რა გველის ზაფხულში
ზაფხულის მთავარი საფეხბურთო მოვლენა, ცხადია, კონტინენტის პირველობაა, მაგრამ მომავალი ზაფხული სატრანსფერო თვალსაზრისითაც საინტერესო იქნება.
24 საათი 27.01.12
ვან პერსის შენარჩუნებაზე "არსენალმა" ახლავე უნდა იზრუნოს
ზაფხულის მთავარი საფეხბურთო მოვლენა, ცხადია, კონტინენტის პირველობაა, მაგრამ მომავალი ზაფხული სატრანსფერო თვალსაზრისითაც საინტერესო იქნება.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდმა ხმაურიანი ტრანსფერებით არ გაგვანებივრა. ეს მოსალოდნელიც იყო, ზაფხულში კი, შესაძლოა, ნამდვილი სატრანსფერო ბუმი დაიწყოს. ქვემოთ ვისაუბრებთ რამდენიმე ფეხბურთელზე, რომელთა ტრანსფერი ზაფხულშია მოსალოდნელი. შევჩერდებით მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ინგლისურ პრემიერ ლიგას უკავშირდებიან.
გარეტ ბეილი და ლუკა მოდრიჩი
"ტოტენჰემის" ორ ვარსკვლავზე კარგა ხანია გრანდები ნადირობენ, მაგრამ "დეზები" მათ შენარჩუნებას მაინც ახერხებენ. ლონდონური კლუბისთვის ბეილისა და მოდრიჩის გუნდში დატოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ზაფხულში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. ჯერ ერთი, ინგლისის ნაკრებს დატოვებს კაპელო და, სავარუდოდ, მის ადგილს "დეზების" ახლანდელი თავკაცი ჰარი რედნაპი დაიკავებს. მოდრიჩი და ბეილი ამბიციური ფეხბურთელები არიან და თუ გუნდმა სეზონის შედეგების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, ორივე კლუბის შეცვლაზე დაფიქრდება. მოდრიჩის შეძენის მთავარი კანდიდატი "ჩელსია", ბეილზე კი ნახევარი ევროპა ნადირობს.
დიმიტარ ბერბატოვი
მართალია, ალექს ფერგიუსონი ჯიუტად გაიძახის, ბერბატოვი ჩემს მომავალ გეგმებში ჯდებაო, მაგრამ ფაქტები სულ სხვაზე მეტყველებს. ბულგარელს სათამაშო დროს ყოვლდღიურად უმცირებენ და, ცხადია, ბერბატოვი კლუბის შეცვლაზე ფიქრობს. დიმიტარს ზამთარშივე სურდა "მანჩესტერის" დატოვება, მაგრამ არ გამოვიდა. ზაფხულში კი მისი ტრანსფერი აუცილებლად განხორციელდება.
დიდიე დროგბა
დროგბამ "ჩელსიში" მთელი ეპოქა შექმნა, თუმცა, ლონდონური კლუბი მის შენარჩუნებას აღარ აპირებს. დიდიეს ტრანსფერზე ზამთარშიც ბევრს საუბრობდნენ, ზაფხულში კი აფრიკელი უეჭველად დატოვებს "ჩელსის". მას კარიერის გაგრძელების რამდენიმე რეალური შანსი აქვს. დროგბას იწვევენ აშშ-ში, რუსეთსა და ჩინეთში.
ედენ აზარი
ალბათ, ევროპაში არ არსებობს კლუბი, "ლილის" ბელგიელი ფლეიმეიქერის შეძენა რომ არ სურდეს. 21 წლის ნახევარმცველმა ფრანგული გუნდის დატოვებაზე ჯერჯერობით უარი თქვა და ზაფხულამდე "ლილში" დარჩება, შემდეგ კი სატრანსფერო ბაზარზე აზარისთვის ნამდვილი აუქციონი გაიმართება. მისი შეძენის მთავარი კანდიდატია "სიტი", რომელიც ფულის ხარჯვას არც აქამდე ერიდებოდა და ამ მხრივ არც ზაფხულში შეიცვლება რამე.
