სერბული ფეხბურთის შავი სამშაბათი
იუგოსლავიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სავო მილოშევიჩმა იტალიაში მომხდარ სკანდალს სერბული ფეხბურთის შავი დღე უწოდა.
24 საათი 14.10.10
სერბი "გულშემატკივარი"
იუგოსლავიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სავო მილოშევიჩმა იტალიაში მომხდარ სკანდალს სერბული ფეხბურთის შავი დღე უწოდა.
სერბეთის სპორტის მინისტრმა სნეჟანა სამარჯიჩ-მარკოვიჩმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტის ინიციატორებმა არა მხოლოდ თავი შეირცხვინეს, არამედ შეარცხვინეს მთელი სერბეთი. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ტომისლავ კარაჯიჩმა კი პრობლემის მორსაგვარებლად მთავრობას მიმართა.
ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტური სკანდალური აღმოჩნდა. იტალია-სერბეთის მატჩი, რომელსაც ქალაქი გენუა მასპინძლობდა, ჩაიშალა და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმ საქმეში, რასაც სერბეთის ნაკრების დასჯა ჰქვია. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მასპინძელი მხარეც დამნაშავეა - ბოლოს და ბოლოს, მატჩის უსაფრთხოებაზე სწორედ იტალიელებს უნდა ეზრუნათ, მაგრამ შეაჩერო დაჯგუფება "დელიესა" ("ცრვენა ზვეზდას" ქომაგები) და "გრობარის" ("პარტიზანის" ქომაგები) ასობით აგრესიულად განწყობილი და არაადეკვატურად მოქმედი მებრძოლი ცივილიზებული მეთოდებით (სწორედ ცივილიზებული მეთოდებით ცდილობდა იტალიური პოლიცია სერბ ნაცისტებთან გამკლავებას), თითქმის შეუძლებელია. თანაც, მომხდარის შემდეგ ცხადი ხდება, რომ სერბი ფანების ერთი ნაწილი იტალიაში ფეხბურთის საყურებლად არ ჩასულა.
"ცრვენა ზვეზდას" ფანებმა პირველი პროვოკაცია მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოაწყვეს და, ფაქტობრივად, თამაშიდან გამოთიშეს სერბთა მეკარე დრაგან სტოიკოვიჩი (გულშემატკივრები ნაკრების ავტობუსს დაესხნენ თავს. რამდენიმე მათგანმა ავტობუსში შეაღწია და სტოიჩკოვს გაუსწორდა - ერთ დროს "ცრვენა ზვეზდას" მეკარე "პარტიზანში" როგორ გადავიდაო). შემდეგ კი ერთობლივი ძალებით (ეს, ალბათ, პირველი შემთხვევაა, როდესაც "დელიესა" და "გრობარის" წევრები ერთმანეთს არ ურტყამდნენ და შეთანხმებულად მოქმედებდნენ) გენუის სტადიონი საბრძოლო მოქმედების არენად აქციეს. ვერც კარაბინერებმა, ვერც სერბეთის ნაკრების ფეხბურთელების მუდარამ და ვერც სერბთა კაპიტანის დეიან სტანკოვიჩის ცრემლებმა გადარეული ფანები ვერ შეაჩერა. ერთხელ იუგოსლავიის ნაკრები ბალკანეთზე ატეხილი ომის გამო ევრო 1992-ის მიღმა დარჩა, ახლა კი თითქმის ასპროცენტიანი გარანტიით შეიძლება ვთქვათ, რომ სერბეთის ნაკრები ევრო 2012-ზე ვერ მოხვდება. შექმნილი სატურნირო მდგომარეობა და უეფას მომავალი სანქციები სერბებს უთუოდ კონტინენტის მთავარი ტურნირის მიღმა დატოვებს.
