ჩელიაბინსკში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა.
24 საათი 28.04.12

ჩელიაბინსკში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა.
ტურნირის პირველ დღეს ამირან პაპინაშვილისა (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილის (66 კგ.) მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს მედლებს მეორე დღეს არაფერი შემატებია.
73 და 81 კგ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლებისთვის ბრძოლას ზაიზენბახერის შეგირდები ადრეულ ეტაპებზე გამოეთიშნენ.
თითო წონაში ორ-ორი ძიუდოისტით მოასპარეზე ქართველთაგან ერთადერთი, ვინც ყველაზე შორს წავიდა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების რეალური შანსიც ჰქონდა, ავთანდილ ჭრიკიშვილია.
81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჭრიკიშვილმა ორი შეხვედრის მოგების შემდეგ ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში გერმანელ ალექსანდერ ვიეჟერჟაკთან იპონით დაკარგა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ფრანგი აქსელ კლერჟე დაამარცხა, მაგრამ "ბრინჯაოს ფინალში" ლატვიელ კონსტანტინს ოვჩინიკოვსისთან ვაზარით დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
გუშინვე რუსულ ტატამზე გავიდნენ ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ.) და ლევან წიკლაური (81 კგ.), მაგრამ მეოთხედფინალს ვერც ერთმა ვერ მიაღწია.
დღეს - ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში გამოვლინდებიან. 90 კილოგრამში საქართველოს ნაკრების ღირსებას ვარლამ ლიპარტელიანი და ზურაბ ზვიადაური დაიცავენ, 100-ში - ლევან ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე, ხოლო მძიმეში - ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი.