შიშველი მკერდით ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე
ციურიხში, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) შტაბ-ბინასთან ეპატაჟური უკრაინული მოძრაობის FEMEN-ის აქტივისტებმა მათთვის ჩვეული ხერხით საპროტესტო აქცია მოაწყვეს - შიშველი მკერდით დადგნენ ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე.
24 საათი 04.02.12
ციურიხში, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) შტაბ-ბინასთან ეპატაჟური უკრაინული მოძრაობის FEMEN-ის აქტივისტებმა მათთვის ჩვეული ხერხით საპროტესტო აქცია მოაწყვეს - შიშველი მკერდით დადგნენ ადამიანის უფლებათა დაცვის სადარაჯოზე.
უკრაინელი ქალბატონები შეეცადნენ ჰოკეის მამებისთვის აეხილათ თვალი ბელორუსიაში არსებულ მდგომარეობაზე, რომ მინსკი არ იმსახურებს იყოს 2014 წლის ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი.
მიუხედავად ყინვისა თუ დიდთოვლობისა, რომელიც თავს დაატყდა ევროპას, წელს ზევით გაშიშვლებული უკრაინელი გოგოები ხმამაღალი შეძახილებით - "მონა არ თამაშობს ჰოკეის", "ნუ წაახალისებთ ლუკაშენკოს დიქტატურას!", "ლუკაშენკო, ვითამაშოთ ჰააგაში?", "ჩამოართვით დიქტატორს ჩემპიონატი"... ცდილობდნენ ჰოკეის მამამთავართათვის ხმის მიწვდენას.
მოძრაობის FEMEN-ის აქტივისტები IIHF-ის ხელმძღვანელობისგან მოითხოვენ "ზურგი შეაქციიონ ევროპის უკანასკნელ დიქტატორს" და უარი თქვან ბელორუსიაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე, რადგან ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები. "დაე, იცოდეს პატივცემულმა ორგანიზაციამ, რომ ბელორუსიაში დიქტატურა მეფობს. სისტემის სათავეშია კრემლის მარიონეტული შიზოფრენიკი ლუკაშენკო, რომლის სურვილისამებრ იტაცებენ, ძალადობენ და ანადგურებენ ადამიანებს. ასეთ პირობებში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 1936 წლის (ბერლინის) ნაცისტური ოლიმპიური თამაშების ალი-კვალი იქნება", - ვიტყობთ FEMEN-ის განცხადებიდან.
უკრაინელი აქტივისტების არ იყოს, ადრე მსგავსი მოთხოვნით გამოვიდა და შესაბამისი განცხადებით მიმართა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარე ეჟი ბუზეკმა.
ისიც ვთქვათ, რომ იანვარში ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ბელორუსიისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩამორთმევას არ აპირებს, რომ პოლიტიკა მათი საქმე არაა.