ყველაფერი პოზე ეკიდა
ფინალი თან იყო და თან - არა. ბრწყინვალე, შეუდარებელი, განუმეორებელი... ყველაფერი ამის და კიდევ ამაზე ბევრად მეტის თქმა ევროპის ახალი ჩემპიონის, მანამდე ევროფორუმის ფინალის ექვსგზის წამგები ესპანეთის ლიდერზე, პო გასოლზე შეგვიძლია. ნაღრძობი თითით, ნატკენი ზურგით, ოკეანისგაღმეთის ზელიგის სუპერფინალებში თამაშით გადაღლილი გასოლი იყო ის ფიგურა, რომელმაც ფინალის პირველივე წამებიდან წალეკა სერბეთის ნაკრები და ისე ითამაშა, როგორც... პრინციპში, უნდა ეთამაშა.
24 საათი 22.09.09
ფინალი თან იყო და თან - არა. ბრწყინვალე, შეუდარებელი, განუმეორებელი... ყველაფერი ამის და კიდევ ამაზე ბევრად მეტის თქმა ევროპის ახალი ჩემპიონის, მანამდე ევროფორუმის ფინალის ექვსგზის წამგები ესპანეთის ლიდერზე, პო გასოლზე შეგვიძლია. ნაღრძობი თითით, ნატკენი ზურგით, ოკეანისგაღმეთის ზელიგის სუპერფინალებში თამაშით გადაღლილი გასოლი იყო ის ფიგურა, რომელმაც ფინალის პირველივე წამებიდან წალეკა სერბეთის ნაკრები და ისე ითამაშა, როგორც... პრინციპში, უნდა ეთამაშა.
გასოლმა ორი წლის წინ ესპანეთში გამართული ფინალი მთლად თუ არ ჩააგდო, ყოველ შემთხვევაში, ისე ვერ ითამაშა, რომ მასპინძელს, ტურნირის უმთავრეს ფავორიტს დევიდ ბლატისა და ანდრიუშა კირილენკოს რუსეთისთვის მოეგო.
პომ იფრინა, მოსახსნელი მოხსნა, დასაფარს დაუფარა, ჩასაგდები თითქმის ყველაფერი ჩააგდო და აბა, როგორ იქნებოდა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ "ლეიკერსის" დიდი კაცი არ დაესახელებინათ.
ამ ტურნირზე გასოლის სტატისტიკა მაგარზე მაგარი იყო - 9 მატჩი, 25.7 წუთი, 18.7 ქულა, 8.3 მოხსნა, 1.2 პასი, 2.2 დაფარება, 1.3 ჩაჭრა, თამაშიდან ზუსტი სროლების 66.3-პროცენტიანი მაჩვენებელი.
29 წლის გასოლი თავისი ნაკრებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე, დავუშვათ, გერმანიისთვის - დირკ ნოვიცკი, საფრანგეთისთვის - ტონი პარკერი, რუსეთისთვის - კირილენკო, ლიტვისთვის - შარუნას იასიკიავიჩუსი. ფინალიც ისე დაიწყო პომ, რომ სერბეთი უშანსოდ დარჩა - პირველ ორ მეოთხედში მთელმა სერბეთმა 7 მოხსნა დააგროვა, გასოლმა კი - 8. ესპანელთა ყველა შეტევა პოს გავლით მიდიოდა, პირენეელთა ვარსკვლავს, ნენად კრსტიჩის გარდა, თუ მეორე მეურვეც ედგა გვერდით, მაშინ გასოლი იდეალური პასით თანაგუნდელს ამარაგებდა და ფავორიტი ნელ-ნელა, მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას, მეორე ტაიმში კი უფრო მეტად იყო თამაში, ვიდრე ფინალისთვის შესაფერისი ბრძოლა.
