ორმაგი მარცხი ტოკიოში
ტოკიოში მიმდინარე სუმოისტთა სუპერტურნირზე ასპარეზობის მესამე დღე უიღბლო გამოდგა ქართველებისთვის. დამარცხდნენ ტოჩინოშინიც და კოკაიც, რომელსაც მანამდე ორი ბრძოლა ჰქონდა მოგებული.
24 საათი 16.09.09
ტოკიოში მიმდინარე სუმოისტთა სუპერტურნირზე ასპარეზობის მესამე დღე უიღბლო გამოდგა ქართველებისთვის. დამარცხდნენ ტოჩინოშინიც და კოკაიც, რომელსაც მანამდე ორი ბრძოლა ჰქონდა მოგებული.
ტოჩინოშინის მარცხი ძნელად პროგნოზირებადი არ იყო. აგვისტოს ბანძუკეში პირველ მაეგაშირობამდე აღზევებული ახალგაზრდა ქართველი სუმოისტი სექტემბრის ბაშოზე ურთულესი ამოცანის წინაშე დადგა. რეიტინგის მომატებასთან ერთად, ლევან გორგაძეს მეტოქეებიც გაუძლიერდა. სექტემბრის ბაშოზე გამართული სამი ბრძოლიდან ტოჩინოშინმა ორი იოკოძუნას და ერთიც ოძეკის წინააღმდეგ ჩაატარა. ამდენად, ლოგიკურია, რომ ქართველმა სამივე ორთაბრძოლა დათმო.გუშინ ტოჩინოშინს დოხიოზე დაუხვდა სუმოს რეიტინგის პირველ საფეხურზე მყოფი იოკოძუნა ჰაკუჰო, სუპერტურნირის მთავარი ფავორიტი (იოკოძუნა ასოშორიუსთან ერთად).ჰაკუჰომ ქართველი იორიტაოშის ილეთით დაამარცხა და აქტივში მესამე გამარჯვება ჩაიწერა.
რაც შეეხება აქამდე დაუმარცხებლად მოასპარეზე კოკაის, ის აღმოსავლეთის მეთექვსმეტე მაეგაშირა მასაცუკასასთან იორიკირის ილეთით დამარცხდა. ახლა გამოცდილი ქართველი რიკიშის აქტივში ორი გამარჯვება და ერთი მარცხია.
დღეს ასპარეზობის მორიგი დღეა, რომელსაც აღმოსავლეთის მეთოთხმეტე მაეგაშირა კოკაი და აღმოსავლეთის მეთხუთმეტე მაეგაშირა იოშიკაზე გახსნიან. ლევან ცაგურიას დღევანდელ მეტოქეს სამიდან მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს მოგებული. თუ ამ ორი სუმოისტის პირად სტატისტიკას გადავხედავთ, სანუგეშო ბევრი არაფერია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამართული ხუთი ბრძოლიდან კოკაიმ სამი დათმო.
რაც შეეხება ტოჩინოშინს, ზედიზედ ორ იოკოძუნასთან გამართული პაექრობის შემდეგ ის შეხვდება აღმოსავლეთის ოძეკ კოტოშუს, რომელიც ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობს და ბაშოს მოგების ფავორიტთა შორისაა. აქამდე ტოჩინოშინი კოტოშუს ერთხელ შეხვდა. ეს მოხდა 2008 წლის ნოემბერში. მაშინ ჩვენებური დამარცხდა.