რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ფეხბურთში თამაშგარეს წესის გაუქმებაზე ფიქრობს.
24 საათი 10.03.10

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ფეხბურთში თამაშგარეს წესის გაუქმებაზე ფიქრობს.
მოხდება თუ არა საფეხბურთო რევოლუცია, ჯერ უცნობია, თუმცა, ის ფატი, რომ ამ წესის გაუქმებაზე ფეხბურთის მთავარი ჩინოსანი დაფიქრდა, განსჯისთვის მასალას იძლევა.
იოზეფ ბლატერი მეოცნებე კაცია, ცდილობს, ერთი ნაბიჯით გაუსწროს მოვლენებს. და აი, შვეიცარიელის წყალობით, საფეხბურთო სამყარო ერთ-ერთ ყველაზე საჭირბოროტო თემაზე ალაპარაკდა.
ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ლეანდრო ნეგრეს თქმით, მან და ბლატერმა დიდხანს ისაუბრეს, რომლის დროსაც ფიფას პრეზიდენტი მხოლოდ ერთ საკითხს განიხილავდა - როგორ იმოქმედა თამაშგარეს წესის გაუქმებამ ბალახის ჰოკეიზე.
თავად ნეგრეს მიაჩნია, რომ ამ წესის გაუქმება ბალახის ჰოკეის წაადგა, სპორტის ეს სახეობა უფრო სანახაობრივი და პოპულარული გახდა. ფეხბურთი ისედაც უზომოდ პოპულარულია და უფრო მეტი პოპულარობა, შესაძლოა, საჭიროც აღარ იყოს. ბოლოს და ბოლოს, რა საჭიროა შეიცვალოს ისედაც წარმატებული ფორმულა - მერე რა, რომ ფეხბურთში არსებული საკამათო სიტუაციების უმეტესობა სწორედ თამაშგარეს უკავშირდება.
ფიფას სურს, რომ ფეხბურთი კიდევ უფრო სანახაობრივი გახდეს, თამაშები კი - უხვგოლიანი. შესაძლოა, ამან სტადიონებზე უფრო მეტი გულშემატკივარი მიიყვანოს და საფეხბურთო ტელეაუდიტორიაც გაზარდოს. თუმცა, რა იქნება, რომ ჩაითვალოს ყველა გატანილი გოლი, შემთხვევით საპირისპირო შედეგს ხომ არ მივიღებთ? ბევრი ასეთ ცვლილებას არ მიესალმება, ფიფას ბრალად დასდებენ, რომ ეს ორგანიზაცია მხოლოდ ფულად მოგებაზე ფიქრობს და სულ არ აინტერესებს ფეხბურთის განვითარება. ასე არ იყო მაშინ, როდესაც ბლატერმა გადაწყვიტა ქალთა ფეხბურთის გალამაზება და მოითხოვა, რომ ქალ ფეხბურთელებს სექსუალური ფორმები ჩაეცვათ (საბედნიეროდ, ამ იდეამ განვითარება ვერ პოვა).
ამავე დროს, საფეხბურთო თამაშგარე სპორტში არსებული წესებიდან ერთ-ერთი ყველაზე საშინელია. ფეხბურთის დაარსების დღიდან ეს წესი მუდმივად იცვლებოდა. თავიდან საფეხბურთო თამაშგარე სარაგბო თამაშგარეს ანალოგი იყო - თამაშისას ფეხბურთელი ბურთზე წინ არ უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, წინ პასის მიცემაც არ შეიძლებოდა. ეს წესი მალე შეიცვალა (რაგბიში თამაშგარეს დღემდე ასე აფიქსირებენ და ამ წესს ალბათ არც არასდროს შეცვლიან).
ის სტანდარტი, რომელიც ახლა მოქმედებს, 1925 წელს ჩამოყალიბდა. წესის მიხედვით, შემტევი ფეხბურთელის წინ მეტოქე გუნდის, სულ მცირე, ორი მოთამაშე მაინც უნდა იყოს. 1925 წლამდე შემტევი ფეხბურთელის წინ მეტოქე გუნდის სამი მოთამაშე მაინც უნდა ყოფილიყო, რაც ართულებდა გოლის გატანას.
რა იქნება, რომ რადიკალური ცვლილება ახლაც მოხდეს? საქმე ის არის, რომ ამ რევოლუციურმა ნოვაციამ შესაძლოა თავად ფეხბურთის არსი შეცვალოს. დაზუსტებით ამის მტკიცება, ცხადია, შეუძლებელია. დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის, თუ თამაშგარეს წესი გაუქმდა, ფეხბურთი უკეთესობისკენ წავა თუ უარესობისკენ. აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ ორი მაგალითი, როდესაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებებმა ფეხბურთი აშკარად გამოასწორა.
