ჯობავა ლიდერებს არ უფრთხის
ხანტიმანსისკში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ ფიდეს რეიტინგის პირველ საფეხურზე მყოფი მაგნუს კარლსენი დაამარცხა.
24 საათი 27.09.10
ჯობავა-კარლსენის პარტია
ხანტიმანსისკში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ ფიდეს რეიტინგის პირველ საფეხურზე მყოფი მაგნუს კარლსენი დაამარცხა.
ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ჯობავა და მისი მწვრთნელი თამაზ გიორგაძე ოლიმპიადაზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეხვდნენ.
- ბატონო თამაზ, ელოდით თუ არა, რომ ბაადური კარლსენის დამარცხებას შეძლებდა?
- მე ვიცი, რომ ბაადურს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, თუ სათანადო ფორმაშია და მატჩსაც კარგი განწყობით ხვდება. თამაშის წინ ვთხოვე, მშვიდად ემოქმედა, ბოლოს და ბოლოს, კარლსენს ხვდებოდა. თანაც, წინა ტურში დამარცხდა. მაგრამ ჯობავას შეცვლა შეუძლებელია. აბსოლუტურად საყაიმო ვითარებაშიც კი ეძებს გზას მოგებისკენ. კარლსენთანაც, პრინციპში, თანაბარ ვითარებაში, ბაადურმა რამდენიმე ძლიერი სვლა იპოვა, რამაც მეტოქე რთულ ვითარებაში ჩააგდო. ამის შემდეგ ჩვენი ნაკრების ლიდერმა მაგნუსს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.
- ბაადურ, თავად თქვენ თუ ელოდით კარლსენის დამარცხებას, რომელიც წლის განმავლობაში ერთ-ორ პარტიას თუ აგებს?
- წინა ტურში მექსიკელ მოჭადრაკესთან წაგების შემდეგ აგრესიულად ვიყავი განწყობილი. გადავწყვიტე, საკუთარი სიამოვნებისთვის მეთამაშა. ისეთი პოზიცია გავითამაშე, რომ ნებისმიერ დროს შევძლებდი ფრეზე შეთანხმებას. ერთ-ერთ ეპიზოდში კარლსენმა საკუთარი შესაძლებლობები ზედმეტად შეაფასა და დაუფიქრებლად გარისკა. რამდენიმე ძლიერი სვლა ვერ შეამჩნია, ამის შემდეგ კი უკვე ჩემს მიერ დაგებულ მახეს თავი ვერ დააღწია. მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი ვარ. მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან არც ისე ხშირად მიწევს თამაში. აღარაფერს ვამბობ მის დამარცხებაზე.
- საერთოდ არ გეშინიათ კარლსენის, თუ მისი სუსტი წერტილები იცოდით?
- პირად დაპირისპირებებში აქამდე საყაიმო ანგარიში გვქონდა. ოთხი თამაში გავმართეთ. აქედან ორი ფრედ დასრულდა, ერთი მე მოვიგე და ერთიც - მაგნუსმა. უკანასკნელად 2005 წელს შევხვდით ერთმანეთს. მას შემდეგ კარლსენი საოცრად გაიზარდა. რაც შეეხება სუსტ წერტილებს, ის ყველა მოჭადრაკეს აქვს. სამწუხაროდ, ამ სისუსტეების პოვნა ძნელია, მით უმეტეს, ისეთი უნივერსალი მოჭადრაკისთვის, როგორიც კარლსენია.
- მეხუთე ტურში ვიეტნამის ნაკრები დაამარცხეთ. ახლა ისევ ფავორიტების წინააღმდეგ გიწევთ თამაში...
- ჩვენი გუნდი კარგად არის მომზადებული და ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს.
- პირველ დაფაზე თამაში არც ისე დიდი სიამოვნებაა. თქვენ კრამნიკთან, აროიანთან და ივანჩუკთან მოგიწევთ დაპირისპირება. არ გეშინიათ?
- მეშინია? ბავშვობიდან მიწევდა ჩემზე უფროსებთან თამაში და არასდროს შემშინებია. ალბათ სწორედ ეს დამეხმარა იმაში, რომ პროფესიონალი გავხდი. თანაც, ახლა უკვე მაქვს ძლიერ მეტოქეებთან თამაშის გამოცდილება.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?
- ბევრი რამ. რაც მთავარია, ერთ-ერთ საჭადრაკო ტურნირზე გავიცანი უკრაინელი გოგონა, რომელიც გულშემატკივრის სტატუსით იყო ჩამოსული. ახლა ის გოგონა ჩემი მეუღლეა. ქალიშვილს ველოდებით. იმის აღქმა, რომ დაოჯახებული ვარ, ძალებს მმატებს.