სასარგებლო სიკვდილი
სამეფო რბოლათა მხცოვანი იმპრესარიო ბერნი ეკლსტოუნი, რომელსაც საკუთარი განცხადებებით არაერთხელ უხერხულ მდგომარეობაში ჩაუყენებია ფორმულა 1-ის სამყარო და ხშირ შემთხვევაში საკუთარი თავიც, თავისას არ იშლის და ავტოსპორტის სამყაროს ძველებური შემართებით შოკში აგდებს. თურმე ნუ იტყვით და, აირტონ სენას სიკვდილმა ფორმულა 1-ს არგო.
24 საათი 21.10.09

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ბერნი ეკლსტოუნმა, რომელსაც 28 ოქტომბერს 80 წელი უსრულდება, ადოლფ ჰიტლერი “კარგ პოლიტიკოსად” მოიხსენია და ყველაფრის გამგონე ყვითელი პრესაც კი სახტად დატოვა. ბუნებრივია, ჰიტლერის მისამართით მსგავს განცხადებას ეკლსტოუნისადმი შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. ასეთი გაკვეთილის შემდეგ ინგლისელი ბიზნესმენი, რომელიც დღეს FOM (Formula One Management)-ისა და FOA (Formula 1 Administration)-ს პრეზიდენტი და, საერთოდ, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელია (საფეხბურთო კლუბ “ქუინზ პარკ რეინჯერსის” თანამფლობელიცაა. რედ.) უწინდელივით ახმოვანებს საკუთარ არაორაზროვან შეხედულებებს.
რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა იტყობინება, რომ ბერნი ეკლსტოუნმა თავს უფლება მისცა, სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, ბრაზილიელი აირტონ სენას მისამართით არცთუ სასიამოვნო სიტყვები ეთქვაო.
გასულ უქმეებზე, როდესაც სან პაულუ სამეფო რბოლათა მორიგ ეტაპს მასპინძლობდა, ეკლსტოუნი აირტონ სენას დას ვივიენს და მის შვილს ბრუნოს შეხვდა. ამის შემდეგ ბრიტანელმა თქვა ის, რამაც ყველა გააოგნა - სენას სიკვდილმა ფორმულა 1-ს არგოო.
“მას არ გაუმართლა, მაგრამ მისმა სიკვდილმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, რამაც, საბოლოოდ, სამეფო რბოლებს არგო, - ამბობს ეკლსტოუნი, - აირტონის დაკარგვა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ მომხდარს ვეღარ შევცვლით. ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ მისმა სიკვდილმა იმ ადამიანების ყურადღებაც მიიპყრო, ვისაც მანამდე ფორმულა 1 არ აინტერესებდა”.