ევროპარლამენტმა უეფას მხარი დაუჭირა
გამოქვეყნდა ევროპარლამენტის ანგარიში სპორტის შესახებ, რომელიც უეფას ევროპული ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია.
24 საათი 04.02.12
გამოქვეყნდა ევროპარლამენტის ანგარიში სპორტის შესახებ, რომელიც უეფას ევროპული ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნია.
დოკუმენტში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ევროკავშირის შესაბამისი უწყებებისა და სპორტული ფედერაციების მჭიდრო კავშირი აუცილებელია ტრიბუნებზე არსებული ძალადობის აღსაკვეთად.
ეგრეთ წოდებული "ფისასის ანგარიში" (ანგარიში დეპუტატ სანტიაგო ფისასის მიერ არის დაწერილი) მხარდაჭერას უცხადებს უეფას მიერ ინიცირებულ ფინანსურ ფეარ ფლეის. ევროპარლამენტის წევრებს, ისევე როგორც უეფას მაღალჩინოსნებს, მიაჩნიათ, რომ ზოგიერთი კლუბი გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე შოულობს.
ამავე დროს ევროპელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს უეფას კიდევ ერთ ინიციატივას. საუბარია ჩაწყობილ მატჩებზე. ევროპული ფეხბურთის მამებს სურთ, რომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობაში ბრალდებული პირები სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნონ.
ხსენებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ: "ეს ანგარიში გვიჩვენებს, რომ ევროპარლამენტს გათავისებული აქვს ის პრობლემა, რომელსაც ევროპული ფეხბურთი აწყდება. ჩემზე ანგარიშმა უდიდესი შათაბეჭდილება დატოვა. ჩემი მხრივ, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ უეფა ევროპარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მომხრეა, რათა არსებული პრობლემები ერთობლივად მოგვარდეს".