კასპაროვის პროტეჟეს სკანდალური დემარში
საჭადრაკო სამყაროს მთავარი ახალგაზრდა ვარსკვლავი მაგნუს კარლსენი პროტესტის ნიშნად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის არ იბრძოლებს.
24 საათი 10.11.10
კარლსენმა ფიდეს უარი შეუთვალა
საჭადრაკო სამყაროს მთავარი ახალგაზრდა ვარსკვლავი მაგნუს კარლსენი პროტესტის ნიშნად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის არ იბრძოლებს.
19 წლის ნორვეგიელი მთელი წლის განმავლობაში ფიდეს რეიტინგში პირველ საფეხურზე იყო (სწორედ მაგნუს კარლსენი დაამარცხა საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბაადურ ჯობავამ) და ახლახან დაუთმო პირველობა მსოფლიო ჩემპიონს ვიში ანანდჩს. ის საჩემპიონო ციკლში მონაწილეობას არ მიიღებს. ფიდეს პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა ნორვეგიელი ვუნდერკინდის უარი მშვიდად მიიღო, თქვა, რომ ამით არაფერი შეიცვლება და კარლსენის ადგილს რომელიმე სხვა მოჭადრაკე დაიკავებს.
ერთ-ერთი ვერსიით, ბუნტისკენ კარლსენს მოუწოდა მისმა კონსულტანტმა გარი კასპაროვმა, რომელიც სექტემბერში ფიდეს პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს, მაგრამ ილუმჟინოვთან დამარცხდა.
"გაცნობებთ, რომ გადავწყვიტე, უარი ვთქვა 2011 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ კანდიდატთა ტურნირში მონაწილეობაზე. ყველაფერი გულდასმით შევისწავლე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საჩემპიონო ციკლი არ არის სამართლიანი და თანამედროვე სისტემით შედგენილი ტურნირი. ასე უძლიერესის გამოვლენა შეუძლებელია", - წერია ფიდესადმი მიწერილ კარლსენის ღია წერილში. ახალგაზრდა ნორვეგიელი, რომლის ვარსკვლავი 2004 წელს ამობრწყინდა, როცა 13 წლის კარლსენმა საერთაშორისო დიდოსტატის ნორმატივი შეასრულა, აცხადებს, რომ უარზეა ირძოლოს ჩემპიონის ტიტულისთვის იმ მეთოდებით, რომელსაც ფიდე სთავაზობს. ნორვეგიელის აზრით, დაუშვებელია, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში შესარჩევი ციკლის გავლა არ უწევს.
"ასეთი რამ გარი კასპაროვის ჩემპიონობის შემდეგ არ ყოფილა და არც უნდა იყოს. დაუშვებელია, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ხუთ წელზეა გაწელილი. ფორმულა "მატჩი მატჩის შემდეგ" ტიტულისთვის ბრძოლაში ჩემს მონაწილეობას შეუძლებელს ხდის",- ამბობს კარლსენი.
ნორვეგიელი ვუნდერკინდის განცხადებით, ის თავისი საქციელით არ ცდილობს ფიდეზე ზეგავლენის მოხდენას. "ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ტურნირის დაწყებამდე ოთხი თვით ადრე გაცნობეთ. იმედია, საკმარისი დრო გაქვთ იმისთვის, რომ ადეკვატური შეცვლა მოძებნოთ, - წერს კარლსენი თავის წერილში და იქვე ფიდეს საკუთარ იდეებს აცნობს, - უსამართლობაა, რომდესაც საჩემპიონო მატჩზე არსებული ორი ადგილიდან ერთი თავიდანვე დაჯავშნილია, მეორისთვის კი ნამდვილი ომი უნდა გაიმართოს. მიმაჩნია, რომ გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, გაგვემართა საჩემპიონო ტურნირები, ისეთები, როგორიც 2005-07 წლებში გავმართეთ და შემდეგ, ამ ტურნირების საერთო შედეგებიდან გამომდინარე, დაგვესახელებინა მსოფლიო ჩემპიონი. მინდა გაითვალისწინოთ, რომ ჩემი მოთხოვნა, ჩამოერთვას ჩემპიონს პრივილეგიები, მსოფლიო ჩემპიონის ვიში ანანდის კრიტიკა არ არის. ანანდი ღირსეული ჩემპიონია და მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ჩემი მიზანია კარგად ორგანიზებულ და პრესტიჟულ ტურნირებში მონაწილეობა, რათა რეიტინგში პირველი ადგილი დავიბრუნო".
