მაგარი ბიჭებისა და მიმბაძველი პრანჭიებისათვის
ნუ ეტყვით ალექსანდერ უონგს, რომ ლურჯი ახლებურად დანახული შავია, ან კიდევ "ტანკეტკიანი" ჩექმა სეზონის აუცილებელი ატრიბუტია.
24 საათი 09.02.10
"მოდა ზოგიერთი ადამიანის თვალში რაღაც ხელშეუხებელი და ქედმაღლურია" ჩემთვის, კი ის არის უბრალოდ
ნუ ეტყვით ალექსანდერ უონგს, რომ ლურჯი ახლებურად დანახული შავია, ან კიდევ "ტანკეტკიანი" ჩექმა სეზონის აუცილებელი ატრიბუტია.
ასეთი მედიდური განცხადებები მას ალბათ მხოლოდ სიცილს მოგვრის. "დღეს საკითხს ასე აღარავინ აყენებს," - ამბობს ბ-ნი უონგი. - "მოდა ზოგიერთი ადამიანის თვალში რაღაც ხელშეუხებელი და ქედმაღლურია," - ამბობს იგი, - "ჩემთვის, კი ის არის უბრალოდ ტანსაცმელი, რომელიც უნდა ჩაიცვა. დღის ბოლოსთვის მთავარი ჩემი მიზანი პროდუქციის გაყიდვაა."
ეს განცხადება საკმაოდ მშრალად ჟღერს მოდის სამყაროს ამ "საშინელი ბავშვის," 25 წლის აწოწილი, აქოჩრილი ახალგაზრდის პირიდან, რომელიც თავის დროზე დიზაინის სკოლიდან გააგდეს და რომელმაც სულ რაღაც 5 წელიწადში შემდეგი ნახტომი გააკეთა: "ვოგისთვის" ტანსაცმლის ჩასაკეც ჩანთებს დაატარებდა, რაც 25 მილიონიან საკმაოდ სწრაფად მზარდ და კარგად დაგეგმილ საოჯახო ბიზნესში გადაიზარდა. ბ-ნი უონგის ზედმიწევნით "ქუჩურ" კოლექციებს მოდაში ჩახედული ადამიანებიც ხარბად ადევნებენ თვალს და მაღაზიებს მფლობელებიც, რომლებიც მის ტყავის ლეგინსებს, დრაპირებულ ჯერსის კაბებსა და ბაიკერის ქურთუკებს პირდაპირ იტაცებენ.
მისტერ უონგის წარმატება ნაწილობრივ მისი ხაზგაუსმელად სექსუალური ესთეტიკის პირდაპირი ნაყოფია. ეს ხისტი, მაგრამ ვნებიანი ხედვა ისეთივე "ამოსავალი" პროდუქციაა მისთვის, როგორც მისი საფირმო გამჭვირვალე მაისურები.
"ვხალისობ მის ამ "ტუტუცურ" სტილზე," - ამბობს ვოგის ერთ-ერთი მესვეური სელი ზინგერი. - "ეს არის ლაღი, ძალდაუტანებელი სტილი, რომელსაც ახალგაზრდობისა და კლუბური ცხოვრების საუფლოში ეტანებიან."
მაგრამ, ამ ბოლო დროს მისი რაფინირებული ფორმები და ხელმისაწვდომი ფასები უფრო მოწიფული თაობების - ბანკირებისა თუ პედაგოგების ინტერესის საგნადაც იქცა და ბოტოქსით სახედაჭიმული, "გამოსული" ქალბატონებისაც, რომლებიც "ქალაქელი ზმანის" მისეულმა სტილმა მიიზიდა; რომ არაფერი ვთქვათ მანჰეტენელ ვიზაჟისტ ვერონიკა ჩუზე, რომელიც ამბობს: "ჩვენ ძირითადად ზომა 2-ს ვატარებთ. კარგია, როცა სექსუალური და ამავე დროს მოხერხებული ტანსაცმელი გაცვია, რომელიც მთლად "გოგოშკურიც" არ არის. მე პირადად, რაღაც მეტი მსურს."
