გადადებული მართლმსაჯულება
ლონდონის "ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანს, ჯონ ტერის 2012 წლის 9 ივლისამდე (ევროპის პირველობის დასრულებამდე) სასამართლოში თავის მართლება არ დასჭირდება.
24 საათი 04.02.12
ლონდონის "ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანს, ჯონ ტერის 2012 წლის 9 ივლისამდე (ევროპის პირველობის დასრულებამდე) სასამართლოში თავის მართლება არ დასჭირდება.
ჯონ ტერის საქმეს სასამართლო განიხილვას. მას ბრალად ედება ქპრ-ს ფეხბურთელის, ანტონ ფერდინანდის სიტყვიერი შეურაცხყოფა (საუბარია რასისტულ გამოხდომებზე).
ოთხშაბათს ლონდონის ვესტმისტერის მაგისტრატურის სასამართლოში გაიმართა საქმის მოსმენა. თავად ტერი პროცესს არ დასწრებია - იქ იყო ფეხბურთელის ადვოკატი. გადაწყდა, რომ საქმის განხილვა ევროპის პირველობის დასრულებამდე გადაიდებოდა.
ტერის სასამართლოში ქპრ-ს ხელმძღვანელებმა უჩივლეს. როგორც ამბობენ, არსებობს ვიდეომასალა, რომელშიც კარგად ჩანს და ისმის კიდეც, როგორი უშვერი სიტყვებით ლანძღავს ტერი ანტონ ფერდინანდს.
სასამართლო პროცესი ახლა რომ გამართულიყო და ტერი ბრალდებულად ეცნოთ, მას 2 500 გირვანქის ოდენობის ჯარიმის გადახდა და ბოდიშის მოხდა მოუწევდა. რა თქმა უნდა, ტერის 2 500 გირვანქა არ გააღარიბებს და არც ბოდიშის მოხდა იქნებოდა მისთვის დიდი პრობლემა, მაგრამ ამ საქმეს მეორე მხარეც აქვს. ტერი ბრალდებულად რომ ეცნოთ, ნაკრებში მისი ყოფნის საკითხი დადგებოდა. ერთი წლის წინ, როცა გაირკვა, რომ ჯონ ტერის თავის თანაგუნდელ უეინ ბრიჯის მეუღლესთან ჰქონდა რომანი, მას ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და იმაზეც საუბრობდენენ, რომ ის ნაკრებიდან უნდა მოეკვეთათ. ამიტომ ახლა სასამართლოს ტერის ბრალეულობა რომ დაემტკიცებინა, ცხადია, ამას აღარავინ აპატიებდა. არსებობდა დიდი ალბათობა, რომ ტერის ნაკრებს დაატოვებინებდნენ. ეს კი ინგლისის ნაკრებისთვის იქნებოდა საზიანო, რადგან ტერი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.
სასამართლოს ასეთმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ინგლისურ საფეხბურთო წრეებში გარკვეული ხმაურიც გამოიწვიოს. არც ისე დიდი ხნის წინ "ლივერპულის" ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი ანალოგიური დანაშაულისთვის მკაცრად დაისაჯა.