ვებგვერდ Chessbase.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნორვეგიელმა აღიარა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მისთვის ძნელი იყო. კარლსენმა ისიც თქვა, რომ საჩემპიონო ციკლის წესებში მუდამ ხორციელდება ცვლილებები და ეს ხშირად პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით ხდება. "მინდა, სრული კონცენტრაცია ჭადრაკზე მოვახდინო და განვვითარდე, როგორც მოჭადრაკე. არავითარი სურვილი არ მაქვს, კულისებში არსებულ ინტრიგებში მივიღო მონაწილეობა. მშვენივრად მესმის, რომ საჭადრაკო სამყარო ჩემს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად მიიღებს. იმედია, უახლოეს მომავალში ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში საჭირო ცვლილებებს შეიტანენ და მაშინ ტიტულისთვისაც ვიბრძოლებ," - ამბობს კარლსენი.
ფიდეს პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა ნორვეგიელის დემარშს საერთოდ არ მიაქცია ყურადღება. "მოქმედი სისტემა კონსულტაციების შედეგად არის შემუშავებული. ამ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ სპონსორები, მოჭადრაკეები და მწვრთნელები. უცნაურია, რომ კარლსენს საჭადრაკო დაფასთან არ სურს პირველობის დამტკიცება, რასაც წარმატებით აკეთებს მსოფლიო ჩემპიონი და რეიტინგის პირველ საფეხურზე მდგომი ვიში ანანდი. ეს კარლსენის გადაწყვეტილებაა და ჩვენ მას ვიღებთ. სისტემა კი არ შეიცვლება. გრან-პრი, მსოფლიო თასი, კანდიდატთა ტურნირი, მატჩი ტიტულისთვის - ყველა ეს ტურნირი ან უკვე გაიმართა, ან სულ მალე გაიმართება. ციკლს ბოლომდე მივიყვანთ", - აცხადებს ილუმჟინოვი.
ეს პირველი სკნადალი არ არის, რომელიც საჩემპიონო ციკლს უკავშირდება. არც ისე დიდი ხნის წინ ტურნირის გამართვის ადგილმა გამოიწვია ხმაური. თავდაპირველი ვერსიით, კანდიდატთა ტურნირი ბაქოში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ აზერბაიჯანულმა მხარემ სომეხ დიდოსტატ ლევონ აროიანს უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცა. საჭირო გახდა ტურნირის გაყოფა, რაზეც ფიდე არ დათანხმდა. გადაწყდა, რომ პრეტენდენტთა მატჩს ყაზანი უმასპინძლებს.
მაგრამ არც ყაზანია ყველა მონაწილისთვის მისაღები. ბულგარელმა მოჭადრაკემ ვესელინ ტოპალოვმა განაცხადა, რომ რუსების წინააღმდეგ რუსეთში თამაშს აზრი არ აქვს. შეგახსენებთ, 2006 წელს ელოისტაში გამართულ საჩემპიონო მატჩში ტოპალოვი კრამნიკმა დაამარცხა და მაშინ ბულგარელმა რუსული მხარე ჯაშუშობაში დადანაშაულა. ასე რომ, ითამაშებს თუ არა ვესელინ ტოპალოვი კანდიდატთა მატჩში, ჯერ კიდევ უცნობია.
მოკლედ გაგაცნობთ მაგნუს კარლსენის ბიოგრაფიას.
დაიბადა 1990 წლის 30 ნოემბერს ნორვეგიაში. 2004 წლის 24 აპრილს, 13 წლის ასაკში, საერთაშორისო დიდოსტატის ნორმატივი შეასრულა. ამჟამად საჭადრაკო რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. 2010 წლის იანვარში ფიდეს რეიტინგს ჩაუდგა სათავეში და ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკეა, ვინც რეიტინგის პირველ ადგილზე აღზევდა. კარიერის განმავლობაში დააგროვა 2826 ქულა, რაც ჭადრაკის ისტორიაში მეორე მაჩვენებელია. საუკეთესო მაჩვენებელი გარი კასპაროვს აქვს. 2800-ქულიანი ბარიერი 18 წლისა და 10 თვის ასაკში გადალახა და ჭადრაკის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი, რომელსაც ეს ბარიერი დაემორჩილა. გასულ წელს გარი კასპაროვთან ვარჯიშობდა და მისგან კონსულტაციებს იღებდა. ჭადრაკთან ერთად ბიზნესისთვისაც იცლის - რამდენიმე ცნობილი ბრენდის სარეკლამო სახეა.