ვენგერს ინგლისური მეოთხედფინალი სურს
სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა.
24 საათი 11.03.10
რობენმა "ბაიერნი" ნახევარფინალში გაიყვანა
სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა.
"არსენალმა" "პორტუს" დამარცხებით გაიკვლია გზა მეოთხედფინალისკენ, მიუნხენის "ბაიერნს" კი არიენ რობენის ულამაზესმა გოლმა მოუტანა სანუკვარი საგზური. მატჩების შემდეგ საკუთარი მოსაზრება ოთხივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გამოთქვა.
ლუი ვან გალი (მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი): "უამინდობის მიუხედავად, მაინც კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. უამრავი ინდივიდუალური შეცდომა იყო, განსაკუთრებით დაცვაში თამაშისას. რა თქმა უნდა, ძლიერი ქარი ხელს გვიშლიდა, მაგრამ ანალოგიურ ვითარებაში იყვნენ "ფიორენტინას" ფეხბურთელებიც. მატჩის ბოლო ათ წუთში უკეთ უნდა გამოგვეყენებინა თავისუფალი სივრცე, რომელიც მოგვეცა და არ უნდა წაგვეგო. რიბერიმ საერთო გუნდურ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა, ჩვენს კარში გასული მეორე გოლი მის კისერზეა - სწორედ მას გაეპარა მეტოქე. ფრანკმა ბრწყინვალედ ითამაშა იმ ეპიზოდში, როდესაც ჩვენ პირველი გოლი გავიტანეთ. დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რა გვაკლია. "ბაიერნი" მთელი 90 წუთის განმავლობაში აქტურ და შემტევ ფეხბურთს უნდა თამაშობდეს. დღეს ეს არ გამოგვივიდა, თუმცა, შემდეგ ეტაპზე გავედით და მთავარი სწორედ ეს არის".
ჩეზარე პრანდელი ("ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი): "ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ბევრი შეგვიძლია. მთელი სეზონის განმავლობაში ყველა პრობლემა სავსე ლაზარეთის გამო შეგვექმნა. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, როდესაც ანგარიში 2:0 იყო ჩვენს სასარგებლოდ, ფეხბურთელებს, ეტყობა, ეიფორია დაემართათ. დაცვაში მეტი ყურადღებით რომ გვეთამაშა, შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. როგორ ჩანს, გადამწყვეტი სიტყვა "ბაიერნის" გამოცდილებამ თქვა. ამ გუნდს ასეთ ტურნირებში თამაშის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე ჩვენ. ფეხბურთელების მიმართ პრეტენზია ვერ მექნება. მეტიც, ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ".
არსენ ვენგერი ("არსენალის" მთავარი მწვრთნელი): "ბენდტნერის ჰეთ-თრიკი ნათელყოფს, თუ რაოდენ სწრაფად იცვლება ყველაფერი ფეხბურთში. შაბათს "სტოკის" წინააღმდეგ ნიკლასმა ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ ერთი გოლიც კი ვერ გაიტანა. დღეს მან ერთი ჩვეულებრივი მატჩი გამართა, თუმცა, სამი გოლის გატანა შეძლო. იმედია, ეს წარმატება მას თავში არ აუვარდება და საკუთარ თავზე მუშაობას გააგრძელებს. არ ვიცი, მეოთხედფინალში ვის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, მაგრამ გარკვეული წინთაგრძნობა მაქვს. ჩვენთვის ინგლისური ვარიანტი კარგი იქნებოდა. ამ სეზონში "ჩელსისა" და "მანჩესტერის" წინააღმდეგ გამართული მატჩები ჩავაგდეთ. კარგი იქნება, თუ ჩემპიონთა ლიგაში რევანშს ავიღებთ."
ჟეზუალდუ ფერეირა ("პორტუს" მთავარი მწვრთნელი): "თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ "არსენალმა" ჩვენი შეცდომები მაქსიმალურად გამოიყენა. მატჩის შედეგი ჩვენთვის კატასტროფულად გამოიყურება. "არსენალმა" საკუთარი მომენტები ასი პროცენტით გამოიყენა, ჩვენ კი - ვერა. გაშვებულმა გოლმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ანგარიშიდან გამომდინარე, იძულებული ვიყავით, შეგვეტია, "არსენალის" ახალგაზრდა ტალანტებმა კი ჩვენი შეცდომების გამო დაგვსაჯეს. ვფიქრობ, ლონდონელები ანალოგიურ ვითარებაში რომ აღმოჩენილიყვნენ, იგივე დაემართებოდათ".