"დალასი" დასავლეთის ჩემპიონია
დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეხუთე მატჩში "დალასმა" ანგარიშით 100:96 დაამარცხა "ოკლაჰომა" და NBA-ს ფინალში გავიდა.
24 საათი 27.05.11
ნოვიცკი და კომპანია დასავლეთის ჩემპიონობას ზეიმობს
დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეხუთე მატჩში "დალასმა" ანგარიშით 100:96 დაამარცხა "ოკლაჰომა" და NBA-ს ფინალში გავიდა.
დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული ცნობილია. კიდევ ერთი შეხვედრის ბრწყინვალე დასასრული, კიდევ ერთი დაბრუნება და რიკ კარლაილის შეგირდები სკოტ ბრუკსის ბიჭებს შვებულებაში უშვებენ. გამარჯვება უდავოდ დამსახურებულია. საქებარ სიტყვებს "ოკლაჰომაც" იმსახურებს. დიახ, წააგეს, დიახ, ვერაფერი დაუპირისპირეს ტექსასელი ვეტერანების თავდაჯერებულობას, დიახ, ვერ შეაჩერეს შეუდარებელი დირკ ნოვიცკი, დიახ, ვერ მოიგეს თავის მოედანზე ვერც ერთი მატჩი, დიახ, პერიოდულად, განსაკუთრებით თამაშის დასკვნით ეპიზოდში, როდესაც "დალასი" საფინიშო სპურტის აწყობდა, თავის თავს არ ჰგავდნენ.
მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ოკლაჰომელთა ახალგაზრდა გუნდი პროგრესირებს, ერთი წლის წინ ამ გუნდმა "ლეიკერსს" ნერვები მოუშალა, მაგრამ მაინც წააგო. მაშინ "ოკლაჰომას" ყველა აქებდა. ამბობდნენ, რომ ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს. ეს მომავალი უკვე დადგა. სულ რაღაც ერთი სეზონი გავიდა და ოკლაჰომელებმა კონფერენციის ფინალში იომეს. ნუთუ ეს პროგრესი არ არის? ჯერჯერობით ამ ახალგაზრდულ გუნდს არც გამოცდილება და არც ძალა ჰყოფნის უფრო მეტზე, თუმცა, თუ "ოკლაჰომამ" არჩეულ გზას არ გადაუხვია, თუ კევინ დიურანი წაგებულმა ფინალმა არ გატეხა, სულ მალე მოვა ის დღე, როდესაც "ოკლაჰომა" NBA-ს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. დიურანი გარკვეულწილად ნოვიცკისაც შეიძლება შევადაროთ. კევინი, ისევე როგორც გერმანელი გენიოსი, ნამდვილ სათასო მოთამაშედ მოგვევლინა.
ცნობისთვის: სანამ გამარჯვებული გუნდი თავის დაუოკებელ მფლობელ მარკ კიუბანთან ერთად NBA-ს ფინალში გასვლას მოედნის ცენტრში ზეიმობდა, დიდი გერმანელი მოკრძალებულად გვერდით იდგა. მისთვის კონფერენციის მოგება არაფერს ნიშნავს. მრავალრიცხოვან ჟურნალისტებთან საუბარში სწორედ ამას გაუსვა ხაზი ნოვიცკიმ. "ასეთი ტიტული უკვე მაქვს, - თქვა "მავერიქსის" გერმანელმა ლიდერმა, - დღევანდელი გამარჯვება ერთდღიანი ზეიმია. მოდი, გავიხსენოთ, რა დავისახეთ მიზნად გასული წლის ოქტომბერში. ეს მიზანი ჯერ მიღწეული არ არის".
