სამბა ბრაზილიელებისთვის დინამოს შესრულებით
"ოლიმპიური იდილია" დაირღვა: თბილისის "დინამომ", რომელიც არც თუ დამაჯერებელი სტარტის გამო ჩემპიონობის პრეტენდენტების სიიდან ლამის ჩამოწერეს, ერთპიროვნულ ლიდერს, აქამდე ქულადაუკარგავ რუსთავის "ოლიმპს" ძალზე მწარე მარცხი აგემა.
24 საათი 14.09.09
"ოლიმპიური იდილია" დაირღვა: თბილისის "დინამომ", რომელიც არც თუ დამაჯერებელი სტარტის გამო ჩემპიონობის პრეტენდენტების სიიდან ლამის ჩამოწერეს, ერთპიროვნულ ლიდერს, აქამდე ქულადაუკარგავ რუსთავის "ოლიმპს" ძალზე მწარე მარცხი აგემა.
გუნდს, რომელმაც გუშინდლამდე ხუთიდან ხუთივე შეხვედრა მოიგო, კახი კაჭარავას ბიჭებმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, რითაც ციდან, გნებავთ, ბრაზილიიდან მიწაზე დაშვებაში დაეხმარნენ. ბრაზილიიდან, რადგან, მოგეხსენებათ, სეზონის სტარტის წინ "ოლიმპმა" სწორედ ბრაზილიურ კლუბთან, "ატლეტიკო პარანაენსესთან" დამყარებული პარტნიორული ურთიერთობების წყალობით ექვსი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჩამოიყვანა და წინა ტურებში მიღწეულ წარმატებებში ლომის წილი სწორედ ამ ფეხბურთელებმა დაიდეს. მაგრამ იყო ერთი შეკითხვა, რაზე პასუხიც მთელს ქართულ საფეხბურთო სამყაროს ძალიან აინტერესებდა. პირველ ხუთ ტურში კალენდარმა "ოლიმპს" არცერთი ისეთი გუნდი არ არგუნა, რომლებსაც თუნდაც საპრიზო სამეულში მოხვედრის რაიმე რეალურთან მიახლოებული პრეტენზია ექნებოდა. პირველი სეროზული მეტოქე რუსთავულ კლუბს მეექვსე ტურში ელოდა და სწორედ ამ დაპირისპირებაში უნდა გამოჩენილიყო, რამდენად არის ოთარ კორღალიძის გუნდი მზად უმაღლესი მიზნისთვის საბრძოლველად. როგორც აღმოჩნდა, ეს "მზადყოფნა" მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს და მის მთავარ მწვრთნელს წინ კიდევ უდიდესი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, როგორც ტაქტიკური, ისე თამაშის ორგანიზაციის და ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. მითუმეტეს, რომ "ოლიმპისგან" განსხვავებით, "დინამო" ამ თამაშამდე სერიოზული პრობლემებით მოვიდა.
გუნდის აშკარა ლიდერი და მთავარი მამოძრავებელი ძალა - გიორგი მერებაშვილი ტრავმის გამო სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, სადაც მას გვერდს უმშვენებდა კაჭარავას გუნდის შეტევების კიდევ ერთი ლიდერი - მათე ვაწაძე, რომელსაც სიცხე ჰქონდა. "ოლიმპს" ამ თვალსაზრისით მხოლოდ სევასტი თოდუას არყოფნაზე შეეძლო დაეჩივლა, თუმცა აქტივში ალბათ, არც ის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს, რომ მატჩში "ოლიმპის" შემადგენლობაში ერთბაშად სამი ფეხბურთელის დებიუტი შედგა (ედუარდო, გველესიანი, აბრამიძე).
დაახლოებით თანაბარ ორთაბრძოლაში წარმართული პირველი ნახევრის შემდეგ, რომლის საწყის წუთებშიც "ოლიმპს" სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარა და კოშკაძისგან გოლი მიიღო, გამოიკვეთა მასპინძლების აშკარა სათამაშო (და არა ტერიტორიული) უპირატესობა. "დინამოს" მეტად მკაცრი სათამაშო დისციპლინა, მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ორთაბრძოლებში მოურიდებლად შესვლა და გაცილებით უკეთესი საბრძოლო განწყობა გადამწყვეტი ფაქტორები გამოდგა. ასე ვთვქათ, "აკადემიურ" სტილში მოთამაშე "ოლიმპის" მთავარმა დამრტყმელმა ძალამ - ბრაზილიურმა შემტევმა ტრიომ - აკინომ, ჯერონიმომ და ჟონატასმა ვერანაირი პრობლემა ვერ შეუქმნეს ბრძოლაზე დაგეშილ დინამოელებს. იყო ერთი, ორი მეტნაკლებად სახიფათო მომენტი, რომელთაგან სტუმრებმა რამდენადმე ღირებული შედეგი ვერ ნახეს. განსაკუთრებით თამაში არ წაუვიდა ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ აკინოს და ეს იმდენად თავლსაჩინო იყო, რომ შეხვედრის მეორე ნახევრის შუაწელში კორღალიძემ იგი შეცვალა კიდეც. ამ დროისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ (დიღმელაშვილმა და კოშკაძემ მეორე ტაიმის სადებიუტო წუთებში გამოიჩინეს თავი) და ნათელი გახდა, რომ "ოლიმპი" მარცხს ვეღარსად გაექცეოდა. რუსთაველებს ვეღარც იმან უშველა, რომ ამ წუთებში მსაჯმა ვადაჭკორიამ უხეში თამაშისთვის "დინამოს" გაბონელი ლეგიონერი, აკირემი მოედნიდან გააძევა. პირიქით: საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე კუთხურიდან კოშკაძის ჩამოწოდების შემდეგ თავური დარტყმით გურამ კაშიამ მეოთხედ დაამწუხრა მეკარე ჭანტურია.
ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ დაპირისპირებაში "ვიტ ჯორჯიამ" "ზესტაფონს" უმასპინძლა და "მშვიდობიანად" გაეყარა. მართალია, ჩემპიონმა კვარაცხელიას გოლის წყალობით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ იმერლებმა ამას შედეგიანი დარტყმით უპასუხეს და ქულა გადაარჩინეს. ორივე გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში გავიდა.
მე-6 ტური
გაგრა - ლოკომოტივი