როცა ფიფას გადაწყვეტილებით მეკარისთვის ბურთის დაბრუნება აიკრძალა, საფეხბურთო სამყაროში დიდი ალიაქოთი ატყდა. ფიფას ყველა აკრიტიკებდა, თუმცა აშკარაა, რომ ამ ნოვაციამ გაამართლა. ახლა, როცა გასული საუკუნის 70-80-იანი წლების მატჩების ჩანაწერებს ვუყურებთ, ბევრი ალბათ ფიქრობს: როგორ შეიძლებოდა, რომ მეკარისთვის ბურთის დაბრუნება დაშვებული იყო. არანაკლები კრიტიკა გამოიწვია 1990 წელს თავად თამაშგარეს წესში შეტანილმა ცვლილებამაც, როდესაც მცველისა და თავდამსხმელის ერთ ხაზზე ყოფნა იქნა დაშვებული. თუმცა ახლა აშკარაა, რომ ამ წესმაც გაამართლა.
დღეს ვერავინ იტყვის, რა ეფექტი ექნება თამაშგარეს წესის გაუქმებას, მაგრამ ფაქტი ერთია: ფეხბურთი შეიცვლება. მინდვრის ცენტრში უფრო მეტი სივრცე იქნება და უკვე საჭირო გახდება მთელი გუნდით დაცვა და შეტევა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: კარგია ეს თუ ცუდი, ჯერ არავინ ცის, თუმცა, ერთი რამ აშკარაა - ფეხბურთი შეიცვლება და რა საჭიროა იმის შეცვლა, რაც ისედაც კარგია.
მეორე მხრივ, ალბათ შეუძლებელია შეეგუო დღევანდელ ვითარებას. გავიხსენოთ თუნდაც მიროსლავ კლოზეს მიერ “ფიორენტინას” კარში გატანილი გოლი. ასეთი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. არ არსებობს მატჩი, რომელშიც მსაჯი ერთხელ მაინც არ შეცდება თამაშგარეს დაფიქსირებისას, ხშირად კი ამ შეცდომებს თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. არადა, თამაშგარეს წმინდად დაფიქსირება თითქმის შეუძლებელია - თვალი, უბრალოდ, ვერ ასწრებს იმის დანახვას, იყო თუ არა რეალურად ფორვარდი თამაშგარეში.
ეს წესი შემოღების დღიდან დაავადებულია და ეს სენი უკურნებელია. ამაზე მეცნიერებიც კი მსჯელობდნენ. სწორედ მათ დაადგინეს, რომ მსაჯის მზერას არ შეუძლია ზუსტად დააფიქსიროს, არის თუ არა ფეხბურთელი თამაშგარეში.
თუმცა, მაინცდამაინც სანერვიულო არაფერია. ჯერჯერობით ამ წესის გაუქმება მხოლოდ ბლატერის იდეაა, რომელიც ან განხორციელდება, ან - არა. თუ განხორციელდა, რამდენიმე წელი მაინც გვექნება საშუალება, დავტკბეთ იმ ფეხბურთით, რომელსაც შეჩვეული ვართ, თავისი ღირსებითა და ნაკლით.
ფიფას წესდებიდან
კანონი 11 (თამაშგარეს შესახებ)
ფეხბურთელი თამაშგარეშია, თუ ის უფრო ახლოსაა მეტოქის კართან, ვიდრე მეტოქე გუნდის ორი ფეხბურთელი.
მოთამაშე არ არის თამაშგარეში, თუ:
ის იმყოფება საკუთარ ნახევარზე.
თუ ის იმყოფება ერთ ხაზზე ბოლოსწინა დამცველ ფეხბურთელთან ერთად.
თუ ის იმყოფება ერთ ხაზზე ბოლო ორ მცველთან ერთად.
თამაშგარეს წესის ისტორია
ტერმინი “თამაშგარე” პირველად 1863 წელს კემბრიჯის წესებში გაჩნდა. სწორედ ეს წესები აიღო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ფეხბურთის წესების საფუძვლად. 1863 წელს წესებში ეწერა, რომ ფეხბურთელი თამაშგარეშია, თუ ის ბურთზე წინ იმყოფება.
1860-1870 წლები. ფორმულირება იცვლება. ფეხბურთელი თამაშგარეშია, თუ მის წინ მეტოქე გუნდის სამი ფეხბურთელი მაინც არ არის.
1925 წელი - სამის ნაცვლად ორი ფეხბურთელი. ამ შესწორების შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა.
1990 წელი - შესწორება იმის თაობაზე, რომ შემტევ ფეხბურთელს მცველთან ერთად ერთ ხაზზე ყოფნა შეუძლია.
2003 წელი - პასიური თამაშგარე მდგომარეობის შემოღება. თუ ფეხბურთელი ეპიზოდში არ მონაწილეობს, მასზე თამაშგარე არ ფიქსირდება.
2009 წელი - შეტანილ იქნა ცვლილება ფიფას მე-11 კანონში. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მსაჯის ნებართვის გარეშე დატოვებს მინდორს, ითვლება მინდორზე მყოფად და თამაშგარეს დაფიქსირებისას უკანასკნელ მცველად ითვლება.