ქართულ ძიუდოში წყალი არ ჩამდგარა
დაახლოებით ორი კვირის წინათ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების რამდენიმე წევრმა თუ კანდიდატმა ქვეყნის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა - უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ქართული ძიუდოს თავკაცებთან, სპორტის მინისტრის თანდასწრებით შეხვედრა და იმ საკითხებზე საუბარი, რომელმაც ახალი წლიდან ამავე სამყაროში განხეთქილება შეიტანა.
24 საათი 30.09.09
დაახლოებით ორი კვირის წინათ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების რამდენიმე წევრმა თუ კანდიდატმა ქვეყნის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა - უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ქართული ძიუდოს თავკაცებთან, სპორტის მინისტრის თანდასწრებით შეხვედრა და იმ საკითხებზე საუბარი, რომელმაც ახალი წლიდან ამავე სამყაროში განხეთქილება შეიტანა.
საუბარია, ფაქტობრივად ორად გახლეჩილ ნაკრებზე და ნაკრების აქამომდელ მწვრთნელ შოთა ხაბარელსა და ფედერაციის პრეზიდენტ დილარ ხაბულიანს შორის დაპირისპირებაზე, რომელიც ორი კვირის წინათ სწორედ ხაბარელის თანამდებობიდან დათხოვნით და მის ადგილზე ამირან ტოტიკაშვილის დანიშვნით დასრულდა. გუშინდელი განმეორებითი შეკრება კი იმას ემსახურებოდა, რომ იმავე ულტიმატუმის ინიციატორებმა, რომლებიც პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფედერაციის ხელმძღვანელთა გადადგომას მოითხოვდნენ, ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობის გამართვის ინიციატივით გამოდიან.
ერთი სიტყვით, იმავე ძიუდოისტებმა - ვარლამ ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური, გიორგი ბაინდურაშვილი, ნესტორ ხერგიანი, ზვიად ხანჯალიაშვილი, გრიგოლ შინჯიკაშვილი, ნოდარ მეტრეველი, იოსებ მსხალაძე, ზებედა რეხვიაშვილი და ნაკრების კიდევ რამდენიმე კანდიდატი, ვაკის ძიუდოს დარბაზში ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ მოწყობილ წინა პრესკონფერენციას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
“ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს და თუ მას არ გაითვალისწინებენ მაშინ ვარჯიშს აზრი აღარ აქვს. ერთხელაც შევახსენებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქართული სპორტის სათავეში დგანან, ყურადღება მოგვაქციონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი ვერანაირად ვერ აღმოიფხვრება. არაჯანსაღი სიტუაციიდან ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები გამოგვიყვანს”, - აცხადებდნენ შეხვედრის ინიციატორები.
გუშინვე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ამირან ტოტიკაშვილმა ეროვნული გუნდის კანდიდატები შეკრიბა ბაქოს საერთაშორისო ტურნირისთვის მოსამზადებლად. ეგაა, ნაკრების წევრთა უმრავლესობამ შეკრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
და კიდევ, მხარეთა შორის დაპირისპირების აღმოსაფხვრელად გუშინ შერიგების ინიციატივით საქართველოს კათალიკოს პატრიარქისთვის ილია მეორესთვისაც მიუმართავთ.