“ატლანტამ” ზედიზედ მეოთხედ წააგო
2009 წლის დასასრული და 2010 წლის დასაწყისი უიღბლო გამოდგა “ატლანტა ჰოუქსისთვის”.
24 საათი 06.01.10
2009 წლის დასასრული და 2010 წლის დასაწყისი უიღბლო გამოდგა “ატლანტა ჰოუქსისთვის”.
ზაზა ფაჩულიას გუნდმა ზედიზედ ოთხი თამაში წააგო. გუშინ, გამთენიისას, “ქორები” მაიამის სტუმრობდნენ და ადგილობრივ “ჰითთან” დამარცხდნენ. მაიამელმა კალათბურთელებმა უბადლოდ ითამაშეს დაცვაში და სტუმრებს მხოლოდ 75 ქულის მოგროვების საშუალება მისცეს. შეუდარებელი იყო დუეინ ვეიდი, რომლის შეჩერება ჯორჯიელებმა ვერაფრით ვერ მოახერხეს. საბოლოოდ “ჰითმა” ანგარიშით 92:75 გაიმარჯვა. ზაზა ფაჩულიას არც ამჯერად ჰქონდა საკმარისი სათამაშო დრო. ქართველმა ცენტრმა მისთვის განკუთვნილ 10 წუთში 3 ქულა დააგროვა. ზაზამ სამი ტყორცნიდან ერთი შეასრულა ზუსტად, ორი საჯარიმოდან კი ერთი გამოიყენა.
აშკარაა, რომ ჯორჯიულ კლუბს კრიზისი დაეწყო. ზედიზედ ოთხ წაგებას “ატლანტასგან” არავინ ელოდა, თუმცა, “ქორების” სატურნირო მდგომარეობაზე ამ ოთხ მარცხს განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. “ჰოუქსი” აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მეოთხე პოზიციაზეა.
ევროპაში მცირე პაუზის შემდეგ განახლდა ეროვნული ჩემპიონატები. იტალიაში ორივე ქართველის გუნდმა მოიგო. მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუმ” საკუთარ მოედანზე იოლად დაამარცხა ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი “აველინო” - 85:61.
მარკოიშვილმა მატჩი სასტრატო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ამ შედეგით ის თანაგუნდელებში მხოლოდ მაარტენ ლეუნენსა და ნიკოლას მაცარინოს ჩამორჩა.
ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსმა” გასვლით მატჩში “ვანოლი” 74:69 დაამარცხა. სანიკიძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მწვრთნელებმა მას მხოლოდ 12 წუთით მისცეს მოედანზე ყოფნის საშუალება. დროის ამ მონაკვეთში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 5 ქულისა და 4 მოხსნის დაგროვება მოასწრო.
წარმატებით თამაშობს ესპანეთის ჩემპიონატში ტაირონ ელისის “კახასოლი”, რომელმაც მორიგ ტურში “მანრესას” 62:59 სძლია.
ბოლო მატჩებისგან განსხვავებით, “მანრესასთან” დაპირისპირება ელისისთვის არცთუ ისე შედეგიანი გამოდგა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მოედანზე გატარებულ 29,32 წუთში მხოლოდ 8 ქულას მოუყარა თავი, რასაც 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაც დაუმატა.
“კახასოლისგან” განსხვავებით, წარუმატებლად ასპარეზობს ნიკა ცქიტიშვილის “ფუენლაბრადა”. ქართველის გუნდი ესპანური კალათბურთის ერთ-ერთ ლიდერს, მადრიდის “რეალს” სტუმრობდა და დიდი შესვენების წინ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, მაგრამ მომდევნო პერიოდებში ეტორე მესინას გუნდის უპირატესობა აშკარა გახდა და “ფუენლაბრადა” 72:88 დამარცხდა.
ცქიტიშვილი სტუმართა იმ სამ კალათბურთელს შორის მოხვდა, რომლებმაც 10-ქულიან ზღვარს უწიეს. “სკიტამ” 6 ორქულიანიდან და 3 სამიანიდან 2-2 ტყორცნა გამოიყენა და მოპოვებულ 10 ქულას 4 მოხსნაც დაუმატა.