მეივეზერი კოტოს, კოტო მეივეზერს... ჩხუბი იქნება
5 მაისი ის თარიღია, როდესაც პირველ საშუალო წონაში კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA) პუერტორიკოელი ჩემპიონი მიგელ კოტო გახდება მეხუთე ადამიანი, რომელსაც თანამედროვეობის ორ საუკეთესო მოკრივესთან ჩხუბის გამოცდილება დაუგროვდება.
24 საათი 04.02.12
5 მაისი ის თარიღია, როდესაც პირველ საშუალო წონაში კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA) პუერტორიკოელი ჩემპიონი მიგელ კოტო გახდება მეხუთე ადამიანი, რომელსაც თანამედროვეობის ორ საუკეთესო მოკრივესთან ჩხუბის გამოცდილება დაუგროვდება.
პუერტორიკოელი 2009 წლის ნოემბერში ფილიპინელ მენი პაკიაოსთან (54 მოგება, აქედან 38 ნოკაუტით, 3 წაგება და 2 ფრე) მეთორმეტე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, ახლა კი ლას ვეგასის MGM Grand-ზე ურთიერთობის გარკვევა მოუწევს დღემდე წაუგებელ ამერიკელ ფლოიდ მეივეზერ-უმცროსთან.
"მიგელ კოტო აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა კრივში. მასთან ბრძოლა, მისსავე წონაში, ჩემთვის სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ სწორედ ასეთ გამოწვევებში ვიწრთობი და ვიღებ მოტივაციას, რათა უფრო მეტი ვივარჯიშო. ეჭვი არ მეპარება, რომ ტიტულების კოლექციას შევავსებ. კოტოს მმართველობას კი 5 მაისს მოეღება ბოლო", - დარწმუნებულია ნახევრად საშუალო წონაში კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) 34 წლის ჩემპიონი მეივეზერ უმცროსი.
დიდ გულზეა მიგელ კოტოც (37 მოგება, აქედან 30 ნოკაუტით და 2 წაგება), რომელიც იმავე დღეს მეივეზერ-უმცროსის დამარცხების პირობას დებს: "აქ იმისთვის ვარ, რომ კრივის სამყაროს მქუხარე სახელებს ვეჩხუბო. არასდროს არავისთვის არ ამირიდებია თავი. ყველა გამოწვევას ვიღებდი, რათა ჩემი გულშემატკივრებისთვის მეჩვენებინა ის, რაც მოსწონთ - ბრწყინვალე და სანახაობრივი ბრძოლა. 5 მაისს ფლოიდ მეივეზერს გვარიანად მივბეგვავ".
მეივეზერისა და კოტოს მატჩი სატიტულო დატვირთვისაა. რინგზე გამოიფინება პუერტორიკოელის საჩემპიონო ქამარი. პირველი საშუალო წონის ფარგლებში მეივეზერს (42 მოგება, აქედან 26 ნოკაუტით) პირველად არ უწევს ჩხუბი - 2007 წელს (ასევე 5 მაისს) მსაჯთა დათვლებით WBC მაშინდელი ჩემპიონი ოსკარ დე ლა ჰოია (39 მოგება, აქედან 30 ნოკაუტით და 6 წაგება) დაამარცხა.
გიგა გურასაშვილი