ევროპამ ტევესს ზურგი აქცია
1 თებერვალს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.
24 საათი 03.02.12
კარლოს ტევესი ზაფხულამდე ახალი კლუბის მოლოდინში იქნება
1 თებერვალს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.
კარლოს ტევესმა "სიტის" დატოვება მაინც ვერ მოახერხა. კლუბების უდიდესმა ნაწილმა კი ფულის ხარჯვა არ მოინდომა და საიჯარო ხელშეკრულებებით შემოიფარგლა.
გასული წლის ზამთრისგან განსხვავებით, წლევანდელი სატრანსფერო სეზონი მოკრძალებული გამოდგა. ერთი წლის წინ ფეხბურთის ფანები სულმოუთქმელად ადევნებდნენ თვალყურს, თუ როგორ ხდებოდა ფერნანდო ტორესის სენსაციური ტრანსფერი "ლივერპულიდან" "ჩელსიში", შემდეგ კი როგორ იყიდა მიღებული თანხით "ლივერპულმა" სუარესი და კეროლი. ახლახან დახურულმა სატრანსფერო ფანჯარამ ასეთივე ემოციები არ გამოიწვია. "ჩელსის" ყველაზე მსუყე ტრანსფერი "ბოლტონიდან" გარი კეიჰილის შეძენა იყო, რაც 7 მილიონი გირვანქა დაჯდა. "მანჩესტერ სიტიმ" კი სატრანსფერო ბაზარზე საერთოდ არ იაქტიურა - "ქალაქურმა" კლუბმა უარი თქვა ძვირად ღირებულ ტრანსფერებზე. ამის მიზეზი შეიძლება ისიცაა, რომ სულ მალე ძალაში შედის ფინანსური ფეარ ფლეის კანონები და კლუბები ამისთვის ემზადებიან. თანაც, საფეხბურთო კლუბებზე მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმაც იმოქმედა. ამ ფონზე ზამთრის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერები რუსეთში განხორციელდა და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ მხრივ მახაჩყალის "ანჟი" მთავარი გმირი არ ყოფილა. იაქტიურეს "დინამომ" და "ლოკომოტივმა". ზამთრის ყველაზე ძვირად ღირებულ ტრანსფერად კი ბლაჟ ჯუჯაკის "ანჟიდან" მოსკოვის "დინამოში" გადასვლა ითვლება. დედაქალაქურმა კლუბმა დაღესტნურ გუნდს 19 მილიონი ევრო გადაუხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ტევესის ტრანსფერი არ შედგა, სატრანსფერო პერიოდის მთავარ გმირად მაინც კარლოს ტევესი იქცა. არგენტინელი საბოლოოდ შემოსწყრა რობერტო მანჩინის და "სიტიში» აღარ დაედგომება. ტევესის შეძენით ჯერ კიდევ გასულ წელს რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული.
ახლა არგენტინელი მეგოლის შეძენის სურვილი სამმა სოლიდურმა კლუბმა გამოთქვა. ყველაზე მეტად "მილანი" აქტიურობდა. "როსონერის" მესვეურები ფეხბურთელს კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდნენ კიდეც, მაგრამ "სიტისთან" შეთანხმება არ მოხერხდა. ინგლისური კლუბი ტევესში 30 მილიონ გირვანქას ითხოვდა, "მილანი" კი მხოლოდ ფეხბურთელის იჯარით აყვანაზე იყო თანახმა.
მეორე "მილანური" კლუბი, "ინტერი", ტევესში 25 მლიონ ევროს იხდიდა. "ინტერი" თითქოს ტევესსაც შეუთანხმდა, მაგრამ "სიტიმ" 30 მილიონ გირვანქაზე ნაკლებად არგენტინელის გაყიდვა არ ისურვა და ეს ვარიანტიც ჩაიშალა.
ტევესის შეძენასთან ყველაზე ახლოს იყო ფრანგული პსჟ. პარიზულმა კლუბმა "სიტის" 37 მილიონი ევრო შესთავაზა. ორი კლუბი ტრანსფერზე სწრაფად შეთანხმდა, მაგრამ ახლა თავად ფეხბურთელმა თქვა უარი და პსჟ-ში გადასვლა არ ისურვა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ტევესი ზაფხულამდე "სიტიში" დარჩება.
ტრადიციისამებრ, რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი ფანჯრის ბოლო დღეს განხორციელდა. მაგალითად ტიაგო მოტას "ინტერიდან" პსჟ-ში გადასვლაც კმარა. ამ ფეხბურთელში პარიზულმა კლუბმა 10 მილიონი ევრო გადაიხადა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე შედგა რომან პავლუჩენკოს ტრანსფერი "ტოტენჰემიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში".
საინტერესოა ერთი დეტალიც. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. ორი თვით "არსენალში" დაბრუნდა ტიერი ანრი, ლუის საა "ევერტონიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა, საპირისპირო მიმართულებით კი სტივენ პიენაარმა აიღო გეზი. "მანჩესტერ სიტიმ" იჯარით დავიდ პისარო აიყვანა, უეინ ბრიჯი კი სეზონის ბოლომდე "სანდერლენდში" ითამაშებს.
გაგაცნობთ ზამთრის სატრანსფერო პერიოდის ყველაზე ძვირად ღირებულ ტრანსფერებს:
ბლაჟ ჯუჯაკი ("ანჟი"- "დინამო") - 19 მილიონი ევრო
რომან პავლუჩენკო ("ტოტენჰემი" - "ლოკომოტივი") - 13,1 მილიონი
ედუარდო ვარგასი ("უნივერსიდად დე ჩილე" - "ნაპოლი") - 13
პაპის სისე ("ფრაიბურგი" - "ნიუკასლი") - 12
ტიაგო მოტა ("ინტერი" - პსჟ) - 10
გარი კეიჰილი ("ბოლტონი" - "ჩელსი") - 9
კევინ დე ბრუინე ("გენკი" - "ჩელსი") - 8
მაქსველი ("ბარსელონა" - პსჟ) - 7
დინიარ ბილილეტდინოვი ("ევერტონი" - "სპარტაკი) - 6,7
ბობი ზამორა ("ფულემი" - ქპრ) - 6
ალექსი ("ჩელსი" - პსჟ) - 5
ხოსე-ანტონიო რეიესი ("ატლეტიკო" - "სევილია") - 3,5