ქრისტინემ ისარი საოლიმპიადოდ მოზიდა
საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ლონდონში მშვილდოსნებიც ეყოლება.
24 საათი 10.07.12
საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ლონდონში მშვილდოსნებიც ეყოლება.
წარმომადგენელი მხოლოდ ერთია - ქრისტინე ესებუა, რომელმაც ქეთევან ლოსაბერიძის შემდეგ ერთადერთმა შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მედლის მოპოვება. ვერცხლის მედალი ქრისტინემ შარშან ტურინში დაისაკუთრა (ლოსაბერიძემ მსოფლიო ჩემპიონატების ორი ოქროს მედალი გუნდურში მოიპოვა და არა პირადში).
ქართველი მშვილდოსანი ახლა ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება და თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მას და მის კორეელ მწვრთნელს, ან ჰეიუნგ სეიუნგს სურთ, იქნებ მედალსაც გამოჰკრან ხელი. ქრისტინე ესებუას ნამდვილად შესწევს ამის ძალა. ყოველ შემთხვევაში, მან ეს მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე დაამტკიცა. აღარაფერს ვამბობთ იმავე წელს ევროპის ზამთრის ჩემპიონატის ოქროს, გუნდურში მოპოვებულ ვერცხლისა თუ ბრინჯაოს მედლებზე. ახალი კი ის არის, რომ მაისის მიწურულს ამსტერდამის ევროპის ჩემპიონატზე თავის ნადავლს ბრინჯაოს მედალიც შემატა.
საგზურების განაწილების ცოტა უცნაური წესი რომ არა, საქართველოს ნაკრები ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, სულ ცოტა, ორი მშვილდოსნით უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ, იმის გამო, რომ ინდივიდუალურში ქვეყანას მხოლოდ ერთი საგზური ეძლეოდა, ტურინის მსოფლიო პირველობაზე პირად პირველობაში სალიცენზიო ზონაში შესული ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრი ხათუნა ნარიმანიძე ულიცენზიოდ დარჩა. ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც იმავე მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურში ჩვენს ნაკრებს დამართეს. საქართველოს ნაკრებს თითქმის მოპოვებული სამი საგზური წაართვეს, როცა მასპინძელ იტალიასთან მოგებული შეხვედრა წესების დარღვევით გადაათამაშებინეს. ასე რომ არ მომხდარიყო, ლონდონში სამი მონაწილე გვეყოლებოდა და, პირადთან ერთად, გუნდურშიც ვიასპარეზებდით.
ტურინის მსოფლიო ჩემპიონატმა ისიც დაამტკიცა, რომ საქართველომ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც უკრაინიდან სამშობლოში დააბრუნა ქრისტინე.
ესებუა აფხაზეთიდანაა - დევნილი ოჯახის შვილია, რომელიც მშობლებმა ომს გაარიდეს და უკრაინაში გადაბარგდნენ. მალე გოგონა სახელოვანი მწვრთნელის მონიკა სიმუნსის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ქრისტინე მშვილდოსნობაში დაახელოვნა. თანაც ისე, რომ მალე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებიც მოიპოვა.
საქართველოში დაბრუნება თავად სპორტსმენსაც სურდა - ამ თემაზე პირველად დედამისი დაუკავშირდა ჩვენს ფედერაციას.
ლონდონის ოლიმპიურ სასროლეთზე მხოლოდ ქრისტინე ესებუას იმედად ვართ, რომელიც მისთვის მეორე თამაშებზე (პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე შესარჩევი ეტაპი მე-17 შედეგით დაასრულა, ფლეი-ოფში კი 1/16-ფინალიდან გამოვარდა) მოსინჯავს ძალას.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეში ორჯერ ვარჯიშობს მარტო, თანაგუნდელების გარეშე. მშვილდოსნობის ფედერაციაში ჩათვალეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მწვრთნელი მხოლოდ ესებუას მოამზადებდა და მთელ ყურადღებას მასზე გადაიტანდა, რაც გარკვეულწილად სწორი ნაბიჯია. ნაკრების კორეელი მწვრთნელი ესებუას ყოველ გასროლას ვიდეოფირზე იწერს და მერე შეგირდთან ერთად განიხილავს, აანალიზებს, რისი საშუალებაც გუნდთან ერთად მუშაობის შემთხვევაში არ ექნებოდა.
არადა, მშვილდოსნობა არ იზიდავდა. მხოლოდ დედის თხოვნით დაიწყო ვარჯიში. დედა ყოფილი მშვილდოსანია, რომელმაც სამივე შვილი აზიარა სპორტის ამ სახეობას.
ქრისტინე ესებუა ვაკეში 22 ივლისამდე ივარჯიშებს, მერე კი ლონდონში გაემგზავრება დელეგაციის პირველ ჯგუფთან ერთად, რადგან ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე ადრე ის ჩაებმება თამაშებში - 27 ივლისს ოფიციალური ვარჯიშია, 28-ში კი - პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირი.