ლუბა გოლოვინამ ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც ბატუტზე ხტომაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლები მოიპოვა ახალგაზრდებში.
24 საათი 29.06.12

ლუბა გოლოვინამ ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც ბატუტზე ხტომაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლები მოიპოვა ახალგაზრდებში.
მერე პეკინის ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა და ჯერ კიდევ გამოუცდელმა მეექვსე ადგილი დაიკავა.
ლუბა დღეს ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება და, როგორც თვითონ ამბობს, უპრობლემოდ შეძლებს ფინალში ასპარეზობას, მერე კი პეკინის ოლიმპიური თამაშების შედეგის გაუმჯობესებასა და მედალზეც იფიქრებს.
სამი წლის იყო, როდესაც ტანვარჯიშზე მიიყვანეს - ცელქი იყო და მშობლებს უნდოდათ, რომ ენერგია სადმე დაეხარჯა. მშობლები ძველი ტანმოვარჯიშეები არიან. მამა - ვლადიმერ გოლოვინი - მისი პირადი მწვრთნელია.
ხუთი წლისამ პირველი საშეჯიბრო ნათლობაც მიიღო. დღეს უკვე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებში. პეკინის ოლიმპიურ თამაშებამდე ორჯერ გაეჯიბრა დიდებს. ოლიმპიურ ბატუტზე ჯერაც ახალგაზრდამ გაუწია დიდებს მეტოქეობა და, ბევრისთვის მოულოდნელად, მეექვსე ადგილი დაიკავა. შედეგის გაუმჯობესებაზე ფიქრობს, მაგრამ, ჰგონია, რომ, პეკინისგან განსხვავებით, ლონდონში გაცილებით ძნელი იქნება ასპარეზობა. განსაკუთრებულ მეტოქეობას ჩინელებისა და კანადელებისგან ელის. ინგლისელის სახითაც ძლიერი მეტოქე ეყოლება.
"ლონდონში გაცილებით დიდი კონკურენცია იქნება, ვიდრე პეკინში იყო. შედეგი მარტო სპორტსმენზე არ არის დამოკიდებული. ბევრ რამეს ბატუტიც წყვეტს. საქმე ის არის, რომ ჩვენი სავარჯიშო ბატუტი გერმანულია, ლონდონში კი ჩინურ ბატუტზე მოგვიწევს ასპარეზობა. ჩინურსა და გერმანულ ბატუტს შორის ის სხვაობაა, რომ ჩინური ბადე უფრო მაღლა გაგდებს. თუ მასზე შეიძლება ერთი ან ორი წელი ივარჯიშო, გერმანული ორჯერ უფრო გამძლეა. ჩვენთან გერმანული ფირმის ბატუტებია".
ლუბამ ლონდონის ოლიმპიური ლიცენზია წლეულს, იანვარში, 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ლონდონშივე დაისაკუთრა.
"პატარა ვიყავი. გამოცდილება არ მქონდა. მსაჯები არ მიცნობდნენ და არ მწყალობდნენ. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი იყო 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი, სადაც მსაჯთა უსამართლობის გამო მეხუთე ადგილი დავიკავე. არადა, როდესაც ჩანაწერი ნახეს, აშკარა იყო, რომ ქულები დამაკლეს. ესეც რომ არა, დიდებში უფრო რთულია ასპარეზობა. ასე რომ, ყველაფრის თავიდან დაწყება მომიხდა. აქედან გამომდინარე, პეკინიდან ლონდონამდე შედეგების მხრივ ბევრს ვერაფერს მივაღწიე. სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ბატუტზე ხტომაში ლიცენზიები გაცილებით რთულად თამაშდება. საამისოდ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი და ერთი ტესტ-ტურნირია. მიზნის მისაღწევად ორი შანსი გვაქვს.
...ულიცენზიოდ ყოფნას ძალიან განვიცდიდი. შანსი რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ გამოვიყენე. მსოფლიო ჩემპიონატზე ისეთი შეცდომა დავუშვი, რომელსაც ჩვეულებრივ ვარჯიშებზე არ ვუშვებ. ხტომისას ლეიბს შევეხე, რაც მსაჯებმა არ მაპატიეს. მერე წელის ტრავმა მივიღე - მეხუთე მალა ამომივარდა და ამან უფრო გამანერვიულა. იანვარში ლონდონის სალიცენზიო ტურნირზე წასვლას საერთოდ არ ვაპირებდი, მინდოდა, მკურნალობა დამეწყო, მაგრამ ეს ერთადერთი შანსი იყო ლიცენზიის მოსაპოვებლად. შეიძლება ითქვას, თავი ვაიძულე, ლიცენზიისთვის მებრძოლა. ტრავმა იქაც მაწუხებდა, მაგრამ საკუთარ თავს უკან დახევის საშუალება არ მივეცი. თანაც, არც სასურველ ფორმაში ვიყავი. არადა, ეს შეჯიბრება ბოლო შანსი იყო ლიცენზიის მოსაპოვებლად. ბატუტთან გამაყუჩებლებით გავედი. კარგია, რომ შედეგს მივაღწიე. რვა საუკეთესოში მეხუთე შედეგით მოვხვდი".
ახლა უკვე ლიცენზიანტი "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტანვარჯიშის დარბაზში ემზადება. ლონდონამდე მინსკში გააგრძელებს ვარჯიშს, სადაც სწორედ ის ბატუტები აქვთ, რომელზეც ლონდონში მოუწევს ასპარეზობა.
"ფინალში გასვლაზე არც ვნერვიულობ. სავალდებულო პროგრამაში (ერთგვარი კვალიფიკაცია ფინალში გასასვლელად) ყოველთვის მოწინავეთა შორის ვარ, რაც ფინალში ადვილად გასვლის საშუალებას მაძლევს. მედლის ბედი მეორე დღეს წყდება, სადაც მთავარი იქნება, კომბინაცია შევასრულო. ამ შემთხვევაში მედლის მოპოვების შანსიც მექნება".