ერთ-ერთ ეპიზოდში კრსტიჩმა უნებლიეთ, მაგრამ მტკივნეულად მიარტყა პოს სახეში იდაყვი. პომ უბრალოდ გადახედა ნენადს, თვალებით ტაბლოსკენ ანიშნა, მიდი, ძმაო, შეხედე, რამდენს აგებთო და გაუღიმა. გაეცინა კრსტიჩსაც, რომელსაც ბოლო მეოთხედში თითქმის არ უთამაშია, ისევე როგორც პოს, რომლის და ძირითადის დანარჩენი წევრების მიერ დაწყებული საქმე ესპანელთა სათადარიგოებმა დაასრულეს. გასოლთან ვრცელი ინტერვიუდან ყველაზე საინტერესო ფრაგმენტები ამოვიღეთ.
- პო, გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას, რომელიც მთელმა ნაკრებმა დაიმსახურა. 2007-ში უძლიერესი შემადგენლობით ფინალი წავაგეთ, ამჯერად კი კალდერონის გარეშე, გაცილებით ახალგაზრდა შემადგენლობით, ოქროს მედლები მოიპოვეთ.
- მადლობას გიხდით ქომაგობისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, მოთმენისთვის. წინა ტურნირზე ვალდებულნი ვიყავით, ფინალი მოგვეგო, მაგრამ რუსეთს ბოლოში თითქმის ყველაფერი გამოუვიდა, ჩვენ კი შეცდომას შეცდომა მივაყოლეთ, რამაც ბოლო წუთებში თავდაჯერებულობა დაგვაკარგვინა. მოგება მაინც შეგვეძლო, მაგრამ არ გამოგვივიდა. როდესაც წინა ფინალს ვიხსენებ, ვერ ვხვდები, როგორ მოვახერხეთ იმ მატჩის წაგება. რუსეთი ძლიერი, მონდომებული იყო, მაგრამ ყველა კომპონენტში მათზე ძლიერები ვიყავით და უნდა მოგვეგო. ცუდია, რომ მაშინ ფინალი დავთმეთ, მაგრამ დამიჯერეთ, მაშინდელ იმედგაცრუებაზე აღარ ვფიქრობთ და მზად ვარ, თქვენგან ერთხელაც მივიღო მილოცვა.
- ერთხელაც გილოცავთ.
- დიდი მადლობა და შემდეგი კითხვა, თუ შეიძლება.
- საუკეთესოდ დაგასახელეს. ფინალში მართლაც შეუდარებელი იყავით.
- ფინალში ყველამ არაჩვეულებრივად ითამაშა. გახსოვთ, სერბეთთან წაგებული პირველი მატჩის შემდეგ რამდენს აკრიტიკებდნენ რუბიოს? ვერ ვხვდებოდი რისთვის, მაგრამ მას პირდაპირ ვუთხარი, ყველას გვჯერა შენი და დარწმუნებულნი ვართ შენს პროფესიონალიზმში. მიდი, რასაც აკეთებ, ის გააკეთე და ყველაფერი მშვენივრად იქნება-მეთქი. რუბიოს დამაჯერებელი თამაში ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. სერბებთან რომ წავაგეთ, მერე კი თურქებთანაც დავმარცხდით, ყველამ ეგრევე კალდერონი გაიხსენა, მაგრამ მთელი ესპანეთი შეგუებული იყო იმას, რომ ჩვენი ძირითადი პლეიმეიკერი ტურნირს გამოტოვებდა. რუბიომ და კაბეზასმა, ასევე რაულ ლოპესმა, მეორე ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული, თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს.
- ალბათ, საფრანგეთთან მოგებული მეოთხედფინალის შემდეგ საბოლოოდ ირწმუნეთ საკუთარი ძალების.
- საფრანგეთთან ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ამ მანამდეც გვჯეროდა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა რეალური იყო. ტონი პარკერის წინააღმდეგ ვცადეთ ყველაფერი, რაც ჩვენს არსენალში იყო და ამან გაამართლა. სერჯიო სკარიოლომ ფრანგებთან მაქსიმალურად მკაცრად თამაში დაგვავალა. მთავარი იყო, მეტოქის სწრაფი შეტევები შეგვეჩერებინა, რადგან ფრანგების მთავარი იარაღი სისწრაფე და არასტანდარტული თამაში იყო. ეს მოვახერხეთ და, შედეგად, ნახევარფინალში გავედით. თუმცა, საფრანგეთი მარტო ტონი არ იყო. დიაო, ტურიაფი, პიეტრუსი, სხვებიც... მომეწონა კოფი, რომელმაც მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა. ყოველ შემთხვევაში, ის მატჩები მაინც, რომლებიც მე ვნახე.
