ესპანეთი დაუვიწყარ მატჩს გვპირდება
2012 წლის ერთა თასის გათამაშებას ქართველი მორაგბეები 11 თებერვალს მადრიდში, ესპანელ "ლომებთან" თამაშით დაიწყებენ.
24 საათი 04.02.12
2012 წლის ერთა თასის გათამაშებას ქართველი მორაგბეები 11 თებერვალს მადრიდში, ესპანელ "ლომებთან" თამაშით დაიწყებენ.
ესპანელები "ბორჯღალოსანთა" დასახვედრად (და მთლიანად ერთა თასის გათამაშებისთვის) სერიოზულად ემზადებიან. ესპანელთა მწვრთნელმა რეჯის სონესმა თვისი რაზმი უკვე შეკრიბა და მთელი დატვირთვით ამზადებს. ესპანელმა მორაგბეებმა დასახმარებლად არმიასაც მიმართეს. "ლომების" მწვრთნელს გუნდის მომზადებაში ესპანეთის არმიის პოლკოვნიკი ხოსე ანტონიო კუევასი ეხმარება. "ცხადია, ომი და თამაში ერთი და იგივე არ არის, თუმცა, საერთოც ბევრია. საჭიროა შეიმუშავო სტრატეგია, დაისახო მიზანი და მიაღწიო მას. თუ თამაშს მოუმზადებელი შეხვდი, დამარცხდები, თუ მოუმზადებელი ომში წახვალ, განწირული ხარ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებთან მატჩს, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი დახმარებით ესპანეთის ნაკრები საქართველოს გუნდს დაამარცხებს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა: ქართველებს ეს თამაში არ დაავიწყდებათ", - უთხრა კუევასმა ესპანეთის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტს.
რას გულისხმობს ესპანელი პოლკოვნიკი "დაუვიწყარ მატჩში", ძნელი სათქმელია. დაველოდოთ 11 თებერვალს და ვნახოთ, რა სიურპრიზს შემოგვთავაზებენ სამხედროების მიერ მომზადებული "ლომები".