მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ ესპანელებმა სამყაროს ახალი რევოლუციური ფეხბურთი შესთავაზეს და ესპანური მანქანის დამარცხება ერთი, თუნდაც გენიალური ფეხბურთელის დახმარებით, უბრალოდ, შეუძლებელია.
24 საათი 04.07.12

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ ესპანელებმა სამყაროს ახალი რევოლუციური ფეხბურთი შესთავაზეს და ესპანური მანქანის დამარცხება ერთი, თუნდაც გენიალური ფეხბურთელის დახმარებით, უბრალოდ, შეუძლებელია.
ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს მიაჩნია, რომ ესპანეთის ნაკრებმა სოლიდური ნაბიჯი გადადგა, რათა ყველა დროის საუკეთესო გუნდად იქნას აღიარებული.
ესპანეთის ნაკრებმა ოთხი წლის განმავლობაში ზედიზედ მესამე მნიშვნელოვანი ტურნირი მოიგო, რაც ფეხბურთის ისტორიაში აქამდე არ მომხდარა. გამოცემა Times of India-ში მარადონას აქვს სვეტი, რომელშიც დაწერა: "ესპანეთმა დაამტკიცა, რომ მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი როდია. ჩემი აზრით, ეს ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია. არც ერთ, თუნდაც გენიალურ ფეხბურთელს არ შეუძლია ამ ესპანური მანქანის დამარცხება. კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად შეეცადა ამას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ანდრეა პირლოც ცდილობდა, მაგრამ რად გინდა, ესპანურ ნახევარდაცვას გადააწყდა."
დიეგო მარადონამ სცადა ესპანეთის ნაკრების დახასიათება. 2008 წლიდან მოყოლებული, "ფურია როხას" ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ეტაპის ფლეი-ოფების ეტაპზე გოლი არ გაუშვია, რაც უნიკალური რეკორდია.
"მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებმა ცხრა გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა. ამ გუნდის დაცვა მსოფლიოში საუკეთესოა. კარში - იკერ კასილასი. მის წინ - სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა და ხერარდ პიკე. მეტი რა უნდა გინდოდეს. ახლა ამ სამეულს დაუმატეთ ხორდი ალბა. "ბარსელონამ" ამ ფეხბურთელში 14 მილიონი ევრო ტყუილად როდი გადაიხადა. ფინალში მის მიერ გატანილი გოლი ნებისმიერ ფორვარდს შეშურდებოდა," - ამბობს მარადონა.
ამის შემდეგ დიეგო ესპანური გუნდის ნახევარდაცვას ახასიათებს: "ეს არის უნიკალური თაობა. ჩავი, სერხიო ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო, ანდრეს ინიესტა, დავიდ სილვა. ინდივიდუალური ვარსკვლავები, რომლებიც ერთი მანქანის მექანიზმში მუშაობენ. შეიძლება ერთ-ერთი მათგანი შეაჩეროთ, მაგრამ დანარჩენები მუშაობას აგრძელებენ. ესპანეთის ნაკრები რევოლუციურ ფეხბურთს თამაშობს ფორვარდის გარეშე და ამ პოზიციაზე უნიჭიერეს სესკ ფაბრეგასს იყენებს."
დიეგო მარადონამ ევრო 2012-ის ვარსკვლავებზეც ისაუბრა. "ზოგიერთმა ფეხბურთელმა მართლაც დაგვამახსოვრა თავი. ანდრეა პირლო შეუდარებელი იყო. კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რატომ არის ის ლიონელ მესისთან ერთად პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი კი ტურნირის ულამაზეს გოლად მიმაჩნია".