კოტო უკანასკნელი მოჰიკანია, პაკიაო კი - მომავალი მეტოქე
უქმეებზე ლას ვეგასის MGM Grand-ზე შემდგარი ფლოიდ მეივეზერ-უმცროსის ჩხუბი, საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც იყო.
24 საათი 09.05.12
ფლოიდმა კოტოზე გამარჯვების შემდეგ პუერტორიკოელს ქება-დიდება არ დააკლო
უქმეებზე ლას ვეგასის MGM Grand-ზე შემდგარი ფლოიდ მეივეზერ-უმცროსის ჩხუბი, საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც იყო.
ეს კი ორი ადამიანის - თავად მეივეზერისა და მიგელ კოტოს დამსახურებაა.
ამერიკელმა პუერტორიკოელს პირველ საშუალო წონაში (69,9 კგ-მდე) კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA) ჩემპიონობა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჩამოართვა და იქვე, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ფილიპინელ მენი პაკიაოსთან შერკინების სურვილი გამოთქვა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ფილიპინელი დოპინგ-ტესტს გაივლის.
ცოტა ხნით ადრე ავტორიტეტული გამოცემის, The Ring-ის თანახმად, ამერიკელი არაფორმალურად იწოდებოდა წონითი კატეგორიების მიუხედავად პლანეტის საუკეთესო მოკრივედ. დღეს ასეთივე წოდება ეკუთვნის პაკიაოს, რომელთანაც მეივეზერის მატჩს მოუთმენლად ელოდება კრივის გულშემატკივარი.
“პაკიაოსთან მატჩის ორგანიზებას ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამიტომ ვეჩხუბე კოტოს და ფანებს ვაჩუქე ნამდვილი სანახაობა, - ამბობს მეივეზერი. - პაკიაოსთან ბრძოლა მინდა, მაგრამ მანამდე დოპინგზე უნდა გაიაროს ტესტირება. მერე შევებრძოლები”.
ფლოიდ მეივეზერმა სამივე მსაჯის დათვლით - 117:111, 117:111, 118:110 გაიმარჯვა, რაც მისთვის ზედიზედ 43-ე მოგებაა. ამერიკელთან წაგების შემდეგ პუერტორიკოელმა თქვა: რაკი მსაჯები ამბობენ, რომ წავაგე, ისღა დამრჩენია, მარცხი ვაღიარო. კმაყოფილი ვარ ჩემი ჩხუბით. თავს ვერაფერში დავიდანაშაულებ.
“ეშმაკმა დალახვროს, შენ ჩემპიონი ხარ, - ასე მიმართა მეივეზერმა მეტოქეს, რომელსაც დიდების დარბაზში შესვლა უწინასწარმეტყველა. - შენ ყველაზე მაგარი ვინმე ხარ, ვისთანაც კი ოდესმე მიჩხუბია. კრივის ფანებს შენ ის მიეცი, რაშიც მათ ფული გადაიხადეს. ეს გამარჯვება კბილებით გამოგგლიჯე”.
პირველ საშუალო წონაში ასოციაციის ახალმა ჩემპიონმა მიგელ კოტოზე გამარჯვების შემდეგ ტელეარხ HBO-ს, უფრო სწორად, ლარი მერჩანტს მისცა ინტერვიუ. საქმე ის არის, რომ შარშან, სექტემბერში, მეივეზერი მერჩანს წაეჩხუბა. ახლა კი პირველივე წამებიდან აშკარა იყო, რომ კონფლიქტი ისტორიას ჩაბარდა.
- შარშან, სექტემბერში მომხდარი ინციდენტისთვის ფლოიდმა პატიება მთხოვა. ბოდიში მიღებულია. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთე. მე ამას ვაფასებ.
- გმადლობ, ლარი.
- რა ხანია, ასეთი ომი არ გადაგხდენია. როგორი იყო?
- როდესაც საუბარია PPV-ზე (ფასიანი ტელეტრანსლაცია), როდესაც ფანები ჩხუბისთვის ფულს იხდიან და შენ სანახავად მოდიან, გინდა, რომ ისინი გაართო.
