ქართული დღე იტალიაში
ქართული საკალათბურთო ლეგიონისთვის გასული უქმეები წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ.
24 საათი 02.03.10
სანიკიძე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ქართული საკალათბურთო ლეგიონისთვის გასული უქმეები წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ.
ამის მთავარი მიზეზი იტალიასა და გერმანიაში მოასპარეზე ქართველები არიან. იტალიურ სერია ა-ში მოთამაშე ორივე ქართველი ბრწყინვალედ გაისარჯა. ვიკა სანიკიძის გუნდმა გაიმარჯვა, მანუჩარ მარკოიშვილს კი თანაგუნდელებმა ვერ აუბეს მხარი. თუმცა, ჯობს, უცხოეთში მოთამაშე ქართველებზე საუბარი NBA-თი დავიწყოთ.
რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა "ატლანტა ჰოუქსმა". "ქორებმა" საკუთარ "ფილიპს არენაზე" "მილუოკი ბაკსს" უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 106:102 დაამარცხეს.
თამაში დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 92:92 დასრულდა, ოვერტაიმში კი მცირე უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ და საბოლოოდ თამაშიც ჯორჯიელებმა მოიგეს.
რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე გატარებულ 14 წუთში აქტივში 5 ქულა და ამდენივე მოხსნა ჩაიწერა. ამ გამარჯვების შემდეგ "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე დამკვიდრდა.
ევროპულ ლეგიონერებზე საუბრისას კი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი იტალიაში მოასპარეზე ქართველები არიან.
აპენინური ჩემპიონატის მორიგ ტურში სანიკიძის "კანადიან სოლარმა" "ბანკა ტერასა" ანგარიშით 77:66 დაამარცხა. ამ თამაშში ვიქტორ სანიკიძე უდავოდ გამორჩეული ფიგურა იყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე გატარებულ 18 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვიკა თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანიც იყო.
ამ გამარჯვების შემდეგ 12 მოგებითა და 7 მარცხით ბოლონიელები მე-5 ადგილზე დამკვიდრდნენ. სანიკიძის გუნდს ორი გამარჯვებით ჩამორჩება მანუჩარ მარკოიშვილის "მედიკალ კანტუ", რომელიც ამ ტურში "სკავოლინისთან" მატჩში ანგარიშით 81:93 დამარცხდა.
სანიკიძისგან განსხვავებით, "მანუმ" მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 14 ქულით, 6 მოხსნით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ამ მარცხის გამო კანტუელები 19 ტურის თავზე მე-9 ადგილამდე დაქვეითდნენ.
გულშემატკივარი გააოცა გერმანულმა "მიტელდოიჩერმა", რომელმაც ბუნდესლიგის მორიგ ტურში გერმანული კალათბურთის აღიარებული ლიდერი - "ალბა" ანგარიშით 71:69 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა "მგლების" ქართველმა გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ.
მოედანზე გატარებულ 16.35 წუთში გამყრელიძემ 10 ქულას მოუყარა თავი - სამივე ორქულიანი გამოიყენა, რასაც თითო საჯარიმო და სამქულიანი დაუმატა. ამის გარდა, მან აქტივში 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. ქართველმა უკანახაზელმა 5 პერსონალური მიიღო და ვადაზე ადრე გადაინაცვლა სათადარიგოებში.
ესპანეთის ჩემპიონატში ქართველთა გუნდები პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვიან. ნიკა ცქიტიშვილის "ფუენლაბრადა" ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას "ვალენსიას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 71:84 დამარცხდა. ცქიტიშვილი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და 16.57 წუთში 8 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. შენგელია "ვალენსიას" შემადგენლობაში არ გამოჩენილა.
უჩვეულოდ ცუდი დღე ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელ ყოფილ გამთამაშებელს ტაირონ ელისს, რომლის "კახასოლი" ერთპიროვნულ ლიდერთან "ბარსელონასთან" 64:71 დამარცხდა. ელისმა თამაშიდან ექვსივე სროლა ააცილა და თამაში 3 მოხსნითა და ამდენივე პერსონალური ფოლით დაასრულა.
პოლონეთის ჩემპიონატში გიორგი ცინცაძის "სოპოტმა" "პოზნანი" ანგარიშით 89:93 დაამარცხა.
ჩვენებურმა 18 წუთში 7 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ვოვა ბოისას "ზადარმა" ადრიატიკის ლიგის პლეი- ოფში გასვლის შანსი თითქმის დაკარგა. ხორვატული გუნდი გათამაშების მორიგ ტურში თითქმის უმოტივაციო სერბულ "ჟელეზნიკთან" 81:83 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.