გარი ლინეკერი: "ინგლისის ნაკრებისგან ბევრს ნუ ელით"
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, წასრულში ინგლისის ნაკრების ფორვარდი, "ლესტერის", "ევერტონის", "ტოტენჰემისა" და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი გარი ლინეკერი ფიფას ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ევრო 2012-ზე ინგლისის ნაკრების შანსებზე საუბრობს.
24 საათი 09.05.12
გარი ლინეკერს ინგლისის ნაკრების იმედი არა აქვს
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, წასრულში ინგლისის ნაკრების ფორვარდი, "ლესტერის", "ევერტონის", "ტოტენჰემისა" და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი გარი ლინეკერი ფიფას ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ევრო 2012-ზე ინგლისის ნაკრების შანსებზე საუბრობს.
- თქვენი აზრით, რა შანსი აქვს ინგლისის ნაკრებს მომავალ ევროპის პირველობაზე?
- არა მგონია, რომ ამჯერად ჩვენი გუნდისგან ბევრს უნდა ველოდოთ. ნაკრებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვთ, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ დიდ მიღწევებზე საუბარი უხერხულია. ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს, გუნდში, უეინ რუნის გარდა, მსოფლიო დონის ვარსკვლავი არ არის. რუნი კი ჯგუფური ეტაპის პირველ ორ მატჩს გამოტოვებს. ჩემი აზრით, ნაკრებზე დიდი იმედი არ უნდა დავამყაროთ და მერე იმედგაცრუებულიც არ ვიქნებით. თუმცა, თუ ინგლისის ნაკრები გააზრებულ ფეხბურთს ითამაშებს, ვინ იცის, შესაძლოა, ნორმალურ შედეგსაც მიაღწიოს.
- ალბათ, რაც უფრო ნაკლებია მოლოდინი, მით უკეთესი ინგლისის ნაკრებისთვის...
- ეს გუნდს ზეწოლისგან გაათავისუფლებს. ჩვენ არც ისე დიდი არჩევანი გვაქვს. არა მგონია, რომ ასეთი შემადგენლობით შემტევი, ლაღი ფეხბურთის თამაშის უფლება გვქონდეს. ვფიქრობ, თამაში კონტრშეტევებზე უნდა ავაწყოთ.
- ცხადია, ინგლისის ნაკრებს კონტინენტის პირველობის ფავორიტად არ თვლით. ვინ არის ევრო 2012-ის მთავარი ფავორიტი?
- ესპანეთი. ძნელია დაასახელო მეორე გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მატჩში ბურთის ფლობის 70 პროცენტი აქვს და ამ უპირატესობას საოცრად ეფექტურად იყენებს. ცხოვრებაში არასდროს მინახავს ასეთი გუნდი. ბევრი ცდილობს მიბაძოს ესპანეთის ნაკრებს, მაგრამ არავის არ გამოსდის. ესპანეთის ნაკრების მთავარი უპირატესობა მარტო ის არ არის, რომ ეს გუნდი მუდმივად ფლობს ბურთს, არამედ ისიც, რომ, იკარგება თუ არა ბურთი, იწყება პრესინგი და ესპანეთის ნაკრები ბურთს იბრუნებს. ჩემი აზრით, ესპანეთი ფეხბურთს პროგრესირებაში ეხმარება. მიხარია, რომ სულ უფრო მეტ გუნდებს სურთ მიბაძონ ესპანელებს. ლამაზი ფეხბურთისკენ სწრაფვა კარგია. ესპანეთის გარდა, ფავორიტთა შორის გერმანიის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებებსაც დავასახელებდი.
- ინგლისურ პრემიერ ლიგაში სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. რით დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად ეს სეზონი?
- ინტრიგის თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია, რომელიც კი უკანასკნელ წლებში გამართულა. ფეხბურთის ხარისხის მხრივ კი უკეთესებიც ყოფილა. მიმდინარე სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მოხდა. მარტო პოლ სქოულზის დაბრუნება რად ღირს!.. საშინელი ისტორია მუამბასთან დაკავშირებით. ჩემპიონის ბედი კი ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში გაირკვევა. ამაზე მეტი რა უნდა იყოს, თანაც, სატურნირო ცხრილის ბოლოშიც დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.
- იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ ბოლო წლებში პრემიერ ლიგის დონე ეცემა?
- თუ ევროტურნირებზე ჩვენი კლუბების გამოსვლით ვიმსჯელებთ, ამ მოსაზრებას ვერ შევეწინააღმდეგებით. "ჩელსის" მიღწევა გამონაკლისია. ესპანური პრიმერა კი ორი ევროპული ტურნირის ნახევარფინალებში ხუთი გუნდით იყო წარმოდგენილი. ინგლისი ამაზე ვერც იოცნებებს. მეორე მხრივ, ევროტურნირებით ყველაფრის გაზომვა არ ღირს. მაგალითად, ზოგიერთი გუნდისთვის ევროპის ლიგა პრიორიტეტი არ არის.
- თქვენი ყოფილი გუნდი "ტოტენჰემი" სეზონის მეორე ნახევარს არასტაბილურად მართავს. მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ჰარი რედნაპს ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებდნენ?
- არა მგონია, რომ "დეზების" წარუმატებლობა ამის ბრალია. კარიერის განმავლობაში მიმუშავია მწვრთნელებთან, რომლებმაც იცოდნენ, რომ ტოვებენ გუნდს, მაგრამ ეს გუნდის თამაშზე გავლენას არ ახდენდა. ბობი რობსონსა და ტერი ვენეიბლზს ვგულისხმობ. "ტოტენჰემის" წარუმატებლობის მიზეზი კი ის არის, რომ ფეხბურთელებმა საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს.