როტერდამიდან, როჯერ ფედერერთან ერთად
როტერდამში ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერს ფინალი ვერ მოუგო.
24 საათი 22.02.12
როჯერ ფედერერმა როტერდამის ფინალში დელ პოტროს 6:1, 6:4 მოუგო
როტერდამში ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერს ფინალი ვერ მოუგო.
დელ პოტრო ფინალამდე თითქმის ფედერერი იყო და ბოლო ტესტში რეალურ როჯერზე გავიდა. ფედერერი ფინალს 6:1, 6:4 იგებს, უფრო საინტერესოდ თამაშობს, ნაკლებ შეცდომას უშვებს. როტერდამში დელ პოტრო კარგი იყო და მშვიდად გადადის მარსელში. ფედერერთან წაგება შეიძლება, ნორმალურია. ფედერერი ცალკე თემაა. როჯერს ერთეულებში ბევრი, 71 ფინალი აქვს მოგებული და თუ არ დაეზარება, კიდევ რამდენიმე ჯეკპოტს მოხსნის. ფედერერი დიდი გარჩევებისთვის დასვენებული მიდის. როჯერმა ხუანიტოს ერთბაშად წაართვა ნავახა და დაშალა არგენტინელი.
დელ პოტრო ტურნირს მიშელ ლოდრათი ხსნის, ფრანგს 6:4, 6:7, 6:4 გადაუჯოკრა და შემდეგი თამაშიც, კაროლ ბეკთან, ცუდად, ბევრი დაღლილი დარტყმით დახურა. დელ პოტრომ სლოვაკს 6:4, 7:5 დაუსვა. 4:0 წაიყვანა, მერე პირველი სეტის მოგება დაიზარა და ბეკმა ორი ბრეიქი გააკეთა. დელ პოტროს ცოტა გაუმართლა და ბეკმა ვერ გაქაჩა. არგენტინელი მერე ვიქტორ ტროიცკის ორ სეტში ერთ გეიმს მისცემს და 12-ს წამოიღებს. ტროიცკისთან ხუანიტო ფავორიტია, იგებს და სერბს არ ინდობს. ის, მეორე სერბი, დელ პოტროს, ფედერერს, რაფაელ ნადალს, არავის არ ინდობს და ტროიცკი სხვა თემა, სხვა სერბია. მეორე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია. ფინალამდე დელ პოტრომ ტომაშ ბერდიხიც გადაჭრა, 6:3, 6:1 მოაგვარა ყველაფერი.
დელ პოტრო როტერდამში პოპულარული ახალგაზრდაა. დელ პოტრო ყველგან პოპულარული ახალგაზრდაა. დელ პოტრო ანა ივანოვიჩს ხვდება და ჭორაობენ, არგენტინელს სერბი გოგო მოსწონსო. ივანოვიჩმა არგენტინელი მოხსნა.
ფედერერზე არ ჭორაობენ. უხერხულია. როჯერი იგებს. დღეს, თუ ტურნირი ჯოკოვიჩის ან ესპანელი კრიმინალის გარეშე მიდის, როჯერი პირველი კაცია.
დელ პოტროსთან ფედერერმა ეგრევე აკრიფა.
როჯერი უკანა ხაზიდან დელ პოტროზე აკურატული და მშვიდია.
როჯერი ფარავს ნაკლებ დისტანციას, არ იღლება და არგენტინელს კლასით, ინტელექტით აჩერებს. დელ პოტროს ბრტყელი, დასაბრუნებლად უხერხული ფორჰენდი არ მუშაობს. დელ პოტრო სამ გეიმში ერთხელ როჯერზე უკეთესია და ეს ფედერერთან ცოტაა. პირველ სეტში ფედერერმა აკრიფა და ძველი როჯერი გამახსენდა. ცხრა წლის წინ, უიმბლდონის ფინალში მარკ ფილიპუსისს რომ უგებდა. ავსტრალიელმა იმ უიმბლდონზე ანდრე აგასის ეისებით ააჭრა ყველაფერი და ფინალში სკადის კუნთები და სექსუალური ღიმილი როჯერის ინტელექტით გადაიფარა. ფილიპუსისმა ფედერერს კარიერის პირველი ბონუსი დაუტოვა. როჯერმა მოუხსნელი ბონუსი მოხსნა. როტერდამში ფედერერმა დელ პოტრო მოხსნა.
