შეკრებიდან შეკრებამდე ნაკრები გამოიკვეთება
მომავალი კვირის ბოლოს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ავსტრიელი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი იმ შვიდეულს დაასახელებს, რომელსაც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოუწევს ასპარეზობა.
24 საათი 30.06.12
ლიპარტელიანი ჩეხურ და ესპანურ შეკრებებზე ტრავმამ არ გაუშვა
მომავალი კვირის ბოლოს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ავსტრიელი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი იმ შვიდეულს დაასახელებს, რომელსაც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოუწევს ასპარეზობა.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადების მიღების ბოლო ვადა 9 ივლისია, ნაკრების მწვრთნელი კი რჩეულებს 7 ივლისს ძიუდოს აკადემიაში დაასახელებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების რვა კანდიდატი ახლახან ჩეხეთში, ევროპის ძიუდოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა, დღეს კი იგივე მიზნით ესპანეთშია და 6 ივლისამდე იქ დარჩება.
ჩეხეთ-ესპანეთის განაცხადში ნაკრების თავკაცმა ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე 60 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ.), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ.), ლევან ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (ორივე 100 კგ.) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ.) შეიყვანა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ.) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ.) ტრავმების გამო არ იმყოფებიან ამ შეკრებებზე. ხანჯალიაშვილს ამ მიზეზით თითქმის მთელი მოსამზადებელი ციკლი გაუცდა, ლიპარტელიანის ტრავმა კი მსუბუქია და თბილისში ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
…შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში ლონდონში წამსვლელ ძიუდოისტთა ვინაობა აქედანვე ცნობილია. 66 კილოგრამში ოლიმპიური ნორმატივი ლაშა შავდათუაშვილმა შეასრულა, 73-ში - ნუგზარ ტატალაშვილმა, 81-ში - ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ხოლო 90-ში - ვარლამ ლიპარტელიანმა. ასე რომ, პიტერ ზაიზენბახერს 60, 100 და მძიმე წონით კატეგორიებში აქვს არჩევანი გასაკეთებელი უმსუბუქეს წონაში ამირან პაპინაშვილსა და ბეთქილ შუკვანს, 100-ში - ირაკლი ცირეკიძესა და ლევან ჟორჟოლიანს, ხოლო მძიმეში - ადამ ოქრუაშვილსა და ზვიად ხანჯალიაშვილს შორის.
ესპანეთიდან დაბრუნებული ნაკრები წინასაოლიმპიადო დასკვნით შეკრებას ბორჯომში გაივლის და არა დუშეთში, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
და კიდევ, ძიუდოისტები ერთ-ერთი პირველები გავლენ ოლიმპიურ ტატამზე - ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიის მეორე დღეს.