Max Love
მინეაპოლისში წელს ბევრწლიანი ძმაკაცობაა მოსული.
24 საათი 19.02.12
მინეაპოლისში წელს ბევრწლიანი ძმაკაცობაა მოსული.
დენი ჰიტლი ყინულის მტვერს სახეს შეუშვერს, ჰოკეიში კარგ ჰოკეის ითამაშებს და "მინესოტა უაილდისთვის" (NHL) თითქმის ალექს ოვეჩკინია.
"ტიმბერვულვზში" საკალათბურთო მუღამი რიკი რუბიოს პასებმა და ესპანელის არაამერიკულმა ცელქობამ წამოიღო. რუბიო პოტენციური მგელია. ყველაზე რეალურ და პოპულარულ თეთრ მგელს მალე პრივატულ ბუნაგს მისცემენ. "ტიმბერვულვზი" ლიგის ერთ-ერთ კარგ ფორვარდს, მისტერ კევინ ლავს 25 იანვარს მაქსიმალურ ხელშეკრულებას აჩუქებს.
ჩარლზ ბარკლისთვის ლავი კარგი ბიჭია. ტოტალიზატორებზე შემჯდარმა სერმა პირდაპირ ეთერში თქვა, ლავი მიყვარს და მორჩა, ჩემი კაციაო.
ტიმ დანკანისთის ლავი იდეალური ლიდერია. ტიმიც იდეალური ლიდერია. ტიმი წამსვლელია. მალე დაისვენებს. ლავი რჩება. სხვებს დაასვენებს.
კევინი მშვიდი, ნორმალური, კარგი ამერიკელია. არ ათენებს კომპიუტერულ თამაშებზე და რომელიმე პამელა ანდერსონის გაცნობას არ ცდილობს. ისედაც ბედნიერია. ლავი კალათბურთშიც ნორმალური, ცოტა სტანდარტული, მოსაწყენი და მშვიდი ბიჭია. ხსნის მოსახსნელს. ბევრს ხსნის. შარშან ერთ ტესტში საშუალოდ 15 მოხსნაზე მეტი აკრიფა.
კევინმა სეზონის დაწყებამდე რამდენიმე არაპოპულარულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ვისკონსინში მოხუც ამერიკელებს მთელი დღე შეშის დაპობაში ეხმარებოდა. ერთი კვირის შემდეგ, რამდენიმე ახლობელთან ერთად, კენტაკიში სხვის ძაღლებს ასეირნებდა. ცუგები პატრონებს დაუბრუნა, როტვეილერის სუნი ხელიდან მოიშორა და დაისვენა. იმ მომენტში ლებრონის ბოულინგი, ფილ ჯექსონის შვილის ახალი რესტორანი და კრის ბოშის მურტალი სვირინგი უფრო პოპულარული გასაჭორი იყო. ტონი პარკერმა ევა ლონგორიას მესიჯი გაუგზავნა და ლავის თემა ერთმა ტექსტურმა შეტყობინებამ გადაფარა. ხდება ხოლმე. ლავი პოპულარობას არ ეძებს. ლავი უფრო დაკარგულ, მოსროლილ, გადაგდებულ ბურთს ეძებს და, ძირითადად, პოულობს. კევინი კარგი კალათბურთელია. უბრალოდ, სხვებზე უფრო ხშირად წერენ, ჭორაობენ. კევინისთვის სულ ერთია.
ლავი სანტა მონიკაში დაიბადა. ლოკაუტის დროს, ძირითადად, იქ იყო. ვარჯიშობდა, ორი ვიდეოთამაშის პრეზენტაციაზე მივიდა, ვერ გაერთო და ისევ დარბაზში წავიდა. ტრენაჟორებს ჩაუჯდა. სახლში რამდენიმე სენდვიჩი აითვისა, თაფლიანი რძე მოსვა და წაუძინა. ერთი დღის შემდეგ კიდევ ერთი ვარჯიში მოდის. კევინი მზად უნდა იყოს.
კევინ ლავი ლიგაში მეოთხე სეზონშია. პირველი რეგულარული რესპექტაბელური 11.1 ქულით და 9.1 მოხსნით დახურა. მეორე სეზონში უკეთესი სტატისტიკა წამოვიდა - 14.0+11.0. თავისი 2.3 პასით. შარშან კევინმა დუაიტ ჰოვარდზე, ყველა სხვაზე მეტი მოხსნა (15.2) აიღო. იქვე 20.2 ქულა და ორ-ნახევარი კარგი პასიც დატოვა. კევინის გუნდი ერთჯერადი იყო და ლავს ეს არ ეხებოდა. წელს, რუბიოსთან, დაქოქილ მაიკლ ბისლისთან და ლიუკ რიდნურთან ერთად, ლავი მეტს მოიგებს. უნდა მოიგოს. კევინი ცოტა მეტს, უკეთესს იმსახურებს. ეს სეზონი ლავმა ისევ ბევრი მოხსნით (როცა ეს წერილი იწერებოდა, 14.9 მოხსნას იფორმებდა) და 26.1 ქულით გახსნა. მინესოტამ" კინაღამ ლებრონს და უეიდს მოუგო.
2008-ში კევინი დრაფტის პირველ წრეში მეხუთე ნომრად "მემფისმა" აირჩია. ლავი, მაიკ მილერი, ჯეისონ კოლინზი და მისტერ ბრაიან კარდინალი შეფუთეს და მინეაპოლისში გაუშვეს. აქეთ კარგი პირველი ნომერი ოუჯეი მაიო, ჩვეულებრივი გრეგ ბაკნერი, ნიჭიერი მარკო იარიჩი და პენსიონერი ვარსკვლავი, ენტუან უოკერი გამოუშვეს. "მემფისში" მაიო ნორმალურ, სტანდარტულ კალათბურთს თამაშობს. დანარჩენები გაუშვეს. დანარჩენები დაძველდნენ. ლავი "მინესოტაშია" და გუნდი კევინში მომავალს ხედავს. 25 იანვარს კევინს კარგ კონტრაქტს მისცემენ. მინეაპოლისი მაქსიმალურ ლავს მიიღებს. მაგარია.