ფრენკ ლამპარდი
"ჩელსის" ცოცხალი ლეგენდა სულ რაღაც ცხრა თვით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ლონდონელთა ახლანდელი მთავარი მწვრთნელი. ანდრე ვილიაშ-ბოაშმა გუნდში მისვლისთანავე სცადა ასაკოვან ფეხბურთელებთან დისტანცირება. პორტუგალიელი სპეციალისტი გარკვეულწილად მართალია. ტერი და ლამპარდი ახლა "ჩელსში" გაცილებით უფრო დიდი ავტორიტეტები არიან, ვიდრე თავად ვილიაშ-ბოაში. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუ ზაფხულში მწვრთნელი ლამპარდთან განშორებას მოისურვებს. ივნისში ნახევარმცველი 34 წლის ხდება, ამ ასაკში კი მთელი სეზონის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაში ძნელია.
ლოის რემი
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ზაფხულამდე "მარსელის" დატოვება არ ისურვა, თუმცა, თქვა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. ამ ფეხბურთელის გადაბირებით "ტოტენჰემი", "ლივერპული" და "ნიუკასლი" არიანი დაინტერესებული.
უეინ რუნი
შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, რომ ამ სიაში უენ რუნი მოხვდა, მაგრამ თუ უკანასკნელ წლებს გავიხსენებთ, თითქმის ყოველ ზაფხულს რუნისთან დაკავშირებით სხვადასხვა სატრანსფერო ჭორი გორდება. ჭირვეული ხასიათის გამო ის ხშირად ბრაზდება თავისი ახლანდელი კლუბის ხელმძღვანელებზე. ამის შემდეგ კი მის ტრანსფერზე იწყება საუბარი. ძნელია იმის წარმოდგენა, რომ უეინი "მანჩესტერს" დატოვებს, მაგრამ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ზაფხულში რუნის ტრანსფერზე ბევრს ილაპარაკებენ.
რობინ ვან პერსი
მიმდინარე სეზონს რობინ ვან პერსი უმაღლეს დონეზე ატარებს. აგვისტოში ჰოლანდიელი 29 წლის გახდება და, ვინ იცის, მოინდომებს კი დარჩეს გუნდში, რომელთან ერთადაც ტიტულის მოგების შანსი თითქმის არა აქვს. ყოველ შემთხვევაში, თუ "არსენალის" მესვეურებმა სასწრაფოდ არ დაიწყეს ზრუნვა გუნდის გაძლიერებაზე, ვან პერსიმ, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს. გამორიცხული არ არის განმეორდეს გასული ზაფხულის სცენარი, როდესაც "არსენალი" ფაბრეგასმა და ნასრიმ დატოვეს. ორივე ფებურთელი სწორედ იმიტომ წავიდა გუნდიდან, რომ "არსენალი" გაძლიერებაზე არ ზრუნავს. ექვსი სეზონია "მეთოფეები" ტიტულის გარეშე რჩებიან. ისეთი ამბიციური ფეხბურთელისთვის კი, როგორიც ვან პერსია, ეს მიუღებელია. ცხადია, რობინს ბევრი შეთავაზება ექნება. ასე რომ, თუ ვენგერმა თავად არ დაიწყო ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა, ის გუნდის კიდევ ერთ უპირობო ლიდერს დაკარგავს.
თეო უოლკოტი
რობინ ვან პერსის დარად, "არსენალი", შესაძლოა, თეო უოლკოტმაც დატოვოს. ვან პერსისგან განსხვავებით, უოლკოტის გუნდიდან წასვლის მიზეზი მხოლოდ ტიტულის გარეშე დარჩენა როდი შეიძლება იყოს. საქმე ის არის, რომ უოლკოტსა და "არსენალს" შორის არსებული კონტრაქტი 2013 წელს იწურება. თეო "მეთოფეებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს, თუმცა, არც "არსენალის" მესვეურები აქტიურობენ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. უოლკოტი ხელფასის გაზრდას მოითხოვს, "არსენალს" კი ამის გაგონება არ უნდა.
კაკა
ბრაზილიელმა ვერაფრით ვერ მოახერხა მადრიდულ გრანდში ფეხის მოკიდება და, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. არაერთხელ თქმულა, რომ კაკას შეძენით რამდენიმე ბრიტანული გრანდია დაინტერესებული. თავის დროზე აქტიურობდა "სიტი", მაგრამ მაშინ კაკამ "მილანის" დატოვება და "სიტიში" გადასვლა არ ისურვა. ახლა ბრაზილიელის შეძენით "ჩელსი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული. ზაფხულში, შესაძლოა, კაკა ამ ორი ლონდონური გუნდიდან ერთ-ერთში აღმოჩნდეს.