პატარა კორპორატიული საღამო. ალ პაჩინო მაიკლ კორლეონეს გახუნებული პიჯაკიდან იღებს შავ სათვალეს და მერილ სტრიპთან ერთად ტანგოს ცეკვავს.
24 საათი 18.08.12

პატარა კორპორატიული საღამო. ალ პაჩინო მაიკლ კორლეონეს გახუნებული პიჯაკიდან იღებს შავ სათვალეს და მერილ სტრიპთან ერთად ტანგოს ცეკვავს.
ბობი დე ნირო ფსიქიატრთან სეანსებზე "ტაქსისტის" პერანგით დადის, ჰარვი კაიტელს რომ აცვია. ტომ ჰენქსი ფორესტ გამპის სცენარიდან ფრაზებს იხსენებს და ქსენია სობჩაკს კერავს. მიკი რურკს ჯეისონ სტეთემი თავის მეორე ცოლში შეეშალა და მკერდზე აკოცა. ჩაკ ნორისმა ბარმენს ნიკაპი დაარტყა და ბარმენმა გონება დაკარგა. რეპეტიცია ფილმისთვის Expendables. მეორე სერიისთვის. ჯონი დეპმა დიდი დოზა მიიღო და მაიკლ მედსენს კოლუმბიური პერანგი გამოართვა. პერანგი დონი ბრასკოდან. მედსენი და ჯეიმს კაანი ხუმრობენ კვენტინ ტარანტინოზე, რომელიც ამერიკის ჰიმნს ბობი როდრიგესთან ერთად მღერის. სიტყვები არ იცის და მღერის. ჯეკ ნიკოლსონი რადიოს უსმენს. ჯეკმა ის რადიო "ნათებაში" რო სასტუმროა, იქიდან წამოიღო.
გამოაცხადეს, ბარაკ ობამა საცხოვრებლად რიოს ფაველაში გადადის და თეთრ სახლში ლებრონ ჯეიმსის დედა და დელონტე უესტი იცხოვრებენო. გამოაცხადეს, რომ პუტინი ჩუკოტკაზე ხსნის ბორდელს. ცხოველების ბორდელს. ერთი საათი სელაპთან - 100 ევრო. კიდევ სხვა ტარიფები და ვარიანტებია. ნიკოლაი ვალუევმა ერთთვიანი აბონემენტი იყიდა. თავისი ფასდაკლებებით. პროექტს მიხაილ პროხოროვი აფინანსებს.
გამოაცხადეს, რომ ტიმ დანკანმა ვირჯინიის კუნძულებზე პატარა რესტორანი გახსნა, სადაც კვირაში ერთხელ ქიდ როქი და ჰარისონ ფორდი იმღერებენ. ტრიოში, ნიკოლაი რასტორგუევთან ერთად. ჯერ წავა როქის რეპ-როკ-გრანჯ-ქანთრი მიქსტი და მერე სამივე შეუბერავს "ნე ვალიაი დურაკა, ამერიკა"-ს.
გამოაცხადეს, რომ ჯეკ ნიკოლსონის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ჯეკმა ხმას ჩაუწია, დაფიქრდა, სიახლე ვერ გაიხსენა. ჯეკი დაიძაბა, მაგრამ აზრზე ვერ მოდის. რომელი სიახლე? ვიაგრას ორი კვირის წინ შეეშვა და ეს სიახლე არ იყო. ისევ დაიწყებს. და ისევ გადააგდებს. ჯეკს ქალები და ქალებთან აუცილებელი აპარატის სტიმულირება მოსწონს. ნიკოლსონმა სხვა ვერაფერი ვერ გაიხსენა. მართლა ვერ გაიხსენა და მერე ვიღაცამ დააკაკუნა. კარზე დააკაკუნა. ბენ აფლეკს ჯენიფერ ლოპესის მკვრივ მკერდზე მიაკიმარა და კარის გასაღებად მაინც ბენი გაიქცა. იქ ფოსტალიონი იდგა. წერილი მიკის გელა ბაბლუანისგან. იღებენ ცამეტის კიდევ ერთ ვერსიას და მიკი იქ იღბლიანი გამარჯვებული იქნება. ფოსტალიონთან, იქვე, კურიერიც იდგა. გახსნა პატარა ბლოკნოტი, დაუძახა ჯეკს და ჯეკმა ხელი მოაწერა. მოაგორეს დიდი ყუთი. ბორბლებზე. ყუთი დანიშნულების ადგილამდე მივიდა და კურიერმა ჩაიზე 50 დოლარი დაირტყა. კურიერი სახლში მივა და ნიკოლსონის ყველა ფილმს ჩაუჯდება. ჯერ "ფოსტალიონს" შეხედავს. იქ ჯეკთან ერთად ქალი-სექსი, ახალგაზრდა ჯესიკა ლანჟია და ჯესიკას ყველაზე ლამაზე მკერდი ჰქონდა. ძილის წინ ლამაზი მკერდი აუცილებელია. წნევასაც არეგულირებს. ტენოქსზე უკეთ.
კორპორატიულ საღამოზე, დიდ სასტუმრო ოთახში ტორტი შეაგორეს და ტორტიდან ორი ხელი გამოდის. ორივე ხელში თითო მაჩეტეა. მაჩეტე "მაჩეტედან". უბრალოდ, დენი ტრეხო არ დაპატიჟეს. სტივენ სიგალი პატარა კუთხეში ჯიმი ჰენდრიქსის თემებს უკრავს და გამვლელები კიკინიან ხულიგანს ხუთ-ხუთ დოლარს უგდებენ. დღის ბოლოს სიგალს სამი ათასი დოლარი შეუგროვდება. კარგი თანხაა, იქვე, უბანში მოპარული დოჯ ვაიპერის აგდება შეიძლება.
