ზღაპარი გრძელდება
1999 წლის 27 თებერვალს საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში დამარცხდა და მას შემდეგ ჩვენს კალათბურთელებს თბილისში არ წაუგიათ.
24 საათი 21.08.10
1999 წლის 27 თებერვალს საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე იტალიის ნაკრებთან შეხვედრაში დამარცხდა და მას შემდეგ ჩვენს კალათბურთელებს თბილისში არ წაუგიათ.
გავიდა თითქმის თერთმეტი წელი და აი, დავმარცხდით. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. საქართველოს ნაკრები ევროპული კალათბურთის გრანდი ნამდვილად არ გახლავთ, რომ მუდმივად იგებდეს, მაგრამ საწყენია, რომ ეს მოხდა მაინც და მაინც ახლა, როდესაც ასე ახლოს ვიყავით მიზანთან, როდესაც ზღაპარი რეალობად იქცეოდა - ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებდა.
შანსი კვლავაც არსებობს, თუმცა ალბათ, მხოლოდ თეორიული. სავარაუდოდ მომავალ წელს ფლეიოფის თამაში მოგვიწევს, ამისთვის კი დარჩენილი ორი თამაშის მოგება არის საჭირო.
რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, თითქოს ყველაფერი კარგად დაიწყო. სასტარტო ოთხწუთიანი მონაკვეთი საქართველოს ნაკრებმა პირწმინდად მოიგო, მაგრამ შემდეგ თამაში რადიკალარად შეიცვალა. ბელგიელებს გამოსდიოდათ ყველაფერი, საქართველოს ნაკრებს კი არაფერი.
ჩვენი სტუმრები დაცვაშიც კარგად თამაშობდნენ და შეტევაშიც რასაც ვერ ვიტყვით კოკოშკოვის შეგირდებზე. თუ პირველ ტაიმში დაცვაში თამაშს ასე თუ ისე ნორმალურად ვახერხებდით მატჩის მეორე ნახევარი, კერძოდ კი მესამე მეოთხედი ჩვენი ნაკრებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. სწორედ მესამე მეოთხედში გადაწყდა თამაშის ბედი. მეოთხე მეოთხედში კი თითქოს ჩვენი გუნდი მარცხსაც კი შეგუა.
გუშინდელი მარცხის ერთ-ერთ მიზეზად ჩვენი ნაკრების გადაღლილობა შეიძლება ჩაითვალოს, ბულგარულ-პოლონური ვიოაჟის შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირდაპირ ბელგიელებთან მოუხდა დაპირისპირება, ჩვენი მეტოქე კი თბილისს დასვენებული ეწვია, თუმცა როდესაც ფსონზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურია დაღლილობაზე ლაპარაკი არ შეიძლება.
ცხადია, მწვრთნელის შეცდომებზეც შეიძლება საუბარი, კალათბურთელების კრიტიკაც....
ნუ დაგვავიწდება, რომ ევროპული კალათბურთის ელიტარულ დივიზიონში დებიუტანტები ვართ, შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, ალბათ ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გუშინდლამდე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების რეალური შანსი გვექნებოდა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა არაერთი ლამაზი წუთი გვაჩუქეს მიზნამდე ერთი ნაბიჯი იყო დარჩენილი და ბელგიელებისგან ცივი შხაპი მივიღეთ. შესაძლოა მარცხის მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ამ დონეზე თამაშის გამოცდილება არ გვაქვს და გადამწყვეტი მატჩისთვის გუნდი ფსიქოლოგიურადაც არ იყო მომზადებული.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, რომელსაც გუშინ უკვე აკრიტიკებდნენ და ალბათ, მის კრიტიკას დღესაც მოვისმენთ. იგორ კოკოშკოვი მოგებული თამაშების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარს ხშირად არიდებს თავს და წარმატებაზე ლაპარაკის საშუალებას ბიჭებს აძლევს. გუშინ კი სწორედ ნაკრების მწვრთნელი გამოვიდა პირველი ჟურნალისტებთან და პასუხისმგებლობაც სრულად აიღო საკუთარ თავზე.
"პირველ რიგში მინდა მეტოქეს გამარჯვება მივულოცო. მათ უკეთ ითამაშეს. დიახ შესაძლოა ჩვენ გადაღლილები ვიყავით, მაგრამ ეს ჩვენი ცუდი თამაშის გასამართლებლად არ გამოდგება. მარცხის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ვეთამაშეთ ძალიან ძლიერ გუნდს, რომელსაც დღეს ყველაფერი გამოსდიოდა. პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ საკუთარ თავზე. თამაშს იგებენ კალათბურთელები და აგებს მწვრთნელი. ერთსაც დავამატებდი, ჩვენ წაგებაც უნდა ვისწავლოთ. დავმარცხდით პოლონეთში და აი დღესაც. მთავარია ახლა გუნდი არ დაიშალოს, ფსიქოლოგიურად არ მოეშვას და დარჩენილი ორი თამაშისთვის მოემზადოს. სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს რამდენად ძლიერები ვართ. ორი თამაში გვაქვს გასამართი და ორივე უნდა მოვიგოთ", - გვითხრა იგორ კოკოშკოვმა.