მისტერ უონგი კომერციული რეალიებისადმი ფხიზელ მიდგომასაც ამჟღავნებს. "საქმეში დიდ ზომიერებას იჩენს." - ამბობს "ნორდსტრომის" ტანსაცმლის დიზაინერი და ვიცე- პრეზიდენტი ჯენიფერ უილერი. "მისი პროდუქციის ხარისხი მყარი და მდგრადია. მას, სხვა ახალბედა დიზაინერებისგან განსხვავებით, უეცრად "თავსდამტყდარი" წარმატება თავში არ ავარდნია."
მისტერ უონგი თავის მინი-იმპერიას მფარველების გარეშე უძღვება; არც ოჯახური დოვლათი გამოუყენებია თავის სასარგებლოდ. იგი დედასთან, ცოლისდასთან - ემი ვონგთან, ბუღალტერსა და ძმასთან - დენი უონგთან ერთად მუშაობს (ამ უკანასკნელს საერთაშორისო ბიზნესის განვითარების სფეროში აქვს გამოცდილება).
"ალექსანდერი საქმეში კარგად არის ჩახედული", - ამბობს დენის უონგი. - "მან ყოველთვის მშვენივრად იცის, რა ტენდენციები, რა ხედვები და რა ფასდებებია გაბატონებული დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. მას აქვს გუმანი და მკაფიო ხედვა, იცის, საით წარმართოს თავისი კომპანია."
ერთხელ, სალონიდან წამოღებული "ჰარპერ ბაზარის "ფურცვლისას, 8 წლის ალექსანდერი წააწყდა იმიჯს, რომელიც დღემდე თან სდევს. "ეს იყო ტომ ფორდის წვრილზოლიან კოსტუმში გამოწყობილი "გუჩის" მოდელი," - იხსენებს უონგი. ბიჭუნა სკოლაში სწავლის დროსაც კი ისეთი გონიერი იყო, რომ მოდელ ჯორჯინა გრენვილსაც იცნობდა და ფოტოგრაფ პატრიკ დემარშელიეს. "იმ ფოტოს ყველგან თან დავატარებდი." - იხსენებს იგი.
უონგი სან-ფრანცისკოში გაიზარდა (მისი მშობლები იქ შეფუთვის კომპანიას ფლობდნენ) და ლონდონსა და პარიზში მოგზაურობა ეოცნებებოდა, "იქაური მაღაზიების დასაზვერად." მოზარდ ასაკში, კოლეჯში (Central Saint Martins College of Art & Design) სწავლისას, მან საზაფხულო კურსი აიღო და ლონდონს ეწვია. (კოლეჯმა სხვებთან ერთად ალექსანდერ მაკკუინსაც გაუკვალა გზა). უონგის თქმით, სკოლები, მათ შორის "პარსონსი," (ნიუ იორკი) რომელშიც მან ხანმოკლე კურსი გაიარა, ბევრს არაფერს იძლევა.
"ამ სკოლების ნაკლი, ვფიქრობ, ის იყო, რომ იქ ვერ გასწავლიდნენ, როგორ უნდა განგეხორცილებინა იდეები ბიზნესში," - ამბობს იგი. - "პირველი დღიდანვე ვიცოდი, რომ გარკვეული ცხოვრების სტილის ბრენდად ქცევის სურვილი მქონდა."
მისტერ უონგისათვის კი ეს იმას ნიშნავდა, რომ თავისი კლიენტურა დაეკმაყოფილებინა - გამხდარი, გრძელხელა სკოლის მეგობრები და მოდის ისეთი მუზები როგორებიც არიან ერინ ვასონი და საზოგადოებრივი მოღვაწე ვიქტორია ტრაიანა, რომლებიც მის ტანსაცმელს დაუდევარი სილაღით ატარებდნენ. დეტალური შესწავლისას ირკვევა, რომ მან მათი ჩვეულებრივი სპორტულები, აჩაჩულ-დაჩაჩული მაისურები, დაძენძილი ჯინსები - თავისი დიზაინის საგნად აქცია. მაგალითისთვის მისი მაქმანის ტოპებიც კმარა, რომლებიც თითქოს ოფლითაა დალაქული.
"ის ნამდვილია," - ამბობს მასზე ქ-ნი ვილერი, - "მას არავითარი მისტიფიკაცია არ სჭირდება."
ბ-ნი უონგი თავადაც კი გაკვრვებული ჩანს თავისი შემოსავლის მკვეთრი ზრდით და ღიმილით ამბობს: "ნივთებზე ჩემს გვარს რომ ვკითხულობ, თავი სიზმარში მგონია."
რუთ ლა ფერლა