ფრე "სლოვანთან" მატჩის წინ
"ზესტაფონი" სალიგო სამზადისს განაგრძობს
24 საათი 09.07.12
"ზესტაფონი" სალიგო სამზადისს განაგრძობს
საქართველოს ჩემპიონი ზესტაფონის "ზესტაფონი" ევროტურნირებს 17 ივლისს შეუერთდება. გია ჭიაბრიშვილის გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩის" წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ახლა "ზესტაფონი" ავსტრიაშია, სადაც საწვრთნელ შეკრებას გადის და ტესტმატჩებსაც მართავს. ორი დღის წინ გუნდმა მორიგი სპარინგი ჩაატარა, რომელშიც მისი მეტოქე იყო რუმინეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, ბუქარესტის "სტიაუა". მართალია, გასულ სეზონში გუნდმა ვერ შეძლო ოქროს მედლების მოპოვება, მაგრამ "ვარსკვლავი" (ასე ითარგმნება სიტყვა "სტიაუა" რუმინულიდან) თავისი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. "სტიაუამ" რუმინეთის ჩემპიონატი 23-ჯერ, ხოლო ქვეყნის თასი 25-ჯერ მოიგო. "ზესტაფონი" და "სტიაუა" ადრე უკვე შეხვედრიან ერთმანეთს. ეს ერთი წლის წინ მოხდა. მაშინ მატჩი რუმინელთა მინიმალური გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.
საანგარიშო მატჩი დაბა უტენდორფის სტადიონზე 7 ივლისს გაიმართა. შეხვედრა საქართველოს ჩემპიონის სრული უპირატესობით ჩატარდა. "ზესტაფონი" ბურთს აკონტროლებდა, ასე ვთქვათ, პირველ ნომრად თამაშობდა და დიდი ძალებით უტევდა, მეტოქე კი თავს იცავდა და კონტრიერიშებზე ამყარებდა იმედს. გოლის გატანის შესაძლებლობა შეექმნა როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს, მაგრამ შედეგიან დარტყმამდე არ მისულა საქმე და თამაში უგოლოდ - 0:0 დასრულდა. "ზესტაფონმა" ეს მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: კვახაძე (მამალაძე, 69`), ღონღაძე (ბენაშვილი, 69`), კობახიძე (კაჭკაჭიშვილი, 69`), საჯაია (თედო გრიგალაშვილი, 46`), ელიავა (თორნიკე გრიგალაშვილი, 69`), მენთეშაშვილი (მუჯირი, 46`), გორგიაშვილი (რაჟამაშვილი, 72`), აფციაური (ბაბუნაშვილი, 62`), შარიქაძე (სამუშია, 75`), ოვონიკოკო (სარდალიშვილი (62`), დვალი (გუგუჩია, 62`).
Eს "ზესტაფონისთვის" ავსტრიულ შეკრებაზე ჩატარებული მეორე საკონტროლო მატჩი იყო. პირველ შეხვედრაში ფეროელებმა ბულგარეთის თასის გამარჯვებული, პლოვდივის "ლოკომოტივი" დაამარცხეს ანგარიშით 3:2.
ამავე დღეს ასევე ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონის" მეტოქემ უფრო წარმატებული სპარინგი ჩაატარა. "ნეფთჩისაც" რუმინეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ბუქარესტის "დინამო" ჰყავდა სპარინგად. ის თამაში აზერბაიჯანელებმა 2:0 მოიგეს. ამ შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა იმამვედრდიევმა, რომელსაც "ნეფთჩის" სიერალეონელმა ლეგიონერმა ჯულიუს ვობეიმ გაუწია ასისტირება. მანვე გაიტანა მეორე გოლი და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფორვარდის განეიტრალება იქნება "ზესტაფონის" დაცვის ხაზის მთავარი ამოცანა.
მორიგ სპარინგს "ზესტაფონი" 10 ივლისს გამართავს. მისი მეტოქე იქნება ჩეხური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი, ლიბერეცის "სლოვანი".