მარცხის მიზეზად გადაღლილობა არავის დაუსახელებია, თუმცა მოდით უბრალოდ თვალი გადავავლოთ გასულ კვირას. ბულგარეთში საქართველოს ნაკრებმა 14 აგვისტოს ითამაშა, სამი დღის შემდეგ პოლონეთში, კიდევ სამი დღე და თბილისური მატჩი. ექვს დღეში სამი თამაში აქედან ორი გასვლითი. ასეთ დონეზე თითოეულ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა. საქართველს ნაკრების ვოიაჟი მეტად მძიმე გამოდგა, მოგეხსნებათ ჩარტერისთვის თანხა არ გამოიძებნა, შესაბამისად ჩვენმა გუნდმა ექვსი დღის განავლობაში, ფაქტობრივად ნახევარი ევროპა შემოიარა და გადაიღალა. ქართველ კალათბურთელებს სისწრაფე აკლდათ, დროულად ვერ ასწრებდნენ პოზიციაზე ჩამოსვლას და ამიტომ მოხდა, რომ ბელგიელებს ბევრი თავისუფალი სივრცე შეექმნათ სროილისთვის. კოკოშკოვის გუნდი კი ამ სივრცეებს მოკლებული იყო.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელებიდან ვიქტორ სანიკიძემ და ზაზა ფაჩულიამაც ისაუბრეს.
ვიქტორ სანიკიძე: "ვიცი, რომ მწვრთნელმა მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა მარცხი მისი ბრალი ნამდვილად არ არის, ჩვენ ვერ ვითამაშეთ. რაც შეეხება გადაღლილობას ამით თავს ვერ ვიმართლებთ".
ზაზა ფაჩულია: "ამ მატჩამდე ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, თუ დავამარცხებდით ბელგიას და მოვიგებდით დარჩენილ ორ მატჩსაც ევროპის ჩემპიონატზე გავდიოდით. ახლა ყველაფერი შეიცვალა. საჭიროა დარჩენილი თამაშების მოგება და უკვე სხვა თამაშების შედეგებს უნდა დაველოდოთ. თბილისში მართლაც ძალიან დიდი ხანია არ წაგვიგია და საწყენია, რომ ეს ახლა მოხდა, მაგრამ ჩვენ დაუმარცხებელი გუნდი არ ვართ. ასე რომ იყოს, დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი არ ვითამაშებდით, არამედ თურქეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოვემზადებოდით. მერწმუნეთ ეს მარცხი ჩვენზე მეტად არავის სწყენია. წაგების მიზეზი კი ისაა, რომ მეტოქემ ჩვენზე უკეთ ითამაშა. შეცდომები ყველას ჰქონდა, ახლა იმაზე საუბარი არ ღირს ვინ შეცდა უფრო მეტად. ჩვენი ერთი ოჯახი ვართ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ."
ცხადია მატჩის შემდეგ არც ბელგიელებმა იუარეს მედიასთან საუბარი.
ედი კასტელსი (ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ბრწყინვალედ ვითამაშეთ, შეიძლება ითქვას იდეალურად. ვულოცავ ჩემს ბიჭებს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, დღეს აშკარად ვერ ითამაშეს. კარგი გუნდი გყავთ და საკმაოდ პერსპექტიულიც".
კრისტოფ ბეგინი: "დღეს ყველაფერი გამოგვდიოდა. მთავარი იყო დაცვაში გვეთამაშა კარგად. მართალია შეხვედრის საწყის წუთებში თითქოს ჩაგვეძინა, მაგრამ დროზე მოვეგეთ გონს და თამაში გამოვასწორეთ. რაც შეეხება თქვენს გუნდს. საქართველოს ნაკრები საკმაოდ ახალგაზრდა და პერსპექტიული კოლექტივია, მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპული კალათბურთის ელიტაში ითამაშოს".
აქსელ ერველი: "ძალიან მაგრად ვითამაშეთ. ქართველები კი აშკარად გადაღლილები იყვნენ. ჩვენც ასე დაგვემართა პოლონეთთან მატჩში. საქართველოს ნაკრები ჩვენ ორი უმძიმესი მატჩის შემდეგ დაგვიპირისპირდა და გადაღლილობამ თავი იჩინა. ბედნიერი ვარ, რომ ეს თამაში მოვიგეთ. გუშინაც აღვნიშნე, რომ სწორედ თბილისურ მატჩი გადაწყდებოდა ბევრი რამ. შეხვედრის დასრულებისას მომხდარ ინციდენტზე კი ყურადღების გამახვილებაც არ ღირს. თქვენი ნაკრების კალათბურთელს ოდნავ ნერვებმა უმტყუნა. არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა."
საქართველო - ბელგია 63:86
18:15, 11:21, 17:29, 17:21
სასტარტო ხუთეული:
საქართველო: ფაჩულია (11+4 მ+2 დ+1 პ+1 ჩ), გრინი (11+3 მ), შენგელია (9+3 დ+2 მ), სანიკიძე (8+10 მ+3 პ+2 ჩ+2 დ), ცინცაძე (3+2 მ).
ბელგია: ფაისონი (16+5 მ+3 ჩ), ერველი (15+9 მ+2 პ), ვან როსომი (13+3 ჩ+2 მ+1 პ), მოორსი (5+3 მ), ვან დენ შპიგელი (5+4 მ).
სათადარიგოები:
საქართველო: შერმადინი (9+2 მ+1 პ), მარკოიშვილი (5+2 მ+1 პ), ცქიტიშვილი (5 ქ), მეტრეველი (2), გამყრელიძე (2 პ), ტუღუში.
მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
ბელგია: ბეგინი (15+3 მ+3 პ), ტაბუ-ებომა (5+2 პ+1 მ+1 ჩ), ვან დერ იონკჰაიდი (5+3 მ+1 ჩ+1 პ), ლოუერსი (5+4 პ+1 მ), მუია (2+1 პ), დრიზენი, ოვენეკე.
მთავარი მწვრთნელი: ედი კასტელსი