პირეოსს გაუმართლა
"ოლიმპიაკოსს" არ გაუმართლა.
24 საათი 03.02.12
ვასილის სპანულისი "ეფესთან" 18 ქულას იღებს
"ოლიმპიაკოსს" არ გაუმართლა.
არ გაუმართლა, რომ ცსკას ჯგუფში ჩაჯდა. არ გაუმართლა, რომ თურქეთში, წინა თამაშში, "გალათასარაის" გაუმართლა. არ გაუმართლა, რომ ვასილის სპანულისი (F, ბურთით) გუნდის ერთადერთი სუპერვარსკვლავია.
და გაუმართლა, რომ სპანულისი ჯერ "ოლიმპიაკოსშია".
"ეფესთან" ბერძნებს არ უნდა წაეგოთ. საკუთარ ტერიტორიაზე ბერძნები თურქებთან არ აგებენ. თითქმის არ აგებენ და "ეფესთან" სპანულისი ძალიან კარგი იყო.
34 წუთი, 6/3 საშუალო, 2/2 სამიანი, აკურატული დაცვა, ბევრი ნასროლი (10) და სასურველზე ცოტა (6) ჩაგდებული საჯარიმო. სპანულისმა თითქმის ყველაფერი მოასწრო და მისტერ "ოლიმპიაკოსზე" ცხრაჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლო მეოთხედამდე "ეფესმა" დაქაჩა და "ოლიმპიაკოსს" ყველაფერი თავიდან აქვს დასაწყები - 53:53. ბოლო მეოთხედში "ოლიპიაკოსმა" ამ ევროლიგაზე თავისი საუკეთესო მატჩი ითამაშა.
კოსტას სლუკასმა ამ მეოთხედში 10 ქულა აიღო და ბერძნები 24:5 გაიქცნენ. მერე დადგნენ, დაისვენეს და პირეოსს კიდევ ერთი მოგება აჩუქეს. პირეოსი ბედნიერი იყო.
პირეოსსაც გაუმართლა, რომ "ოლიმპიაკოსი" ჰყავს.
E ჯგუფი
ოლიმპიაკოსი (1:2)-ეფესი (1:2) 83:65, 20:12, 21:24, 12:17, 30:12 (სპანულისი 18+4 პ; სლუკასი 15+2 პ; დორსი 10+5 მ+3 დ; პაპანიკოლაუ 8+7 მ - ბარაჩი 14+8 მ; ვუიაჩიჩი 12+3 +2 პ; ბატისტა 11+6 მ; ლაფაიეტი 14 2 პ+2 ჩ).
* * *
"რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში, წინა ფლეი-ოფში, "ბილბაომ" გააგდო. ის "ბილბაო" არ შეცვლილა და ევროლიგაზეც შარშანდელი რუსტერით თამაშობს. ალექს მუმბრუ სანდო ვეტერანია, მარკო ბანიჩი თითქმის სულ ათ და მეტქულიანია, გუნდი დაცვაში ასაღებს იღებს. "რეალი" უკეთესი გუნდია. უკეთესი სპონსორით და უკეთესი ხალხით.
წინა ევროტესტში, საკუთარ ტერიტორიაზე "მონტეპასკისთან" მინუს 19 "რეალისთვის" მიუღებელი იყო. თუ იტალიელები "ბილბაოსთან" და "უნიკახასთან" არ წააგებენ, "რეალს" სიენაში 20 ქულა აქვს მოსაგები. თითქმის არარეალურია და მეოთხედფინალში "რეალი" ერთ უსიამოვნო გუნდზე გადის. ის გუნდი ჯერ არ აგებს და იმ გუნდში ანდრეი კირილენკო და ნენად კრსტიჩი ცელქობენ, შთამბეჭდავ სტატისტიკას ტოვებენ. იმ გუნდში მილოშ ტეოდოშიჩს ჯერ ეზარება თამაში და მალე უნდა აკრიფოს. ის გუნდი არის მოსკოვის ცსკა.
"ბილბაოსთან" ფავორიტმა თანაბრად, სიღრმით დაიწყო და დაამთავრა. მირზა ბეგიჩმა თავისი ყველა ქულა მესამე მეოთხედში აკრიფა და "რეალმა" ბოლო ათი წუთის წინ +14 შეინარჩუნა. დანარჩენებმა დარჩენილი დრო აითვისეს. კარგი იყო სერხიო როდრიგესი (F, ბურთით). ცოტა არასტანდარტული სროლით, არასტანდარტული აზროვნებით და კარგი სტატისტიკით - 3/3 საშუალო, 3/3 სამიანი, 7 პასი.
"ბილბაომ" 21 სამიანი გაუშვა. მხოლოდ 4 ჩასვა. "რეალთან" ამ (19) პროცენტით ვერ იგებენ. "რეალმა" 13 სამიანი ისროლა. 7 ჩააგდო. 53 % რესპექტაბელურია. "რეალიც" რესპექტაბელური იყო. ცსკამდე ჯერ დროა და "რეალმა" სიენაში +20 უნდა მოინდომოს. ცსკას რომ არ შეხვდეს.
F ჯგუფი
რეალი (2:1)-ბილბაო (1:2) 89:73, 26:16, 24:20, 19:19, 20:18 (ს.როდრიგესი 20+7 პ; ტომიჩი 15+7 მ; ბეგიჩი 12+5 მ; ქეროლი 11; სინგლერი 10+4 მ; ლიული 8+6 პ+3 მ - ბანიჩი 18+6 მ; მუმბრუ 17+4 მ+3 პ; ვასილიადისი 13; მავროედისი 8).
* * *
G ჯგუფი
უნიქსი (3:0)-არმანი (0:3) 59:44, 20:12, 16:8, 9:7, 14:17 (დომერკანტი 16+5 მ; სამოილენკო 12+4 პ+2 მ;ლიდაი 10+3 მ+2 პ; ვერემეენკო 2+11 მ - მელი 17+4 მ; ნიკოლასი 6+4 მ+3 პ).