"ბუგატი" "გალიბიერ 16C-ს" გამოუშვებს
"ბუგატის" კონცეპტუალურ სედან "გალიბიერ 16C-ს" მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე შედგა, მაგრამ იქ კომპანიას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, აპირებს თუ არა ამ ავტომობილის წარმოებას.
24 საათი 28.11.09
"ბუგატის" კონცეპტუალურ სედან "გალიბიერ 16C-ს" მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე შედგა, მაგრამ იქ კომპანიას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, აპირებს თუ არა ამ ავტომობილის წარმოებას.
მაგრამ ავტო შოუს დასრულებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ფრანკფურტში მიღებული კარგი გამოხმაურების გამო, ამ ბრწყინვალე ავტომობილს მალე მწვანე შუქს აუნთებენ.
სპორტული "ვეირონისგან" განსხვავებით, "გალიბიერი" სიჩქარის დემონი არაა და მასში აქცენტი სიმდიდრესა და კომფორტზეა გაკეთებული. ავტომობილი თავისი მონუმენტური გარეგნობით გამოირჩევა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო - მან ხომ "როლს როისის" გიგანტურ "ფანტომს" უნდა გაუწიოს კონკურენცია. "ვეირონის" დარად, ისიც ორ ფერშია გამოწყობილი, ოღონდ, ახალი ავტომობილისთვის კომპანიის დიზაინერებმა ფერების უფრო ელეგანტური შეხამება აირჩიეს - შავი სარკესავით გაპრიალებულ ალუმინთან. ძარის ის ელემენტები, რომლებიც ვერცხლისფრად ელავს, ალუმინისგანაა დამზადბეული, შავი კი კარბონის კომპოზიტია.
ავტომობილი შიგნითაც ისეთივე დიდებულია, როგორც გარედან. სალონში ყავისფერი დომინირებს. ღია ყავისფერი ტყავით თითქმის ყველაფერია გაწყობილი, ზოგან კი მას ხის პანელები ფარავს, რომელსაც ალუმინის ფურცლებისგან დამზადებული არშიები აქვს შემოვლებული. სალონის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება მისი სისადავე და, რა თქმა უნდა, მდიდრულობაა.
ძრავი იგივეა, რაც "ვეირონზე" - 8.0-ლიტრიანი W16, რომელსაც ოთხი ტურბოკომპრესორის ნაცვლად, ორი მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ეგ კიდევ არაფერი, კომპანიის იჟინრებმა ამ აგრეგატის ტემპერამენტი ხელოვნურად შეზღუდეს და თუ "ვეირონზე" ძრავს 1 000 ცხენის ძალა აქვს, "გალიბიერზე" 800 ცხენის ძალითაც კმაყოფილდება. გადაბმულობის ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, ძრავს 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უკავშირდება.
საპრეზენტაციო წვეულებაზე "ბუგატის" ტექნიკურ დირექტორ ვოლფგანგ შრაიბერს უთქვამს - ეს მსოფლიოს უსწრაფესი, ყველაზე ტემპერამენტიანი და მძლავრი ოთხკარიანი სედანიაო. ვერაფერში შეედავები! ამასთან დაკავშირებით, პრეტენზია შეიძლება მხოლოდ "როლს როისში" ჰქონდეთ.
ჰო მართლა, შრაიბერმა განაცხადა, რომ "გალიბიერ-ის" დიზაინერებმა შთაგონება "ბუგატის" ლეგენდარული "ტაიპ 57 ატლანტიკისგან" მიიღეს, რომელთან მსგავსების მთავარი ნიშანი ავტომობილის სიმეტრიის ღერძის გასწვრივ გამავალი ზოლია, რომელიც წინა და უკანა საქარე შუშაზეც გადადის.
"ბუგატი" აღიარებს, რომ 50 ცალი "ვეირონი" ჯერაც გასაყიდი აქვს, მის ბაზაზე გამოშვებულ "გრან სპორტზეც" ჯერ სუკ რამდნიმე ათეული შეკვეთაა მიღებული. ამიტომ, "გალიბიერ-ის" ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
დაბოლოს. რა დროს ამაზე ლაპარაკია, მაგრამ მოსალოდნელია, რომ "ბუგატი" გალიბიერის ფასი დაახლოებით 1.45 მილიონი დოლარი იქნება. სავარაუდოდ, ამ ავტომობილის წარმოება მერმის დაიწყება.