ბელგიური "შარლერუასა" და საქართევლოს საკალათბურთო ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს.
24 საათი 27.04.12

ბელგიური "შარლერუასა" და საქართევლოს საკალათბურთო ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს.
მართალია, თორნიკეს ტრავმამ შეუშალა ხელი, მაგრამ ფორმა მაინც აღიდგინა და გასულ შაბათს შედეგიანად ითამაშა. "ოსტენდეს" წინააღმდეგ 19 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ თორნიკე NBA-ს მომავალ დრაფტზე ასარჩევ კალათბურთელთა შორის იქნება და მისი აყვანა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ნებისმიერ გუნდს შეუძლია. 20 წლის ქრთველი ფორვარდის აგენტებმა NBA-ს შესაბამის კომისიაში უკვე გაგზავნეს დოკუმენტაცია.
მომავალი დრაფტის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდმა გამოაქვეყნა თორნიკეს ინტერვიუ, რომელსაც ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ.
- როდის გადაწყვიტე, რომ NBA-ს დრაფტზე დადგე?
- ეს გადაწყვეტილება ჩემს აგენტთან შეთანხმებით მივიღე. შარშან დრაფტზე მონაწილეობის განაცხადი უკანვე გამოვიტანეთ, წლეულს კი საბოლოოდ გადავწყვიტეთ. NBA-ში თამაში ჩემი ოცნებაა და მიხარია, რომ ამერიკაში გადასვლის შანსი მეძლევა.
- შესანიშნავ სეზონს ატარებ, თუმცა, ტრავმის გამო სამი თვე გაგიცდა...
- ახლა მთავარი მიზანი სწორედ ამ ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციაა. სეზონის დასრულებამდე საკმაო დროა, გადამწყვეტი მატჩები წინაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო.
- როგორც გასულ მატჩში გამოჩნდა, შესანიშნავ ფორმაში ხარ...
- “ოსტენდესთან" კარგად ვითამაშე, თუმცა, ჯერ კიდევ უნდა მოვუმატო. საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ. ვცდილობ, მიღწეულზე არ გავჩერდე. დრაფტზე წარმატების მისაღწევად ბევრი მუშაობა მჭირდება.
- დრაფტის მონაწილეთა ოფიციალური სია ჯერ არ გამოქვეყნებულა...
- ფორმალობები და იურიდიული მხარე ნაკლებად მაინტერესებს. მე ვვარჯიშობ, საბუთებით და დოკუმენტებით მენეჯერები არიან დაკავებული. ვიცი, რომ დრაფტზე განაცხადის შეტანის ვადა იწურებოდა და აგენტმა დროულად გაგზავნა ჩემი საბუთები.
- შენი აგენტი რომელია - ლევან მიქელაძე თუ გაი ცუკერი?
- ეს ორი მენეჯერი პარტნიორები არიან. შეიძლება ითქვას, ორივე ჩემი მენეჯერია.
- იმ მოთამაშეთა უმეტესობას, რომლებიც დრაფტზე დგებიან, გარკვეული გარანტიაც აქვს, რომ აირჩევენ...
- ასეთი გარანტია არ არსებობს. შეიძლება გითხრან, რომ შენით არიან დაინტერესებული, მაგრამ დრაფტზე არ აგირჩიონ.
- შენით თუ დაინტერესდა NBA-ს რომელიმე კლუბი?
- კონკრეტული ფაქტების შესახებ ჩემმა აგენტებმა იციან. ისე კი, ვიმეორებ, არავის გარანტიაზე არ ვარ დამოკიდებული. ჩემი თავის იმედი მაქვს და ვიცი, თუ წარმატებით დავამთავრებ ამ სეზონს, დრაფტზე აუცილებლად ამირჩევენ.
- როგორ ფიქრობ, რომელ რაუნდში აგირჩევენ?
- არ ვიცი, წინათგრძნობა არ მაქვს.
- რომელ გუნდში გინდა მოხვდე?
- ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, "ოკლაჰომას" ავირჩევდი, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, სათამაშო დრო მქონდეს და არა აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდში ვიქნები.
- არის შემთხვევები, რომ დრაფტზე აყვანილ მოთამაშეებს NBA-ს გუნდები პირველივე წელს არ უფორმებენ კონტრაქტს და მათ სრულყოფას ელოდებიან. შენ რომელი ვარიანტი გირჩევნია?
- გააჩნია, NBA-ს რომელი გუნდი ამირჩევს და გააჩნია, რომელ ევროპულ კლუბში მექნება თამაშის საშუალება. გამორიცხული არაფერია. წინასწარ ლაპარაკი არ მინდა. ყველაფერი დრაფტის შემდეგ გადაწყდება.
- ახლა რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგა?
- დრაფტის მონაწილე კალათბურთელები ჩვეულებრივ კემპებზე დადიან და NBA-ს კლუბებთან ერთად ვარჯიშობენ. ამით ისინი ცდილობენ თავიანთი ნიჭი კარგად გამოავლინონ. არ ვიცი, როდიდან მომეცემა ამის საშუალება. ჯერ ბელგიაში რეგულარული სეზონი არ დასრულებულა. დრაფტი 28 ივნისსაა. მანამდე დიდი დროა.