მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე ამბობს, რომ 1970 წლის ბრაზილიის ნაკრები ესპანეთის დღევანდელ გუნდზე ძლიერია.
24 საათი 07.07.12

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე ამბობს, რომ 1970 წლის ბრაზილიის ნაკრები ესპანეთის დღევანდელ გუნდზე ძლიერია.
"1970 წლის ბრაზილიის ნაკრებმა დააწესა სტანდარტი, რომელიც სხვათათვის ერთგვარ საზომად იქცა. დღეის იქით ბრაზილიას შეუერთდა ესპანეთიც, მაგრამ ამ გუნდების მოთამაშეებს გვერდიგვერდ მაინც ვერ დააყენებთ", - თავმომწონედ აცხადებს პელე.
"ორმოცი წლის წინანდელი ბრაზილია ბევრად უკეთესი ფეხბურთელებისგან შედგებოდა, ვიდრე ესპანეთი, რომლის რიგებში ორი თუ სამი მაღალი დონის მოთამაშეა, - ბრაზილიელს ციტირებს Goal.com. - ვინ მოიგებდა - დღევნადელი ესპანეთი თუ 1970 წლის ბრაზილიის ნაკრები? რა თქმა უნდა, ჩვენ".
ამასობაში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი, მწვრთნელი და ფუნქციონერი ხორხე ვალდანო ერთ-ერთი მათგანია, ვინც ესპანეთის ახლანდელ ნაკრებს ადარებს 1970 წლის ბრაზილიის ფენომენალურ გუნდს. ოღონდ, "ფეხბურთის მეფისგან" განსხვავებით, ვალდანოს მიაჩნია, რომ უკეთესები ესპანელები არიან.
"1970 წელს 15 წლის ვიყავი. მშვენივრად მახსოვს, როგორი განცვიფრებული ვიყავი იმ ბრწყინვალე თამაშით, რომელსაც ბრაზილიელები წარმოგვიდგენდნენ მექსიკაში. ახლანდელი ესპანეთის შემყურეს, იგივე განცდა მეუფლება. თუმცა, არის განსხვავება. 1970 წლის ბრაზილია - ეს იყო 1970 წლის ბრაზილია და მეტი არაფერი. ესპანეთმა კი უკვე სამი ტიტული მოიგო. ოთხი წელიწადია, ესპანეთი ასეთ საოცარ მდგომარეობაში რჩება", - Goal.com-თან საუბარში თავის მოსაზრებას გვიზიარებს ხორხე ვალდანო.