ლონდონის 9.63 წამი
"რას ამბობთ, მე ჯერ ლეგენდა არ ვარ. აი, დავიცავ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს და მაშინ ლეგენდა ვიქნები".
24 საათი 07.08.12
უსეინ ბოლტი
"რას ამბობთ, მე ჯერ ლეგენდა არ ვარ. აი, დავიცავ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს და მაშინ ლეგენდა ვიქნები".
ეს გახლავთ უსეინ ბოლტის ყველაზე სერიოზული გამონათქვამი პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან ლონდონის ოლიმპიადამდე. ერთი შეხედვით ეს ოთხი წელი ბოლტმა მხიარულად გაატარა. თითქმის არ ტოვებდა გლამურულ შეკრებებს, მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნაზეც კი გამოჩნდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბოლტმა რამდენჯერმე წააგო გარბენი თავისივე თანამემამულე იოჰან ბლეიკთან და არაერთი ტრავმა მოიშუშა, თუმცა, საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ბოლტი ლონდონისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. მან ლონდონში დაამტკიცა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ადამიანია.
ბოლტმა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთი ოქრო მოიგო. როდესაც ფინალურ გარბენში ბოლტი სარბენ ბილიკზე გამოჩნდა, ის მაქსიმალურად იყო კონცენტრირებული. პეკინის ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, უსეინი ხელების ქნევით როდი გარბოდა. არც მჯიღს იცემდა ფინიშის სწორზე. მან, უბრალოდ, ერთი უკან გამოიხედა და დაინახა, თუ რამდენით ჩამოიტოვა კონკურენტები.
"გარბეინის სტარტმა ცოტა მანერვიულა. სტარტი არც ისე ძლიერი მაქვს. გარბენის წინ მწვრთნელმა მითხრა კიდეც, დაივიწყე სტარტი და ფინიშზე მოახდინე კონცენტრაციაო. ჩემი უძლიერესი მხარე სწორედ ფინიშია. ეს ბრწყინვალე იყო. ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა", - განაცხადა უსეინ ბოლტმა, რომელმაც 100-მეტრიანი სპრინტი 9.63 წამში გაირბინა და ახალი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.
100 მეტრზე სირბილი ოლიმპიური თამაშების მშვენებად ითვლება, თუმცა, წლეულს, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სასაცილო ფინალი ვიხილეთ. მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერებმა ოლიმპიადის მშვენება შოუდ აქციეს. აბა, როგორ გინდა სერიოზულად უყურო დისტანციას, რომლის ფავორიტები მთელი სეზონის განმავლობაში ოხუნჯობდნენ. ბოლტი ხან მოკრივეს განასახიერებდა, ხან - დიჯეის, ბლეიკი ტელეკამერებს ფხაჭნიდა, პაუელმა საკუთარ წვერზე ჩაატარა ექსპერიმენტები. მოკლედ, ეს სამეული თავადაც ერთობოდა და ჩვენც გვართობდა. თუმცა, გარბენი მაინც უნიკალური გამოდგა და ეს, პირველ რიგში, ბოლტის დამსახურებაა.
გლამურული საზოგადოების ნამდვილ წევრად ქცეული უსეინ ბოლტი ლონდონის ოლიმპიადის ასმეტრიანი დისტანციის ფინალურ გარბენზე ბობ მარლის ქალიშვილის დიზაინის ფორმით გავიდა, თუმცა, უსეინი სტარტზე აბსოლუტურად უგემოვნოდ ჩაცმულიც რომ ყოფილიყო, ფინიშის შემდეგ ტაბლოზე ანთებული 9.63 წამი ნათლად დაგვანახებდა, თუ ვისთან გვაქვს საქმე.
ის ლეგენდაა!!!