- ჰო, მაგრამ აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. ახლა დასისხლიანებული იყავი.
- მიგელ კოტო ხისტი მეტოქეა. ვიცოდი, რომ ადვილი ბრძოლა არ იქნებოდა. უნდა გავსულიყავი რინგზე და გეგმის მიხედვით მემოქმედა, ზღვარზე მეჩხუბა.
- როდესაც სისხლი იგრძენი, რა იფიქრე? ასეთ რამეს ხშირად ვერ ვხედავთ.
- მიგელ კოტო დიდების დარბაზის მომავალი წევრია. მასთან ჩხუბი ადვილი არ არის. ხისტი და სოლიდური მოკრივეა. ვეჩხუბე იმ წონაში, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს. ზემოკრივეა. სხვა რა უნდა ვთქვა.
- ასეთს რას აკეთებდა, რომ ბრძოლა მძიმედ წარიმართა?
- რინგზე გადარჩენისთვის კი არა, საჩხუბრად გამოვიდა. როდესაც საჩხუბრად გადიხარ, წინ მიიწევ. კრივში მსგავსი რაღაცები ხდება. მე კი, როგორც ნამდვილი ჩემპიონი, ისე ვჩხუბობდი. რთული მეტოქეა.
- პირველი ივნისიდან სასჯელი უნდა მოიხადო (2010 წელს მეგობარი გოგონას, ჯოსი ჰარისის ცემისთვის, სამი თვით თავისუფლების აღკვეთა ელის)...
- ცხოვრებაში არაერთი წინააღმდეგობა გხვდება. ერთადერთი, რაც შეგიძლია გააკეთო, ის არის, რომ ყველაფერი ისე მიიღო, როგორც არის და გააგრძელო ბრძოლა.
- ფუფუნებაში ცხოვრობ და ამით ამაყობ. ახლა კი ციხეში, ერთადგილიან საკანში მოგიწევს გადაბარგება.
- კურთხეული ვარ. როდესაც პირველი ივნისი დადგება, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლება, ის არის, რომ ყველაფერი ისე მივიღო, როგორც ეს კაცს შეეფერება.
- შენს გრაფიკზე ეს როგორ იმოქმედებს? შემოდგომაზე ჩხუბს აპირებ? თუ აპირებ, მაშინ რა გეგმები გაქვს?
- არ ვიცი. დღეს მენი პაკიაოსთან ჩხუბისთვის ვემზადებოდი, მაგრამ არ გამოვიდა. მოდი, გულშემატკივარს მივცეთ ის, რისი ხილვაც სურს - მეივეზერი-პაკიაო. მიგელ კოტოს დოპინგ-ტესტირებაზე არ შეჰქმნია პრობლემა. თუ საუკეთესო მოკრივე ხარ, მაშინ შენც იგივე გააკეთე.
- პაკიაოსთან მატჩს შემოდგომაზე აპირებ, რადგან ალვარესს, როგორც ვატყობთ, შენთან ჩხუბი არ უნდა (მექსიკელმა საულ ალვარესმა იმავე დღეს, იმავე რინგზე, იმავე წონაში კრივის მსოფლიო საბჭოს ჩემპიონობისთვის მსაჯთა დათვლებით დაამარცხა ამერიკელი შეინ მოსლი). ამის თაობაზე ვესაუბრე ოსკარ დე ლა ჰოიას, რომელსაც მიაჩნია, რომ ალვარესი ამ ჩხუბისთვის მზად არ არის. თუ პაკიაოსთან მატჩს თავი არ მოება, სიაში ვინ არის შემდეგი?
- მიგელ კოტო უკანასკნელი მოჰიკანია. მართალი გითხრათ, არ ვიცი, ვინ იქნება ფლოიდ მეივეზერის შემდეგი მეტოქე. აქვე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ლას ვეგასში ჩამოფრინდა. დიდი მადლობა მათ, ვინც იყიდა ტრანსლაცია.