მეორე სეტი ცოტა უფრო ნორმალური მისაღებია. დელ პოტრო თითქმის ფედერერივით თამაშობს და როჯერმა მაღალ ბიჭს ერთი ბრეიქი გაუკეთა. ხუან მარტინმა ბრეიქი ვერ დაიბრუნა. ფედერერი როტერდამის პირველი პერსონაა და ფედერერისთვის ამ გარჩევის მოგება აუცილებელი იყო. როჯერი ამერიკული მასტერსების სერიამდე ოჯახთან ერთად დაისვენებს, მირკას გემრიელ სენდვიჩს გაუკეთებს და პატარებს ცისფერ პლედს გადააფარებს. ჩაუჯდება როჯერ მურის ან შონ კონერის რომელიმე ძველ ფილმს, ფლორენციულ სავარძელში ჩაეძინება და რომ გაიღვიძებს, უკვე ახალი ტურნირი ექნება სათამაშო. ტურნირები როჯერისთვის იმართება. დელ პოტროც კარგი ბიჭია და ფედერერი სხვა თემაა.
როჯერი ვერ უგებს ნადალს და ნადალი ვერ ქაჩავს ჯოკოვიჩთან. ჯოკოვიჩი უგებს ფედერერს და კარიერით ვერ ქაჩავს ფედერერამდე. დელ პოტრო ჯერ მეორე ეშელონშია, ენდი მარიზე ერთით მეტი მოგებული მეიჯორი აქვს და მარი დელ პოტროზე ზემოთ ზის. პრო ტურზე რაღაცები დასალაგებელია. ეს მერე მოგვარდება და როტერდამში ფედერერმა ორგანიზატორებს სამახსოვროდ კარგი საჩუქარი დაუტოვა.
საჩუქარი ფედერერის ჩოგბურთი, ბრიფინგზე როჯერის ღიმილი და ფედერერის დაპირება იყო. როჯერმა თქვა, რომ როტერდამში მოეწონა და შემდეგ სეზონში ტიტულის დასაცავად ჰოლანდიაში დაბრუნდება. ჰოლანდიასაც გაუმართლა. ადრე, 7 წლის წინ, ფედერერი უკვე იყო როტერდამში და ის ფინალი ივან ლიუბიჩიჩს მოუგო. შვიდი წლის შემდეგ, ფინალში დელ პოტრო იყო. როჯერმა ხუანიტოც დაამშვიდა. ბრიფინგზე ფედერერი დელ პოტროს კიდევ ერთ კომპლიმენტს დაუტოვებს, შეაქებს, იტყვის, რომ დელ პოტროს არ გაუმართლა. აქ როჯერმა ცოტა იცრუა, მეგობრულად იცელქა. დელ პოტროს გაუმართლა. ფინალში არგენტინელი ფედერერს ეთამაშა. ეს უკვე გამართლებაა.
ფინალში ფედერერიც თამაშობდა. დელ პოტრო იღლებოდა, ხვნეშით კალორიებს წვავდა და ფედერერმა დაისვენა. თან, მთელი ფინალის დროს მირკას თვალებით ეჭორავებოდა.
დელ პოტრომ მეთოთხმეტე ფინალი ითამაშა. არგენტინელს 9 მოგებული აქვს. ერთ-ერთში, სამი წლის წინ, როჯერს აწყენინა, ცუდად დაწყებული შემოუტრიალა. ეს იყო US Open. როჯერამდე მაღალმა ბიჭმა რაფაელ ნადალს აათალა კანი. დელ პოტრო პირველ ათეულში დაბრუნდა და თუ არ დაიმტვრევა, სადღაც ფლეში უნდა გაშალოს. ფლეშის გასაშლელად უნდა მოუგო ნადალს, იმ უსიამოვნო ბრიტანელს, არავის რომ არ მოსწონს, მისტერ ენდი მარის. უნდა მოუგოს “სნიკერსის” აბაზანაში ჩაწოლილ ჟო-ვილფრედ ცონგას, მოუქნელ და ცოტა ერთფეროვან ბერდიხს. უნდა მოუგო ჯოკოვიჩს. უნდა მოუგო ფედერერს.
როტერდამში ჯოკერი ფედერერი იყო.