ნოვიცკის აქვს მიზეზი, არ იზეიმოს ვადაზე ადრე. "დალასი" NBA-ს ფინალში სულ მეორედ გადის. პირველი ფინალიც "დირკის ეპოქას" ემთხვევა. 2006 წლის ფინალში ტექსასელები სერიას 2:0-ს იგებდნენ და საბოლოოდ 2:4 დამარცხდნენ. იმ მარცხით მიყენებული ჭრილობა ჯერაც არ მოშუშებულა. იმ ფინალში ბევრი რამ მოხდა. ისიც კი ითქვა, რომ "მავერიქსი" მსაჯებმა გაწირეს.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ 2006 წლის ფინალში "დალასის" მეტოქე "მაიამი" იყო. სწორედ ის "მაიამი", რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში "ჩიკაგოს" ამარცხებს. თუმცა, როდესაც ვამბობთ "სწორედ ის "მაიამი", ალბათ ვცდებით. ხუთი წლის წინ "ჰითის" ღირსებას შაკილ ო`ნილი და გერი პეიტონი იცავდნენ და "დიდი სამეულის" შესახებ არავინ იცოდა. თუმცა, დუეინ უეიდი მაშინაც "მაიამის" ღირსებას იცავდა და ფინალში MVP-ს ტიტული მოიპოვა.
"მაიამის" ჯერ აღმოსავლეთ კონფერენცია აქვს მოსაგები და ამიტომ ახლა "დალასზე" საუბრის დროა. როგორ მივიდნენ ტეხასელები ფინალამდე? თითქმის ყველა თამაშის პირველ სამ მეოთხედში გუნდი იბრძოდა, ჭიდაობდა, მეოთხე მეოთხედში კი ერთი ზუსტი დარტყმით მეტოქეს ნოკაუტში უშვებდა. ბოლო, მეხუთე შეხვედრაში, "ოკლაჰომა" მეოთხე მეოთხედის წინ 15 ქულას ვერ იგებდა (მეოთხე მატჩში კევინ დიურანის გუნდს სწორედ ასეთი უპირატესობა ჰქონდა), თუმცა, თავისი პლუს რვა ოკლაჰომელებს მაინც ჰქონდათ. მატჩის დასრულებამდე 4.37 წუთით ადრე კი 6 ქულას იგებდნენ. "დალასის" საფინალო შტურმს მაინც ვერ გაუძლეს. ბრწყინვალედ ითამაშა შონ მერიონმა, რომელმაც მეოთხე მეოთხედში გუნდს 15 ქულა შესძინა. ამას დაემატა ნოვიცკის 9 ქულაც. სწორედ ნოვიცკიმ გატეხა საბოლოოდ სტუმრები. მატჩის დასრულებამდე 1.14 წუთით ადრე ნოვიცკიმ, რომელმაც წამის წინ სამქულიანი ააცილა (ამ მომენტისთვის "ოკლაჰომა" 94:92-ს იგებდა), ჯეისონ ტერისგან მიიღო გადაცემა და დაუფიქრებლად ესროლა კიდევ ერთი სამქულიანი, რომელმაც ამჯერად მიზანს მიაღწია. დარბაზი სიხარულისგან აფეთქდა, სტუმარი გუნდის კალათბურთელებმა კი ამ ზუსტი გასროლის შემდეგ ხელები ჩამოუშვეს.
საბოლოოდ მერიონმა და ნოვიცკიმ მეოთხე მეოთხედში ოთხი ქულით მეტი დააგროვეს, ვიდრე "ოკლაჰომას" კალათბურთელებმა, ყველამ ერთად. "დალასისთვის" ეს ბოლო 11 მატჩში მოპოვებული მეათე გამარჯვებაა. ტეხასელებს ისღა დარჩენიათ, NBA-ს ფინალს დაელოდნონ.
დალასი-ოკლაჰომა 100:96
26:27, 26:28, 20:21, 28:20
დალასი: ნოვიცკი (26+9 მოხსნა), მერიონი (26+8 მოხსნა+3 პასი+3 დაფარება), ბარეა (14+5 პასი), ტერი (12), ჩენდლერი (9+9 მოხსნა+2 დაფარება), ჰეივუდი (7), სტოიაკოვიჩი (3), კიდი (2+10 პასი+7 მოხსნა), სტივენსონი (1).
ოკლაჰომა: უესთბრუქი (31+8 მოხსნა+5 პასი), დიურანი (23+9 მოხსნა), ჰარდენი (23+6 პასი+5 მოხსნა), კოლისონი (12+12 მოხსნა+2 დაფარება), მეინორი (5), იბაკა (2), პერკინსი, სეფოლოშა, კუკი.
დალასმა მოიგო სერია 4:1