ინციდენტის შემდეგ სერბულ ფეხბურთთან ასე თუ ისე დაკავშირებულმა ადამიანებმა კომენტარები გააკეთეს. "ეს იყო სერბული ფეხბურთის შავი დღე. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ასეთი რამ ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილა. არ ვიცი, რა სანქციებს დაუწესებს უეფა სერბეთს, მაგრამ ცხადია, რომ გენუაში მომხდარი ინციდენტი სერბეთის ნაკრებს ძვირად დაუჯდება. ჯერ ერთი, ეს იქნება ფულადი ჯარიმა. რაღა თქმა უნდა, ქულებს დავკარგავთ. სულ მცირე, ტექნიკურ მარცხს მაინც ჩაგვითვლიან, რითაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი აღარ დაგვრჩება", - ამბობს სავო მილოშევიჩი, რომელსაც თავის დროზე "პარტიზანის" პრეზიდენტობა სურდა, - ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ მიზეზი და საბაბი. როდესაც მე "პარტიზანის" პრეზიდენტობაზე ვაცხადებდი პრეტენზიას, ვამბობდი, რომ ეს ბიჭები პრობლემა კი არა, შედეგია. აუცილებელია ამ პრობლემის წყაროს მივაგნოთ. იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს იტალიაში იყვნენ, მშვენივრად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. სანამ ხელისუფლება მათ ვინაობას არ გამოაცხადებს, სანამ სამართალდამცავები მათზე მუდმივ თვალყურს არ დააწესებენ, ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ ვცდილობთ, პრობლემა ძალისმიერი მეთოდებით მოვაგვაროთ. ეს კი საპირისპირო შედეგს იძლევა".
რაც შეეხება ძალადობას, ცხადია, გენუაში მომხდარი შეტაკება სტადიონს მიღმაც გაგრძელდა. დაიჭრა ერთი პოლიციელი, სერბეთის ნაკრების ფეხბურთელები კი გაძლიერებული დაცვით გაარიდეს არეულობის ადგილს. იტალიელი კარაბინერების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს კონფლიქტის ლოკალიზება. გაგულისებული სერბი ფანები ძირითადად საკუთარი გუნდის წევრებზე იწევდნენ და იტალიელებს არაფერს ერჩოდნენ, თუმცა, ცხადია, მომხდარი არც იტალიელ ტიფოზებს მოეწონათ, რომლებიც გენუაში თავს მასპინძლად გრძნობენ და თუ არეულობაა მოსაწყობი, ეს მათი საქმეა. იტალიელი ულტრასები კარაბინერებმა დაბლოკეს და მათ სერბ ფანებთან შეტაკების საშუალება არ მიეცათ.
"ადამიანების ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს სერბეთის ნაკრების ქომაგს უწოდებს, შეარცხვინა მთელი სერბეთი", - აცხადებს სერბეთის სპორტის მინისტრი სნეჟანა სამარჯიჩ-მარკოვიჩი, - გენუაში მომხდარი ინციდენტის კადრებს მთელი მსოფლიო ნახავს, რაც მთლიანად სერბული სპორტის იმიჯს შელახავს. ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს ზომები და ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღოს სტადიონებზე ხულიგნობას. ამავე დროს მადლობას ვუხდი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს. თავიდან თავდასხმა მოხდა ჩვენი ნაკრების მეკარეზე, შემდეგ - სხვა ფეხბურთელებზეც, თუმცა, ნაკრების წევრებს ეყოთ ვაჟკაცობა, რომ სათამაშოდ გასულიყვნენ."
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ტომისლავ კარაჯიჩმა კი დახმარებისთვის მთავრობას მიმართა და თვითონ მთლიანად მოიხსნა პასუხისმგებლობა. ცხადია, იტალიაში მომხდარი არეულობისას საქმეში პოლიტიკაც გაურიეს - გენუის სტადიონის ტრიბუნებზე კოსოვოს დროშა დაწვეს.
"სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია ვერ გააკეთებდა იმაზე მეტს, რაც გააკეთა. ჩვენ გავაფრთხილეთ იტალიური მხარე, რომ თამაშზე, შესაძლოა, აგრესიულად განწყობილი ფანები მისულიყვნენ. ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი აქცია იყო. იმედია, ჩვენი სახელმწიფო ჯეროვნად შეაფასებს მომხდარს, ჩატარდება გამოძიება და დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან", - აცხადებს სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ტომისლავ კარაჯიჩი.
იტალია-სერბეთის მატჩი სკანდალით დასრულდა. სამშაბათის მატჩებში იყო კიდევ ერთი, რომელშიც პოლიტიკა გაერია. საბედნიეროდ, იმ თამაშში პოლიციის ჩარევა საჭირო არ გამხდარა. საუბრია საბერძნეთ-ისრაელის მატჩზე, რომლის დროსაც ტრიბუნებზე გამოიტანეს ბანერი წარწერით: "ებრაელო მკვლელებო, გაათავისუფლეთ პალესტინა". სავარაუდოდ, ასეთი ბანერის გამო დაისჯება საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ჯარიმის სახით სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს.
მოკლედ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში ფეხბურთი პოლიტიკამ დაჩრდილა.