ბერძენ-რომაელთა ქართული შვიდეული
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატისთვის კალენდარში 24-25 დეკემბერი მონიშნა, საჭიდაოდ კი - სპორტკომპლექსი "არენა".
24 საათი 26.12.11
ევროპის ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა სეზონი საქართველოს ჩემპიონიბით დაასრულა
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ბერძენ-რომაელთა საქართველოს ჩემპიონატისთვის კალენდარში 24-25 დეკემბერი მონიშნა, საჭიდაოდ კი - სპორტკომპლექსი "არენა".
წლის დასკვნით შეჯიბრებას მნიშვნელობას მატებდა ისიც, რომ ორი დღის განმავლობაში უნდა გამოვლენილიყვნენ ფალავნები, რომლებიც ლონდონის ოლიმპიური თამაშებისკენ მიმავალ გზას გარკვეულწილად შეიმოკლებდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ჩემპიონატზე გამოუსვლელობის შემთხვევაში, ამა თუ იმ მოჭიდავეს ლიცენზიისთვის ბრძოლის (ისევე როგორც ნაკრებში მოხვედრის) შანსი არ მიეცემოდა. გამონაკლისი მხოლოდ მათთვის დაუშვეს, ვისაც ტრავმა ჰქონდა.
ჭიდაობის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებით შეგულიანებული გულშემატკივარი ქართულ ხალიჩაზე ნაკრების ლიდერებსა და კანდიდატებს ელოდა კიდეც, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაში მათი მოლოდინი არ გამართლდა - საქართველოს ჩემპიონატმა ნაკრების გამოცდილი წევრების, მანუჩარ კვირკველიასა (74 კგ.) და რამაზ ნოზაძის (96 კგ.) გარეშე ჩაიარა. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ათენის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონის ნოზაძის გადაწყვეტილება, რომელსაც ვერც ნაკრების და პირადმა მწვრთნელმა მოუძებნეს ახსნა და ვერც ფედერაციის ხელმძღვანელებმა. არადა, ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ნოზაძე საქართველოს პირველობით უნდა დაბრუნებოდა ხალიჩას, მაგრამ ბოლოს რატომღაც გადაიფიქრა. გასათვალისწინებელია, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს ტრავმა არ აწუხებს.
ჭიდაობის ფედერაციის მოთხოვნით, საქართველოს ჩემპიონატზე ყველას თავის წონაში უნდა ეასპარეზა. ერთადერთი გამონაკლისი მსოფლიო ჩემპიონატების ორი ვერცხლის მედლის მფლობელისთვის, მანუჩარ ცხადაიასთვის დაუშვეს - ნაკრების გამოცდილმა ფალავანმა, 66 კილოგრამის ნაცვლად, 74-ში იასპარეზა და ჩემპიონიც გახდა.
ზედა წონაში გადასვლას ცხადაია ადრეც შეეცადა - შარშან ქვეყნის ჩემპიონატში გამოვიდა კიდეც, მაგრამ მანუჩარ კვირკველიასთან დამარცხდა და ისევ 66-ში მოუხდა დაბრუნება.
საქართველოს ჩემპიონატმა ახალი ფორმატით ჩაიარა. კერძოდ, მალე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია წესებში შეიტანს რამდენიმე ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ბერძენ-რომაელების პერიოდისთვის საჭირო წუთ-ნახევრი ორ წუთამდე გაიზრდება. მართალია, პროექტი ჯერ განხილვის დონეზეა, მაგრამ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ აქედანვე დაიჭირა თადარიგი და მოსალოდნელი სიახლე წლის დასკვნით შეჯიბრებაზე გამოცადა. სიახლე კი ის არის, რომ პერიოდის უქულოდ დასრულების შემთხვევაში ფალავნები ძველებურად, პარტერში დგებოდნენ, ხოლო თუ პერიოდის განმავლობაში რომელიმე მათგანი თუნდაც ერთ ქულას აიღებდა, პერიოდი ორ წუთს გრძელდებოდა. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან მოსალოდნელმა სიახლემ საქართველოში მოწონება დაიმსახურა. მსაჯებისა და მწვრთნელების უმრავლესობის აზრით, თითქოს უმნიშვნელო ცვლილებამ ჭიდაობას დინამიკა შემატა.
ბერძნულ-რომაული
ჭიდაობა
საქართველოს
ჩემპიონატი
55 კგ.
1. ლაშა გოგიტაძე
2. გოდერძი დავითაძე
3. ბაჩანა ფუტკარაძე
3. ზურაბ მაჭარაშვილი
60 კგ.
1. ირაკლი ჭოჭუა
2. ფირუზ წულიკიძე
3. გოგიტა გოგიბერაშვილი
3. გოჩა გოგიბერიშვილი
66 კგ.
1. რევაზ ლაშხი
2. უჩა შავაძე
3. მამუკა ხოზრევანიძე
3. პაატა ბაკურაძე
74.კგ
1. მანუჩარ ცხადაია
2. ზურაბ დათუნაიშილი
3. გოგა აფრიამაშვილი
3. შმაგი გულიაშვილი
84 კგ.
1. რევაზ ნადარეიშვილი
2. გიორგი ცირეკიძე
3. მათე სოფაძე
3. ჯონი მინაძე
96 კგ.
1. სოსო ჯაბიძე
2. ამირან ზარნაძე
3. გიორგი მორჩილაძე
3. ირაკლი ქაჯაია
120 კგ.
1. გურამ ფერსელიძე
2. რევაზ ჭელიძე
3. სერგო გოგისვანიძე
3. რამინ შაქარაშვილი