იყო დრო, როცა თბილისი და საქართველო ფეხბურთით ცხოვრობდა და სუნთქავდა.
24 საათი 30.06.12

იყო დრო, როცა თბილისი და საქართველო ფეხბურთით ცხოვრობდა და სუნთქავდა.
იყო დრო, როცა თბილისის "დინამოს" მატჩის ბილეთი ახალ ავტომანქანაზე იცვლებოდა. დღეს შეიძლება ბევრს ვერ წარმოუდგენია, მაგრამ იყო დრო, როცა ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის ფინალების ბედს წყვეტდნენ... ეს დრო გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და მეოთხედ საუკუნეს გასტანა. ამ პერიოდში თბილისის "დინამომ" პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ხოლო 1960 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა (ფინალში დაამარცხა იუგოსლავიის ნაკრები - 2:1). ამ შეხვედრაში ერთი გოლი სლავა მეტრეველმა გაიტანა, მეორე კი მიხეილ მესხის პასით საბჭოთა ფეხბურთის კიდევ ერთმა ლეგენდამ - პონედელნიკმა შეაგდო. ევროპის ამ პირველი ჩემპიონატის ისტორიულ ფინალში კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, ამპლუით მცველმა, გივი ჩოხელმა ითამაშა. ჩოხელი იმ "ოქროს ბიჭების" თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელმაც პირველი გუნდური სიხარული მოუტანა ქართველ ქომაგს - 1964 წლის ჩემპიონის ტიტული. ამავე წელს გივი ჩოხელმა ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი ფინალი ითამაშა - ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელშიც გამარჯვება ესპანელებს დარჩათ.
იმ პერიოდში ქართველი ქომაგები ორ ბანაკად იყვნენ გაყოფილი - მესხისტებად და მეტრეველისტებად. ამ ბანაკების დაპირისპირება ხშირად ლამის ხელჩართულ ჩხუბამდე მიდიოდა. თუმცა, იმ სპექტაკლებში, რომლებსაც მეტრეველი და მესხი მწვანე მინდორზე დგამდნენ, გივი ჩოხელს განსაკუთრებული როლი ჰქონდა მინიჭებული, ისევე როგორც "ოქროს ბიჭების" თაობის სხვა სახელოვან წარმომადგენლებს. ქართული ფეხბურთის ნამდვილი მემატიანის, დემიკო ლოლაძის ღვაწლი რომ არა, მომავალი თაობებისთვის ქართული ფეხბურთის ის დიადი ეპოქა, თავის რაინდებიანად, დავიწყებას მიეცემოდა. სხვათა შორის, 1981 წლის 13 მაისის ისტორიული ფინალის კადრებიც, რომელიც ევროპის თასების მფლობელთა თასის გადამწყვეტ მატჩში თბილისის "დინამოს" გამარჯვებას ასახავს, სწორედ დემიკო ლოლაძის გადაღებულია. ქართული ფეხბურთის მემატიანემ "ოქროს ბიჭების" თითქმის ყველა წარმომადგენელზე ბიოგრაფიული წიგნი გამოსცა. ამ ცოტა ხნის წინ ეს სერია გივი ჩოხელზე გამოცემული მეორე, უფრო სრულყოფილი და შევსებული წიგნით გაიზრდა, რომელიც გივი ჩოხელის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება. წიგნში ქართველი მკითხველი იმ სახელოვანი ეპოქის ბევრ საინტერესო და უცნობ დეტალს შეიტყობს. გამოცემის შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში.