სახეობებზე გაკეთდა. ამის მიუხედავად, რჩეულთა შორის არიან არაოლიმპიური სახეობის წარმომადგენლებიც - მათ შორის რვა არაგუნდური სახეობის წარმომადგენელი, რაც სულაც არაა გასაკვირი. ქართული სპორტის ისტორიას თუ გადავხედავთ თუ კი რამე ხელშესახები შედეგისთვის მიგვიღწევია, ძირითადად ინდივიდუალურ სახეობებში. რა თქმა უნდა, გამწევი ძალა ყოველთვის საჭიდაო სახეობები ყოფილა - თავისუფალი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძიუდო.
და თუ ვინმეს გუნდურ სახეობებში უასპარეზია, ეს პლაჟის ფრენბურთის წარმომადგენლები არიან და ისინიც, ნატურალიზებული ქართველი ბრაზილიელები, რომლებიც სავარაუდოდ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზებენ.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საკუთარი რჩეულები გუშინდლამდეც გამოავლინა, მაგრამ მათი ოფიციალური დაჯილდოვება აქამდე ვერ მოხერხდა.
და მაინც, როგორც არ უნდა იყოს, სეოკ-ის რჩეულთა შორის ათი ლაურეატია. პლუს ცალკეულ ნომინაციებში გამარჯვებულნი.
მაშ ასე, 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, რომელმაც ტურინის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელმა მშვილდოსანთა ინდივიდუალურ სახეობაში მედალი დაისაკუთრა. ქრისტინე ესებუამ, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.
გამოვლინდნენ საუკეთესო მწვრთნელებიც და აქაც ერთ გზას მშვილდოსნობასთან მივყავართ, მეორეს თავისუფალ ჭიდაობასთან.
...მშვილდოსნობის ფედერაციაში კორეელი მწვრთნელის ჰეიუნგ სეიუნგის აყვანამ რომ გაამართლა აშკარაა. ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიოზიორმა საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრებმა ზამთრის, გნებავთ ჭერქვეშა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ოქროსაც გაუსინჯა გემო. მსგავსი შედეგი კი საქართველოს მშვილდოსნობის სკოლას აქამდე არ ჰქონია.
კორეელ მწვრთნელთან თანაზიარი აღმოჩნდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა თურმანიძეც, რომლის სამწყსოდან ოთხმა ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიები დაისაკუთრა.
სეოკ-ის ნომინანტთა შორისაა ოლიმპიური იმედი. ასეთი კი ბექა ღვინიაშვილია, რომელმაც შარშან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონობაც. ბევრჯერ ითქვა ისიც, რომ მისი სახით დღეს ოლიმპიური იმედი გვყავს, მაგრამ ხვალ უკვე ოლიმპიური მედალოსანი. შთაბეჭდილების შესაქმნელად ისიც ვთქვათ, რომ 16 წლისაა და წლეულს ძიუდოისტთა მსოფლიო თასზე დიდებს შორის ტატამი ვიცე-ჩემპიონის რანგში დატოვა.
გამოვლინდა 2011 წლის ნაკრებიც. გუშინდელ დაჯილდოვების ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა თქვა, ყველაზე რთული საუკეთესო ნაკრების გამოვლენა იყო, რადგან არჩევანი საქართველოს კალათბურთელთა და მორაგბეთა ნაკრებზე უნდა გაგვეკეთებინაო. და მაინც, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ არჩევანი ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზე გასულ ბორჯღალოსნებზე გაკეთდა.
გამოვლინდა საუკეთესო მეცანატიც. ასეთი კი გახდა კომპანია "ავერსის" პრეზიდენტი პაატა კურტანიძე, რომლის წყალობითაც სეოკ-სა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის შედგა უნიკალური ხელშეკრულება, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების მედიკამენტებით უზრუნველყოფას და მათ უფასო გამოკვლევას. როგორც შემდგომ გაირკვა კომპანია "ავერსმა" ამ საქმისთვის 450 ათასი ლარი გაიღო.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2011 წლის რჩეულნი:
1. საუკეთესო სპორტსმენი: ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა)
2. საუკეთესო მწვრთნელი: ზაზა თურმანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
3. საუკეთესო ჟურნალისტი: ელენე ბილიხოძე (საზოგადოებრივი რადიო)
4. საუკეთესო ნაკრები: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
5. საუკეთესო რეგიონი: აჭარა
6. საუკეთესო მეცენატი: პაატა კურტანიძე ("ავერსი")
7. ოლიმპიური იმედი: ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო)
საუკეთესო ათეული
ანბანის მიხდევით:
1. მამუკა გორგოძე (რაგბი)
2. ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა)
3. რევაზ ლაშხი (ბერძნულ რომაული ჭიდაობა)
4. დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
5. გია მაჭავარიანი (ძალოსნობა)
6. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
7. ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი)
8. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
9. მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ რომაული ჭიდაობა)
10. დავით ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)