- პირველ მეოთხედში, როდესაც სერბებმა სწრაფი შეტევა არაზუსტი სროლით დაასრულეს, რუდი ფერნანდესი იმ სიმაღლეზე ახტა, რომ იდაყვი ლამის რკინის რკალს შეახო. სკარიოლომ თქვა, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ამ თამაშს არ წავაგებდითო.
- რუდი გენიოსია. ის ნახტომი კი მართლაც საოცარი იყო. ფერნანდესი ამერიკაში ჩატენვების კონკურსში გამოდიოდა, თუმცა მანამდეც ყველამ იცოდა, რომ მას ფენომენალური ფიზიკური მონაცემები ჰქონდა. საუკეთესოდ დამასახელეს, მაგრამ ჩემი ფავორიტი რუდი ფერნანდესია. მატჩიდან მატჩამდე უმატებდა და ფინალში, პირველ ნახევარში, როგორც კი სერბეთი ანგარიშში ჩამორჩენას ამცირებდა, რუდი ან ზუსტი სროლით, ან შეტევაში მოხსნით ჩვენს ახალ გაქცევას უდებდა სათავეს.
- თავიდან სასტარტოში მარკი იყო, მერე და მერე სკარიოლომ ძირითადში თქვენ დაგაყენათ, მარკი კი სათადარიგოებში გადავიდა. ამანაც გაამართლა.
- მწვრთნელმა უკეთ იცოდა, ვინ სად და როდის უნდა დაეყენებინა. მარკთან ერთად ხშირად ვიდექი ხუთეულში. ჩემმა ძმამ მაგრად მოუმატა და მჯერა, რომ წლევანდელ რეგულარულში, არაამერიკელ ცენტრებში გამორჩეული ფიგურა იქნება.
- "ლა ბომბამ" (ნავარო, რედ.) მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელათ.
- ნავაროს იუმორის განსაკუთრებული გრძნობა აქვს. საუკეთესო არ ვარ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ უძლიერეს მაღალ მოთამაშეებს ბევრით ჩამოვრჩები. ალბათ, გარკვეულ ნიუანსებს მივხედავ, გამოვასწორებ რამდენიმე სათამაშო ელემენტს, მაგრამ, არ დაგიმალავთ და, ამ ეტაპზე საკუთარი თამაშით, კონდიციებით უკმაყოფილო არ ვარ.
- ელოდით სერბეთის ასეთ სუსტ თამაშს?
- სერბეთს სუსტად არ უთამაშია. უბრალოდ, ჩვენ მთელ ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. სერბეთს არაჩვეულებრივი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი ოპონენტის გამწარება შეეძლო. თითქმის ყველა სერბი კარგად ისვრის შორიდან, კრსტიჩის სახით ნაკრებს გამოცდილი ლიდერი ჰყავთ. მოუმატეს ველიჩკოვიჩმა, პეროვიჩმა. სხვებიც უმაღლესი დონის კალათბურთს თამაშობენ. რაც მთავარია, სერბეთს უდიდესი მწვრთნელი უდგას სათავეში. ივკოვიჩი გიგანტია.
- პო, წინ დამღლელი, დაძაბული რეგულარული გაქვთ. "ლეიკერსის" შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოგიწევთ.
- ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. "ლეიკერსი" ამ სეზონში შარშანდელზე არანკლებ ძლიერი იქნება. დავიმატეთ რონ არტესტი, რომელიც დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა დაცვაში და, საერთოდ, ჭკვიანი, გამოცდილი მოთამაშეა. გუნდში დარჩა ლამარ ოდომი, ბაინუმი წელს უფრო სახიფათო, გამოცდილი იქნება. რაც მთავარია, "ლეიკერსში" კობი ბრაიანტი და ფილ ჯექსონი იქნებიან. ასე რომ, ვნახოთ. საინტერესო, დაძაბული, ძნელად პროგნოზირებადი სეზონი იქნება.