მილტონ ჰეიგი საქმეს შეუდგა
ბორჯღალოსანთა ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი საქმეში ვნახეთ.
24 საათი 04.02.12
ბორჯღალოსანთა ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი საქმეში ვნახეთ.
"შევარდენის" ხელოვნურსაფარიანი მოედანი ორად გაეყო და ესპანეთის ნაკრებთან შესახვედრად ბიჭებს თანაშემწის ილია მაისურაძის დახმარებით თავისებურად მოძღვრავდა. უცხო თვალისთვის რთული გასარჩევი იყო მოედანზე ვინ იყო მწვრთნელი და ვინ მოთამაშე - მილტონ ჰეიგი ფრაგნეტულად თამაშში ერთვებოდა და არცთუ ურიგოდ.
თუ მოედნის ერთ ნახევარზე მთავარი მწვრთნელი იძლეოდა განკარგულებებს, მეორეზე მისი თანაშემწე შერკინების მწვრთნელი კრის გიბსი ილია ზედგინიძესთან ტანდემში მოძღვრავდა საკუთარ სამწყსოს. დაახლოებით ერთ საათიანი ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელები გვერდზე გადგნენ და ბიჭებს ერთმანეთში თამაშის საშუალება მისცეს. ბოლოს კი ბორჯღალოსანთა დამრიგებელმა პრესკონფერენციაზე გვიხმო.
რიგით მეცამეტე ევროპის ერთა თასის გათამაშებისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "შევარდენის" ბაზაზე 30 იანვრიდან იწრთობა. რთული კლიმატური პირობების გამო ბორჯღალოსნები ძირითადად დარბაზში ვარჯიშობდნენ, გუშინ კი ღია ვარჯიშზე გვიხმეს.
ეროვნული გუნდის ახალზელანდიელი მწვრთნელების მილტონ ჰეიგისა და კრის გიბსის განკარგულებაში 32 მორაგებეა.
ერთა თასის გათამაშებას რუმინეთისა და პორტუგალიის დაპირისპირებით დღეს მიეცემა სტარტი. დღესვე საქართველოს ნაკრებს დნეპროპეტროვსკში უკრაინელებთან უნდა ეთამაშა, მაგრამ აუტანელი ყინვების გამო ეს შეხვედრა გადაიდო. ასე რომ, ბორჯღალოსნებთან ახალზელანდიელთა სამწვრთნელო დებიუტს 11 თებერვალს ესპანელებთან გასვლით შეხვედრაში ველოდებით, რომლებთანაც აქამდე ერთა თასზე 11-ჯერ გვითამაშია, რვაჯერ მოგვიგია, ორჯერ წაგვიგია და ერთხელაც საყაიმო ანგარიშით დავშორებივართ ერთმანეთს.
საქართველოს გადახალისებული ნაკრები ესპანელებთან მოგებათა რიცხვის გაზრდას ახლაც გეგმავს.
"ყინვების გამო იძლებულნი ვიყავით ძირითადად დარბაზში გვევარჯიშა. დიდი ხანი არაა რაც საქართველოში ვარ და, შესაბამისად, რაგბისადმი საკუთარი ხედვის ბიჭებისთვის გაზიარებაც ბოლომდე ვერ მოვასწარი. ამისთვის დრო მჭირდება. მიუხედავად ამისა, გარკვეული მონახაზი უკვე მაქვს, - შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი. - ქართული რაგბის გამწევი ძალა შერკინებაა, მაგრამ იმისთვის, რომ ძლიერ ნაკრებებს მოვუგოთ, სხვა რგოლებიც გასაძლიერებელია. გაშლილი თამაში უნდა ვისწავლოთ. ესაა ის, რაც გვინდა რომ ბიჭებს ვასწავლოთ. ვიცი ყოველივე გულშემატკივარსაც მოეწონება. რა თქმა უნდა, სანახაობრივ თამაშს თან უნდა ახლდეს მოგებაც. ასე ჯარიმებითაც შეიძლება მოიგოს გუნდმა, მაგრამ განვითარებისთვის ხელით თამაშია დასახვეწი. თუ ჩვენს შესაძლებლობებს ბოლომდე გამომავლენთ და გამოვიყენებთ ჩვენი დამარცხება იოლი არ იქნება. ამასთან ციკლი ახლა იწყება და გვინდა რომ ახალი სახეებიც გამოჩნდნენ ნაკრებში. ყველას დავაკვირდებით და შევისწავლით, რათა ნაკრების კანდიდატთა ნუსხა გაიზარდოს.
ესპანეთის ნაკრების შარშანდელი თამაშები ვნახეთ და მათზე გარკვეული წარმოდგენაც შევიქმენით. კარგი იქნებოდა, უკრაინასთან გვეთამაშა, მაგრამ არც ისაა ცუდი, რომ ესპანეთით ვიწყებთ, რადგან მოსამზადებლად მეტი დრო მოგვეცა. კაცმა არ იცის რას შემოგვთავაზებენ. ახალი გუნდი ჰყავთ. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. მთავარია შეცდომა არ დავუშვათ და ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვავლინოთ. ჩვენ ეს თამაში უნდა მოვიგოთ".