ტორტმა საკუთარი თავი დაჭრა, მერე გაჭრა და ტორტიდან დუაიტ ჰოვარდი ამოხტა. თითქმის შიშველი. თეძოებზე ნიკიტა მიხალკოვის შარფი აქვს შემოხვეული და ჯეკს უახლოვდება. ერთ ხელში ვისკის ბოთლი, მეორეში - რაღაც ფურცელი. დუაიტი ჯეკამდე მიდის და მისტერ ნიკოლსონს ახალ კონტრაქტს უტოვებს.
ჯეკმა წაიკითხა - დუაიტ ჰოვარდი გადადის "ლეიკერსში" და ბედნიერია. ჰოვარდი კალიფორნიაში კობისთან, პო გასოლთან და სტივ ნეშთან ერთად იქნება. "ლეიკერსი" დასავლეთის "მაიამი" გახდა და "სან ანტონიოს" უნდა წამოარტყას.
ჯეკმა წაიკითხა - ჰოვარდის ტრანსფერში მონაწილეობდა ოთხი გუნდი და ოთხივე შეიცვალა. "დენვერში" გადადის "ფილადელფიას" ლიდერი, უნივერსალი ანდრე იგუოდალა. "ფილადელფიაში" მიდიან პოპულარული "ორლანდოს" შუთერი ჯეისონ რიჩარდსონი და "ლეიკერსის" მეხუთე ნომერი ენდრიუ ბაინუმი. "ორლანდომ" დაკარგა ჰოვარდი და მიიღო ("დენვერიდან") არონ აფლალო და ელ ჰარინგტონი, "სიქსერზიდან" ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი და ნიჭიერი პირვეწლიანი ბიჭი მო ჰარკლესი. "ორლანდო" ამ გაცვლის სამივე პარტნიორისგან შემდეგი დრაფტის პირველ წრეში თითო მოთამაშეს მიიღებს. ალბათ, ჰოვარდში ცოტა უკეთესი, აგრესიული კომპენსაციის მიღებაც შეიძლება.
ჯეკმა წინა რეგულარულის სტატისტიკას გადახედა. კომპით გადახედვა არ გამოვა, კომპზე კრისტოფერ უოკენს მიეძინა. იქვე ამობეჭდილი ეყარა და გადახედა.
დუაიტ ჰოვარდი - 20.6 ქულა, 14.5 მოხსნა, 2.1 დაფარება, 1.9 პასი, 1.5 ჩაჭრა.
ანდრე იგუოდალა - 12.4 ქულა, 6.1 მოხსნა, 5.5 პასი, 1.7 ჩაჭრა, 0.5 დაფარება.
არონ აფლალო - 15.2 ქულა, 3.2 მოხსნა, 2.4 პასი, 0.6 ჩაჭრა.
ელ ჰარინგტონი - 14.2 ქულა, 6.1 მოხსნა, 1.4 პასი, 0.9 ჩაჭრა.
ენდრიუ ბაინუმი - 18.7 ქულა, 11.8 მოხსნა, 1.9 დაფარება, 1.4 პასი, 0.5 ჩაჭრა.
ჯეისონ რიჩარდსონი - 11.6 ქულა, 3.6 მოხსნა, 2.0 პასი, 1.0 ჩაჭრა.
ნიკოლა ვუჩევიჩი - 5.5 ქულა, 4.8 მოხსნა, 0.7 დაფარება, 0.6 პასი, 0.4 ჩაჭრა.
პატარა კორპორატიული საღამო იხურება. ალ პაჩინო მაიკლ კორლეონეს გახუნებულ პიჯაკში იდებს შავ სათვალეს და მერილ სტრიპთან ერთად ტანგოს აღარ იცეკვებს. მერილმა ვერ გაქაჩა. ბობი დე ნირო ფსიქიატრთან სეანსებზე "ტაქსისტის" პერანგით აღარ მივა, გასარეცხია. ჰარვი კაიტელს რომ ეცვა, ის პერანგი. ტომ ჰენქსმა ფორესტ გამპიდან, იმ სცენარიდან ყველა ფრაზა გაიხსენა და ქსენია სობჩაკი ვერ დაკერა. მიკი რურკს ჯეისონ სტეთემი თავის მეორე ცოლში ბევრჯერ შეეშალა და მკერდზე ბევრჯერ აკოცა. ჩაკ ნორისმა ბარმენს ნიკაპი დაარტყა და ბარმენმა გონება დაკარგა. ჩაკს ნიკაპნიკი გაუკეთეს. რეპეტიცია ფილმისთვის Expendables. მეორე სერიისთვის. ჯონი დეპმა დიდი დოზა მიიღო და მაიკლ მედსენს კიდევ ერთი კოლუმბიური პერანგი გამოართვა. კიდევ ერთი პერანგი დონი ბრასკოდან. მედსენი და ჯეიმს კაანი ხუმრობენ კვენტინ ტარანტინოზე, რომელიც ამერიკის ჰიმნს ბობი როდრიგესთან ერთად მღეროდა. სიტყვები არ იცოდა და მღეროდა. ჯეკ ნიკოლსონი ისევ რადიოს უსმენს. ჯეკმა ის რადიო "ნათებაში" რო სასტუმროა, იქიდან წამოიღო.
რადიოში დუაიტ ჰოვარდის ტრანსფერზე ჭორაობენ.
ახალ სეზონში სერიოზული "ლეიკერსი" წამოვა. პირველ ხუთეულში - სტივ ნეში, კობი ბრაიანტი, რონ არტესტი, პო გასოლი და ჰოვარდი. სერიოზულია. ნიკოლსონს ჩაეძინა. რეგულარულამდე უნდა გამოიძინოს.